მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიიღებს თუ არა საპენსიო გასაცემლების ტენდერში „ლიბერთი ბანკი“ მონაწილეობას? - ვასილ ხოდელის პასუხი

623db51b33482
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.22 16:35
2271
„ლიბერთი ბანკი“ საპენსიო გასაცემლებთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილეობის გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როცა ტენდერის პირობები ოფიციალურად გახდება ცნობილი. ამის შესახებ BM.GE-ს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განუცხადა.

„ჩვენ ველოდებით ტენდერის გამოცხადებას და შესაბამისად პირობებით, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დაიდოს. ამით შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება, საინტერესოა თუ არა. ადამიანების მომსახურება, ანუ საცალო ბიზნესი „ლიბერთისთვის“ საინტერესო მიმართულებაა და დრო აჩვენებს ეს იქნება კონტრაქტით, თუ კონტრაქტის გარეშე“, - განაცხადა ხოდელმა.

კითხვაზე, საზოგადოებისთვის ცნობილი სატენდერო პირობებიდან რა არ არის მისაღები ბანკისთვის, ვასილ ხოდელი ასე პასუხობს:

„გარკვეული პირობები, რაც გაცხადებულია ერთი ნაწილია, მეორეა, რაც ოფიციალურად უნდა დაიდოს, ამიტომ ვისურვებდი, რომ ეს პირობები ოფიციალურად დაიდოს. ვინაიდან ტენდერზეა საუბარი, ჩვენ ზოგადად  ტენდერში მონაწილეობის ინტერესს ვაცხადებთ, თუმცა გააჩნია პირობებს. თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჯერ საჯაროდ ამაზე საუბარს არ ვაპირებთ, რადგან ეს ჩვეულებრივი ტენდერია და მასში მონაწილეობით „ლიბერთის“ გარდა სხვაც შეიძლება იყოს დაინტერესებული. ვიტოვებთ უფლებას დეტალურად ამ საკითხზე არ ვისაუბროთ“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

როგორც ცნობილია, მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური საბჭოს გადაწყვეტილებით, ბანკი, რომელიც მომავალში პენსიებს და სოციალურ გასაცემლებს დაარიგებს, ამ დახმარებების ბენეფიციარებისთვის გაცემულ საპენსიო სესხებში განაკვეთს შეამცირებს. სესხის განაკვეთი რეფინანსირების პროცენტზე იქნება მიბმული და მასზე მაქსიმუმ 15%-ით მეტი შეიძლება იყოს.

ამასთანავე, მთავრობა კომერციულ ბანკს, რომელიც პენსიებს დაარიგებს,  ამ სერვისში დამატებით 15 მილიონ ლარს გადაუხდის.