მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიიღე სვანეთში მოგზაურობისგან ახალი გამოცდილება - GRETA სვანეთში ტურიზმის ახალ მიმართულებებს ავითარებს

63496f3d3c4f5
ანუკა ჯოხაძე
14.10.22 18:37
731
იმოგზაურე სვანეთში და მიიღე მოგზაურობისგან ახალი გამოცდილება - ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დაფინანსებით სვანეთის მაღალმთიან სოფლებში ტურისტული ინიციატივების მხარდაჭერა ხდება. ეს კი ის ინიციატივებია, რომლებიც სვანეთის რეგიონს იქ ჩასულ დამსვენებელს სრულიად ახალი კუთხიდან დაანახებს.

უშგულში გასტრო ტურიზმს ნანული ჭელიძე ავითარებს. ტურისტული ბიზნესი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა უშგულში ამ ამბის არც თუ ისე ბევრს სჯეროდა. აქცენტი ბუნებრივ გარემოზე გააკეთა. მალევე გაჩნდა მოთხოვნაც, რისთვისაც ვილა ლილეოს 4 ოთახი საკმარისი აღარ იყო.

“პირველად ტურისტების მასპინძლობა რომ გადავწყვიტე, დავიწყე ოთხი ოთახით, აქ ახლოს, საძმო სახლი გვაქვს და ოთხი ოთახი ფარდებით გავტიხრე. მიზანი მქონდა საწოლები ისე ჩამედგა, რომ სტუმრები მომეთავსებინა”, - გვიყვება სასტუმროს მფლობელი.

წლებმა და გამოცდილებამ თავისი ქნა - უშგულის თემში, ჟიბიანში “ვილა ლილეო” დღეს 22 ნომერს აერთიანებს. თუმცა რატიანების საოჯახო სასტუმრო იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ დასაბინავებელი ადგილი.

No description available.

"ვილა ლილეოს" დამფუძნებელს ტურისტულად ახალი პროდუქტის შექმნაში დონორი ორგანიზაციები დაეხმარნენ. ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით ნანულ ჭელიძე თავის ტურისტულ ბიზნესს ახალი მიმართულება მოუძებნა. ვილა ლილეოს სტუმრები აქ დამზადებულ კერძებს არა მხოლოდ აგემოვნებენ, არამედ თავადაც ამზადებენ. სწავლობენ და ჭიშდვარისა თუ თაშმიჯაბის აქაურ რეცეპტებს იწერენ.

“Მარკეტინგული თვალსაზრისით ასეთი ტიპის პროდუქტები და მომსახურებები აუცილებელია. მნიშვნელოვანია ნებისმიერი რეგიონისთვის, რომ აქ ჩამოსულმა ტურისტმა ოთხი სეზონის განმავლობაში ემოციების და გამოცდილების შეგროვებისას სიამოვნება მიიღოს“, - ამბობს პროექტის "GRETA" მარკეტინგის, მონიტორინგისა და შეფასების მენეჯერი თათა საყვარელიძე.

No description available.

მაღალმა მოთხოვნამ სამზარეულოს გაფართოების საჭიროება მოიტანა. ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით “ვილა ლილეოში” სადეგუსტაციო სივრცე მოეწყო და აღიჭურვა. დონორები მნიშვნელოვან აქცენტს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე და სამეწარმეო საქმიანობაში მათი როლის კიდევ უფრო მეტად გაზრდაზე აკეთებენ.

პროექტის ბენეფიციარებს შორის საგრანტო კომპონენტით 69 ქალმა ისარგებლა, საკონსულტაციო მომსახურება 9 ქალმა მეწარმემ მიიღო, ხოლო რაც შეეხება წარმოების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ტრენინგებს, ამ შემთხვევაში ტრენინგებში ჯამში 79 ქალი მეწარმე იყო ჩართული.

“ეს არის ადგილი, რომლის მონახულებასაც ვურჩევ ყველას, რადგან აქ გაქვს შესაძლებლობა ამ ადგილის უნიკალურობა შეიგრძნო. აქ მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა სრულ თანხვედრაშია. გაქვს შესაძლებლობა მოამზადო ნატურალური პროდუქტებისგან კერძი და შემდეგ უკვე დააგემოვნოთ”, - აცხადებს შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი.

სვანეთის სოფელ ლენჯერშიც ტურიზმი ახალი ვარიაციით ვითარდება. ფილფანების ოჯახში ტრადიციული სვანური მუსიკალური საკრავების დამზადება თაობიდან თაობას გადაეცემა. საქმე, რომელიც საუკუნეებმა შემოინახა დღესაც მომგებიანია. სვანურ ჩანგზე და ჭუნირზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ბაზრებიდან მოდის. ერთეული საკრავის ღირებულება კი მინიმუმ 200 ევროა.

“ინსტრუმენტის შეძენის სურვილი აქვს თითქმის ყველას. ამ წუთშიც, რომ გითხრათ, 10-20 ადამიანი ვიცი, ვინც ელოდება ჩემს გაკეთებულ ჩანგს და ჭუნირს.”-ამბობს ვახტანგ ფილფანი.

No description available.

საკრავების დამზადების მიღმა ფილფანების ოჯახი ფოლკლორული ტურიზმით არის დაკავებული. როგორც ევროპიდან ისე ამერიკიდან ლენჯერში ტურისტები სვანური ტრადიციული მუსიკის შესასწავლად ჩამოდიან.

ვახტანგ ფილფანი კი თავისი მეთოდებით სვანური მელოდიების ნიუანსებს მათ ასწავლის და თავისივე სასტუმროში აბინავებს. წლიდან წლამდე მოთხოვნის ზრდის პარალელურად ფილფანების სასტუმროც გაფართოვდა.

“ავსტრალიელები ჩემს ოჯახში მოვიდნენ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, თერთმეტჯერ სტუმრად. წელს მინიმუმ სამი ქვეყანიდან მყავდა მომღერალი ტურისტები. გადავწყვიტე გავფართოვდე და ამ წუთში მაქვს დაახლოებით 25 ადამიანის განთავსების ადგილი”, - ამბობს ვახტანგ ფილფანი.

No description available.

ვახტანგ ფილფანი ადგილობრივი მართვის ორგანიზაციის აქტიური წევრია და ხშირად მუშაობს დონორებთანაც. როგორც ამბობს, ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტ გრეტას მხრიდან გადაგმული ნაბიჯები სვანეთის რეგიონის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მათ შორისაა მოლაშქრეების გლობალური ღონისძიება ჰაილედერი, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ მეწარმეებს დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდათ და მათი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაც მოხდა.

“Ზაფხულის ტურისტული პროდუქტი, რომელიც შევქმენით და გახლავთ მოლაშქრეების ღონისძიება HIGHLANDER. ეს იყო მოლაშქრეებისთვის ძალიან საინტერესო საერთაშორისო ღონისძიება. ასევე არის ზამთრის ღონისძიებები, ისეთი როგორიც არის მაგალითად FREE RIDE, რომელიც უკვე ზამთრის პროდუქტია.

Ჩვენ გვაქვს მაქსიმალური აქცენტი გაკეთებული ოთხ სეზონზე, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ყველა სეზონზე არსებობდეს ტურისტული საერთაშორისო ღონისძიება.”-ამბობს პროექტის "GRETA" მარკეტინგის, მონიტორინგისა და შეფასების მენეჯერი თათა საყვარელიძე.

ცნობისთვის, პროექტი “GRETA”, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას. პროექტის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://gretaproject.ge/ka