მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკრობანკები ბაზარზე 2024 წლიდან გამოჩნდებიან - რა განასხვავებს მათ ბანკებისა და მისოებისგან?

640f10bf7aa35
ელენე გოგბერაშვილი
13.03.23 17:00
14311
2024 წლიდან ბაზარზე, ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტები, მიკრობანკები გაჩნდებიან. საკანონმდებლო ჩარჩო "მიკრობანკების შესახებ" უკვე მიღებულია და ეროვნულ ბანკს ახლა 1 ივლისამდე აქვს ვადა ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები გამოსცეს. კანონით, ეროვნულმა ბანკმა დაინტერესებულ პირისთვის მიკრობანკის ლიცენზია განაცხადის წარდგენიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

მიკრობანკები იქნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კომერციულ ბანკებს შორის მდგარი ფინანსური ინსტიტუტები. მათი ბიზნესმოდელი ეფუძნება სამეწარმეო საქმიანობიდან, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 70% უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან. მიკროსაფინანსოებისგან განსხვავებით, მიკრობანკებს დეპოზიტების მოზიდვა და ანგარიშების გახსნაც შეეძლებათ.

განსხვავებული იქნება მიკრობანკების მარეგულირებელი ჩარჩო. მაგალითად, თუკი კომერციული ბანკის ლიცენზიის მისაღებად 50 მილიონი ლარის კაპიტალის ფლობაა აუცილებელი, ხოლო მისო-სთვის კაპიტალის მოთხოვნა 1 მილიონი ლარია, მიკრობანკებს ლიცენზიის მისაღებად 10 მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალი დასჭირდებათ. ლიმიტირებულია მიკრობანკის მიერ გასაცემი სესხის მაქსიმალური ოდენობაც, რაც მაქსიმუმ 1 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მიღებას ვერ შეძლებენ ის ორგანიზაციები, რომელთაც აქტივები დაგირავებული აქვთ. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენის შემთხვევაში მას მიკრობანკის ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 წლისა არ უნდა ერიცხებოდეს დაგირავებული აქტივები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ მიკრობანკს, რომლის დაგირავებული აქტივების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი მიკრობანკის ლიცენზიის მიღების მომენტში 90%-ზე მეტია, მას დეპოზიტის მოზიდვის უფლება არ ექნება, რასაც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მოტივით ხსნის.

„მიკრობანკების ჩარჩო შედარებით შერბილებული ზედამხედველობით სარგებლობს, ვიდრე კომერციული ბანკის ჩარჩო. იქ ზედამხედველობა გაცილებით მკაცრია, თუმცა მისაღწევად, რომ ამით არ შეიქმნას რისკები როგორც საფინანსო სექტორში, ისე მომხმარებლებისთვის, დამზოგველებისთვის, დეპოზიტარებისთვის, არის შეზღუდვები ჩადებული. ეს შეზღუდვები ეხება მაგალითად, დეპოზიტის მაქსიმალურ ოდენობას, რაც არ უნდა აღემატებოდეს დეპოზიტების დაზღვევის ჩარჩოთი განსაზღვრულ ოდენობას.

ასევე გვაქვს სხვა შეზღუდვები, მაგალითად თუ მიკრობანკს ექნება გარკვეული აქტივების მოცულობა დაგირავებული, მას არ ექნება დეპოზიტების მოზიდვის უფლება. ეს მიზნად ისახავს იმას, რომ მიკრობანკის გაკოტრების შემთხვევაში დეპოზიტარს არ შეექმნას საფრთხე, რადგან ეს აქტივები გამოიყენება სხვა სესხის უზრუნველყოფად, შესაბამისად დეპოზიტარებისთვის შეიძლება აღარ დარჩეს აქტივი. აქედან გამომდინარე, ასეთ ორგანიზაციებს დეპოზიტის მიღების უფლება არ ექნებათ.

გარკვეულ გარდამავალ პერიოდსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, რა პერიოდშიც უნდა შემცირდეს დაგირავებული აქტივების მოცულობა, ამის შემდეგ ექნებათ უკვე მიკრობანკებს დეპოზიტების მოზიდვის საშუალება“,-განმარტავს BM.GE-სთან პაპუნა ლეჟავა.


მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ მიკრობანკებს მხოლოდ ლარში შეეძლებათ დაკრედიტება. კანონპროექტის პირველანდელი რედაქციით, 200,000 ლარს ზემოთ როგორც ბანკებს მიკრობანკებსაც ექნებოდათ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შესაძლებლობა, თუმცა ბოლო რედაქციაში ეს მუხლი შეიცვალა და მიკრობანკებს ეს უფლება არ ექნებათ. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამ ტიპის გადაწყვეტილებას ასე ხსნის.

„ჩვენი მიზანი იყო ორი: ერთი მხრივ ეს იყო თავად მომხმარებლების დაცვა, რადგან იმ სეგმენტს, რაზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მუშაობენ, ძირითადად შემოსავალი აქვთ ლარში, შესაბამისად ასეთ მომხმარებელზე უცხოური ვალუტის სესხის გაცემა და ვალუტის რისკის მსესხებელზე გადაცემა არ მიგვაჩნდა მიზანშეწონილად. მეორე მხრივ, დღეს მისოები სესხებს მხოლოდ ლარში გასცემენ და სავალუტო რისკების მართვა ახალი გამოწვევა იქნებოდა მათთვისაც. როგორც მინიმუმ საწყის ეტაპზე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ეს რისკები თავადაც მიკრობანკებს არ აეღოთ, თუმცა კანონპროექტის განხილვის პერიოდში მოხდა შეთანხმება სექტორთან ერთად გამომდინარე იქიდან, რომ უცხოური ვალუტით დაკრედიტების სეგმენტი არ არის მასშტაბური და მოცულობითი მიკრობანკებისთვის“,-აცხადებს პაპუნა ლეჟავა.

ფორმალური პროცესები არ დაწყებულა და ჯერ მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად სებისთვის არ მიუმართავთ, თუმცა როგორც ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, მიკრობანკის სტატუსის მიღებით დაახლოებით სამი ორგანიზაციაა დაინტერესებული, თუმცა პაპუნა ლეჟავა არ გამორიცხავს ამ ორგანიზაციებს სხვებიც დაემატონ, მათ შორის ახალი ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ბაზარზე არ არიან.

„მიკრობანკების შესახებ“ კანონი მიღებულია, თუმცა ეროვნულ ბანკს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოსაცემად დრო 2023 წლის 1 ივლისამდე აქვს.