24.იანვარი .2022 19:05

მიკრობანკების რეგულირების კანონპროექტი პარლამენტს გაზაფხულზე წარედგინება

მიკრობანკების რეგულირების კანონპროექტი პარლამენტს გაზაფხულზე წარედგინება
views 1073
უკან

მიკრობანკების რეგულირების კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ არის მომზადებული, მთავრობის მიერ პარლამენტს გაზაფხულის სესიაზე წარედგინება. ამის შესახებ bm.ge-ის სებ-ში განუცხადეს.

ახალი საკანონმდებლო ნორმის მიღების შემდეგ ქვეყანაში ახალი ტიპის საბანკო დაწესებულების - “მიკრობანკის” შექმნა იქნება შესაძლებელი.

უკვე ცნობილია ის მთავარი მოთხოვნები, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ან სულაც მესამე მხარემ მიკრობანკის სტატუსის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს. არსებული პროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ-ით განისაზღვრა, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. გარდა ამისა, მიკრობანკის სტატუსის მქონე ორგანიზაციებისთვის 100 ათასიდან 1 მლნ-მდე იზრდება სესხის გაცემის ლიმიტი, რაც მათ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შესაძლებლობას უჩენთ.

დღეისთვის ბაზარზე 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს, აქედან უკვე ცნობილია იმ მისო-ების ნაწილის შესახებ, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ სტატუსი შეიცვალონ. ერთ-ერთია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი", რომლის გენერალური დირექტორის თქმით, სესხის ლიმიტის ზრდისა და უცხოურ ვალუტაში დაკრეტიდების შესაძლებლობის გაჩენის გარდა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიკრობანკები დეპოზიტების მიღებას, ანგარიშების გახსნას და მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევასაც შეძლებენ, რა შესაძლებლობასაც დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოკლებული არიან.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის დაწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბანკებსა და მისო-ებს შორის ბაზარზე შუამავალი რგოლის გაჩენა კონკურენციას გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს.