მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირას პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილსა და ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ

641845bd5e8f6
გიგა ბენია
20.03.23 15:39
574

მიმდინარე კვირას ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით მივა. ამის შესახებ ბოუროს სხდომაზე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში 24 მარტს წარდგება.

პრემიერთან ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გამართულიყო, თუმცა თურქეთში მისი ვიზიტის მიზეზით გადაიდო.

მთავრობის მეთაური პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს. მათ პრემიერ-მინისტრთან კითხვები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე აქვთ. კერძოდ, დეპუტატებს აინტერესებთ, რა ვითარებაა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის ერთი წლის თავზე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაში;

სად არის დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა, რომელზეც პრემიერი 2020 წლის პირობებში საუბრობდა და პარლამენტმა 2021 წლის რეზოლუციით დაავალა მას, რომ ეს წარმოედგინა.

რატომ არ აქვს საქართველოს დღემდე ჰიბრიდულ ომთან დაპირისპირების საერთო სტრატეგია.

ღარიბაშვილთან ერთად, დეპუტატების წინაშე მიმდინარე კვირას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი წარდგება, რომელსაც ასევე თვეებია ოპოზიცია ელის.

გარდა ამისა, მიმდინარე სასესიო კვირის სამშაბათს, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებები გაიმართება, რომლის შემდეგ დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონპროექტებს განიხილავენ.

ოთხშაბათს დეპუტატები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიურ ანგარიშსა და კომიტეტების ანგარიშებს მოისმენენ, ხუთშაბათს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წინაშე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარდგება.