მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრანტების შემცირება 2023 წლის ზრდაზე გავლენას რამდენად მოახდენს? - მინისტრების პასუხი

6368cdef2131e
ინგა მურუსიძე
07.11.22 13:34
655
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეფასებით, "ძალიან ბევრი ფაქტორია ისეთი, რაც წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს და არანაირ კავშირში არ არის მიგრაციასთან". ასე უპასუხა მინისტრმა ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე ითხვას, რომელიც წლევანდელ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასა და მიგრანტების გაზრდილ ნაკადს შორის კავშირს შეეხებოდა. "მიგრანტების ნაკადის შემცირება რამდენად მოახდენს გავლენას მომავალი წლის ეკონომიკურ ზრდის ტემპზე", - იკითხა ჟურნალისტმა.

„მე ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი არის ისეთი, რაც წელს საქართველოში განაპირობებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და რომელიც არანაირ კავშირში არ არის მიგრაციასთან; ვგულისხმობ ტურიზმის აღდგენა, რაც არის მაღალი, არა მხოლოდ რუსეთიდან და ბელორუსიდან, არამედ, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნიდან. ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში, გაორმაგებაც გვაქვს სახეზე.

ექსპორტიც დაგეგმილზე უფრო მეტად გაიზარდა; სხვა ფაქტორებიც არსებობს, რაც ამ მოვლენას უშუალოდ არ უკავშირდება, მაგალითად, საერთაშორისო გადაზიდვებში ზრდა, რაც განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ჩვენი პროგნოზი მომდევნო წელს არის 5%, რომელიც ბიუჯეტშია წარდგენილი. ვფიქრობთ, ეს არის საკმაოდ კონსერვატიული მაჩვენებელი, რადგან გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია.

ყველა გაურკვევლობა, მათ შორის გლობალურ ეკონომიკურ კონტექსტში, გვიბიძგებს იქით, რომ საკმაოდ კონსერვატიული ვიყოთ მომდევნო წლის ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით. ვიწყებთ 5%-იანი პროგნოზით და შევხედავთ მოვლენათა განვითარებას. ეს იქნება ჩვენი საბაზისო სცენარი, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, მაჩვენებელი გადაიხედება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

იმავე კითხვაზე პასუხად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა თქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა საქართველოს ეკონომიკაზე გარე ფაქტორების გავლენა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

„ძალიან რთულია, დღეს გავაკეთოთ ზუსტი პროგნოზი, თუმცა 2023 წლის ბიუჯეტი ცოტა უფრო მაღალ ზრდაზე გვაქვს დაგეგმილი. ჩვენი მოლოდინია, რომ შევძლებთ უფრო მაღალი ზრდის შენარჩუნებასაც, თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ, რომ რაც უფრო დრო გავა, ჩვენი პროგნოზები მით უფრო მეტად ზუსტი იქნება, გამომდინარე იქიდან, თუ როგორი იქნება საერთაშორისო ვითარება; ბევრი რამ არის გაურკვეველი, არ ვიცით, როგორი იქნება საერთაშორისო კონიუნქტურა, ბევრი რამ საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ შევძლოთ შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა და მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომ გამოვიყენოთ ის რესურსები და პოტენციალი, რომელიც ქვეყანას ექნება იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკაზე გარე ფაქტორების გავლენა მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.