მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიკროსაფინანასო ორგანიზაციებს მოზიდული სახსრები გაუძვირდებათ“ – MBC

624463fcaaacd
ბექა ბაციკაძე
31.03.22 09:00
1446
„მიკროსაფინანასო ორგანიზაციებს მოზიდული სახსრები გაუძვირდებათ“ - ასე ეხმაურება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC–ის დამფუძნებელი გია პეტრიაშვილი, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის 11%-მდე ზრდის თაობაზე.

პეტრიაშვილის თქმით, უარყოფითი მოლოდინები გაზრდილია და რუსეთის აგრესიამ და ომმა უკრაინაში გარემო კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახადა. ამის მიუხედავად, გია პეტრიაშვილს ჰქონდა მოლოდინი, რომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩებოდა, ან ზრდა მინიმალური იქნებოდა.

„0,5 პროცენტული პუნქტით ზრდა არის ძალიან სერიოზული და მკვეთრი ცვლილება, ეს რა თქმა უნდა მიკროსაფინანსოების ბაზარზე გამოიწვევს უარყოფით მოვლენებს“ - აცხადებს MBC–ის დამფუძნებელი.

გია პეტრიაშვილის განცხადებითვე, ეს არ ნიშნავს, რომ მიკროსაფინანსოების მსესხებლებსაც უძვირდებათ არსებული სესხები, რადგან საბანკო სექტორისგან განსხვავებით, მათ სექტორში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე სესხების მიბმა არ არის დამკვიდრებული პრაქტიკა.

„ეს აისახება მხოლოდ საფინანსო ორგანიზაციების მოგებიანობაზე, რაც ბოლო პერიოდში ისედაც მკვეთრად არის შემცირებული", - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 30 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პპ-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს. არასამთავრობო ორგანიზაცია, „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით კი 2022 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 191 800 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ჯამში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულია 8 554 მლნ ლარის მოცულობის სესხი. 191 800 ხელშეკრულებიდან 84 900 სამომხმარებლო ტიპის სესხია. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მარტის მდგომარეობთ 22.17% შეადგინა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 11 მაისს ჩატარდება