მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსო სექტორის წმინდა მოგება გაიზარდა და 13 მილიონს მიაღწია

5fbe1694a84fe
შოთა ტყეშელაშვილი
25.11.20 15:16
944
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. 2020 წლის 9 თვეში სექტორის ჯამური მოგება 12.7 მილიონი ლარია.

ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრიდან 16 კომპანია გავიდა, მათ შორისაა "ვივუსიც", რომელიც ონლაინ-სესხების პროვაიდერი იყო. ამჟამად ბაზარზე სულ 40 კომპანია საქმიანობს.

ეროვნული ბანკის თანახმად, წლიურ ჭრილში მისოების საპროცენტო შემოვალები 40 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 205 მილიონ ლარს შეადგენს. არასაპროცენტო შემოსავლებმა კი 33 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 16 მილიონით არის შემცირებული. თუმცა, გაუმჯობესებული საპროცენტო შემოსავლების შედეგად, მისო-ების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. სწორედ აქედან გამომდინარე წლიურ ჭრილში სექტორის მოგებაც გაზრდილია, რადგან 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით სექტორი ჯამურად 16.6-მილიონიან ზარალზე იყო. 

2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მისო-ების ჯამური აქტივების მოცულობა 1.39 მილიარდი ლარი იყო. მიკროსაფინანსო ბაზარი წმინდა მოგების პიკურ მაჩვენებელზე 2016 წელს გავიდა და ის 151.8 მილიონ ლარს შეადგენდა, 2017 წლიდან კი, მოგებიანობის ჯამური მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია.

მისო-ების საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან ყველაზე მეტი თანხა - 473 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებზე მოდის. მეორე ადგილზე 260 მილიონით სამომხმარებლო სესხებია, 199 მილიონით კი, მესამე ადგილზე ვაჭრობის ფინანსირებისთვის გამოყოფილი სესხებია, რომელთაც უმეტესად მცირე მეწარმეები იღებენ.

ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, სექტორი ჯამურად 4 ათას ადამიანს ასაქმებს.