12.ივნისი .2020 13:19

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია VIVUS-ი იხურება

views 3217
უკან

ონლაინ-სესხების გამცემი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია VIVUS-ი იხურება, ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის შესახებ გამოქვეყნებული ჩანაწერიდან ხდება ცნობილი.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდება სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლითაც, VIVUS-ს, ანუ "4 ფინანსს" მისო-ს სტატუსი მიენიჭა.

ლატვიაში რეგისტრირებული ჯგუფი 4 Finance -ი საქართველოს ბაზარზე 2013 წელს შემოვიდა და მალევე ონალინ-სესხების ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დაიკავა. კომპანია თავდაპირველად, სხვა ონლაინ-სესხების პროვაიდერების მსგავსად შპს-ს სტატუსით საქმიანობდა, 2016 წლის 29 დეკემბერს კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი მიიღო.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2016 წელს ვივუსის შემოსავალი 81,88 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგება 40.6 მილიონი ლარი იყო. 2017 წელს კომპანიის შემოსავალი 30.9 მილიონ ლარამდე შემცირდა, ხოლო წმინდა მოგება კი 4.77 მილიონი ლარის ზარალით შეიცვალა. კომპანიას ზარალი ჰქონდა 2018 წელსაც და ის 19.9 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მისი შემოსავალი 29 მილიონი ლარი იყო. ზარალიანი იყო 2019 წელიც, როდესაც ვივუსის შემოსავალმა 3.6 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა ზარალმა 6.1 მილიონი ლარი შეადგინა.

დღეს საქართველოს ბაზარზე 42 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20 მისოს ლიკვიდაცია დაწყო. ბაზარზე ცვლილებები ძირითადად იმ რეგულაციებს უკავშირდებოდა, რომელთა დანერგვაც მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრით დაიწყო. 2017 წელს მაქსიმალური განაკვეთი 100%-ით განისაზღვრა, რაც მაშინ ონლაინ სესხების "საბაზრო" განაკვეთზე რამდენჯერმე დაბალი იყო. 2018 წელს კი საპროცენტო განაკვეთის ჭერი 50%-ით განისაზღვრა. 

2019 წელს მიკროსაფინანსო სექტორის ჯამური მოგება 278-ჯერ შემცირდა და მან მხოლოდ 112 ათასი ლარი შეადგინა. ზარალის ძირითადი მიზეზი ცალკეულ მიკროსაფინანსოებში არსებული მრავალმილიონიანი დანაკარგები გახდა. სექტორის წმინდა მოგება პიკურ მაჩვენებელზე 2016 წელს გავიდა და ის 151.8 მილიონ ლარს შეადგენდა. 2017 წლიდან კი მომგებიანობის ჯამური მაჩვენებელი დაღმავალია. 2020 წლის პირველ კვარტალში სექტორის ჯამური მოგება 18.5 მილიონ ლარს შეადგენდა.