მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდი წლის შავი ბრილიანტი 3,16 მილიონ ფუნტად გაიყიდა

6204c42adf873
თათია კაკიაშვილი
11.02.22 00:30
2128
მილიარდი წლის შავი ბრილიანტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ბრილიანტად ითვლება, 3,16 მილიონ ფუნტად გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, არსებობდა მოლოდინი, რომ 555,55-კარატიანი ძვირფასი ქვა, სახელად Enigma, რომელიც დაახლოებით ბანანის წონისაა, 4,4 მილიონ ფუნტზე მეტად გაიყიდებოდა. ძვირფასი ქვა სოტბის ონლაინ აუქციონზე გაიყიდა და, როგორც ცნობილი ხდება, მყიდველმა ის კრიპტოვალუტის გამოყენებით შეისყიდა.

მართალია, სოტბის აუქციონი მყიდველის ვინაობას არ ამჟღავნებდა, თუმცა აუქციონის შემდეგ კრიპტოვალუტის მეწარმე რიჩარდ ჰართმა სოციალურ მედიაში თავად დაწერა, რომ ის იყო Enigma-ს მფლობელი. მან 180 000-ზე მეტ Twitter-ის მიმდევარს უთხრა, რომ „როგორც კი შავი ბრილიანტის საფასურს სრულად გადაიხდის და დაისაკუთრებს, ძვირფას ქვას HEX.com ბრილიანტს დაარქმევს“, ანუ მის მიერ დაარსებული ბლოკჩეინის პლატფორმის სახელს.

ქვის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა თეორია არსებობს: ერთ-ერთის თანახმად, Enigma დედამიწაზე ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. ძვირფასი ქვა ბუნებრივი ალმასის ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა: ამ დრომდე ის აღმოჩენილია მხოლოდ ბრაზილიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. იმის გამო, რომ ქვა შეიცავს ოსბორნიტს, ანუ მინერალს, რომელიც მხოლოდ მეტეორებში გვხვდება, ითვლება, რომ Enigma კოსმოსიდან წარმოიქმნა.

თავად სოტბის აუქციონის ვებ-გვერდზე მილიარდი წლის შავი ბრილიანტი აღწერილია, როგორც "კაცობრიობისთვის ცნობილი ერთ-ერთი უიშვიათესი, მილიარდი წლის წინანდელი კოსმოსური საოცრება".