მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსო სექტორის მთავარი სეგმენტი სალომბარდე სესხებია

60a13dd838450
შოთა ტყეშელაშვილი
16.05.21 19:25
808

გამოქვეყნდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 2021 წლის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიში. არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედი 39 მისოს მიერ გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 1.25 მილიარდ ლარს შეადგენს. ამ კრედიტებს შორის ყველაზე მსხვილი სეგმენტი სალომბარდე კატეგორიის სესხებია, რისი პორტფელიც 568 მილიონ ლარს შეადგენს. 

მთლიანობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 681,000 სესხი აქვთ გაცემული. ამასთან ერთი საშუალო კრედიტის მოცულობა 1,831 ლარს შეადგენს.  ამავე ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 23 მილიონის მოგება მიიღეს. 

სესხები კატეგორიების მიხედვით და მათგან მიღებული შემოსავლები ასე ნაწილდება:

  • სალომბარდე სესხი - 568 მილიონი ლარის პორტფელი, 485,000 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 14.5 მლნ ლარი;
  • სამომხმარებლო სესხი - 267 მილიონი ლარის პორტფელი, 53,700 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 32.9 მლნ ლარი; 
  • ვაჭრობის და მომსახურების სექტორზე გაცემული სესხები - 203.4 მილიონი ლარის პორტფელი, 36,500 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 11.5 მლნ ლარი; 
  • სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები - 106.8 მილიონი ლარის პორტფელი, 21,400 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 5.9 მლნ ლარი; 
  • განვადება - 49.2 მილიონი ლარის პორტფელი, 81,900 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 1.5 მლნ ლარი; 
  • სხვა კატეგორიის სესხები - 9.7 მილიონი ლარის პორტფელი, 833 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 0.9 მლნ ლარი; 
  • იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები - 42.4 მილიონი ლარის პორტფელი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 2.1 მლნ ლარი.
მთლიანობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გაცემული სესხებიდან პირველ კვარტალში 75.4 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს. არასაპროცენტო შემოსავლების მოცულობა კი 8.7 მილიონი ლარი იყო. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები 4,100 ადამიანს ასაქმებენ, პირველ კვარტალში სექტორში სულ 21.6 მილიონი ლარის ხელფასები გაიცა.

მიკროსაფინანსო სექტორის დაფინანსების ძირითადი წყარო ამ ორგანიზაციების მიერ ქართული ბანკებიდან და უცხოური IFI-ებიდან (საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან) მოზიდული სესხებია. მთლიანობაში სექტორის ვალდებულებები 959 მილიონ ლარს შეადგენს და ასე ნაწილდება:

უცხოური საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხები - 337 მილიონი ლარი;
ქართული ბანკებიდან მიღებული სესხები - 323.9 მილიონი ლარი;
რეზიდენტი ფიზიკური პირებისგან მიღებული სესხები - 191.4 მილიონი ლარი;
რეზიდენტი იურიდიული პირებისგან მიღებული სესხები - 31.7 მილიონი ლარი;
უცხოური ბანკებიდან მიღებული სესხები - 10.2 მილიონი ლარი;

ამ კრედიტების მომსახურებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა პირველ კვარტალში 21.9 მილიონი ლარი დახარჯეს. 

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის ყველაზე ფართო ქსელი "კრისტალს" აქვს, რომელიც 49 სერვის ცენტრით და 996 დასაქმებულით ოპერირებს. მეორე ადგილზეა მისო "რიკო ექსპრესი", რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 46 ფილიანი და 464 დასაქმებული ჰყავს, მესამეზე კი "სვის კაპიტალია", რომელიც 332 ადამიანს ასაქმებს და 19 ფილიალით ოპერირებს.