მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირის (16-21.03.2020) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

5e778c7ecbbbb
ირაკლი მაკალათია
22.03.20 20:00
1365
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (16-21.03.2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. დახურული სავაჭრო ობიექტები და შეზღუდული სამუშაოები
2. მთავრობის ეკონომიკური სტიმულები და შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმები
3. ეკონომიკური ზარალის პროგნოზი და საერთაშორისო დახმარებები საქართველოს
4. გაუფასურებული ლარი - ლარის კურსის ახალი ანტირეკორდები
5. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა. საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით 117,300 სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შემცირდა
6. ამოქმედებული საშეღავათო პაკეტი და ავტომატურად დადებული ინკასო ტელევიზიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს
7. საქართველოს წარმატებები საერთაშორისო ინდექსებში: ,,Index of Economic Freedom’’ და „SME Policy Index - 2020“
8. საქართველოში პირბადეების ადგილობრივი წარმოება იწყება
9. ორშაბათიდან მთავრობა 9 პროდუქტზე სუბსიდიის სქემას აამოქმედებს
10. წინასწარი მონაცემებით 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.1% შეადგინა

1. დახურული სავაჭრო ობიექტები, შეზღუდული სამსახურები და დისტანციური მუშაობის რეჟიმი

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, მეორე ეტაპი წარმოადგენს შიდა გავრცელების თავიდან აცილებას. რის გამოც გადაწყვეტილება მიიღებულია, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებებისა იხურება და შეძლების მიხედვით გადადიან დისტანციურ მუშაობაზე. ამასთან, სებ-ი ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სავალუტო ჯიხურებს რეკომენდაციას აძევს, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტების შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გამონაკლისი იქნება სამშენებლო სამუშაოები, რომელთა შეზღუდვასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ იძლევიან. https://bit.ly/3acZFmm

ბიზნეს გაერთიანება "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" საგანგებო განცხადებას ავრცელებს: რა უნდა იცოდეს ბიზნესმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ, ეს ეხება: ფორს მაჟორს, საგანგებო მდგომარეობას ბიზნესისთვის, შრომითი ურთიერთობებს არსებულ ვითარებაში, ხელშეკრულების შეუსრულებლობას. (სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ https://bit.ly/2UaU5M4)

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება.

2. მთავრობის ეკონომიკური სტიმულები და შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გაიმართა, სადაც დავალებები ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მიიღეს. რომელთა მთავარ მიზანს ,,ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ლოკალიზაცია და საკუთარი, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოების განვითარება’’ წარმოადგენს. ფინანსთა სამინისტრო მაკროეკონომიკური სტიმულირების პაკეტის წარდგენას ანონსებს და ამავე დროს საქართველო IMF-თან მიმდინარე პროგრამის გაზრდასაც გეგმავს. მთავრობას წარდგენილი აქვს 6 პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა, რომლის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი უნდა გაჩნდეს. https://bit.ly/2Ucnq8S სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო ქვეყნების ანტიკრიზისული გეგმები https://bit.ly/3bghRvB

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით იჯარისგან თავისუფლდება 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო დანიშნულებისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული. შეღავათი ვრცელდება მარტის, აპრილის და მაისის თვეებში.

მთავრობის ადმინისტრაციის სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით მუნიციპალიტეტებს რეკომენდაცია მიეცათ, არ გადაახდევინონ სავაჭრო ობიექტებს იჯარა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით რეგიონში ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა.

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ იმპორტის დღგ-ს გადახდის არსებული პროცედურები გადაიხედოს.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას ეკონომიკის სტიმულირების გეგმაში შესწორებებს სთავაზობს (ICC-Georgia) და რეკომენდაციებს აძლევს ტურიზმის, სასტუმროებისა და საბანკო სექტორის მიმართულებით. https://bit.ly/2Uw5xR6

ნიკა გილაურმა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად, მის მიერ დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის მიერ მომზადებული ანალიზი გამოაქვეყნა და მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინა. რომელიც შოკის გავლენის მინიმიზაციას და საშუალოვადიან პერიოდში რეგიონულ ეკონომიკაში საქართველოს როლის ზრდას წარმაოდგენს. https://bit.ly/33NJOZr

3. ეკონომიკური ზარალის პროგნოზი და საერთაშორისო დახმარებები საქართველოს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმ კობა გვენეტაძემ გადაცემა “საქმიან დილის” ეთერში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა. მისი განცხადებით ეკონომიკურ სექტორებში ელოდებიან შემოსავლების შემცირებას, ქართულ ექსპორტზე მოთხოვნის კლებას, თუმცა იმპორტზე შემცირებული მოთხოვნა დააბალანსებს მდგომარეობას. საფინანსო სისტემაზე საუბრისას აღნიშნა რომ საბანკო სისტემაში უმოქმედო სესხები არის ისტორიულად დაბალ დონეზე, რაც კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარებათ. მიზნობრივი ინფლაცია კვლავ 3%-ზე რჩება, ხოლო აპრილში გადაწყვეტილებას მიიღებენ აწიონ თუ არა რეფინანსირების განაკვეთი. (სრულად ინტერვიუ კობა გვენეტაძესთან https://bit.ly/2xRkaqu)

რაც შეეხება საერთაშორისო დახმარებებს, საუბარია მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარებებზე, რომელსაც გამოყოფენ: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ასევე შედარებით მცირე სხვა ორგანიზაციები.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მისი ბენეფიციარი ქვეყნებისთვის 1 მილიარდ ევროს დახმარების პაკეტს გამოყოფს, განსაკუთრებულ აქცენტს კი კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე აკეთებს. https://bit.ly/3bhQn92

აშშ-ს საელჩო საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად $500-დან $5 000-მდე მოცულობის საგრანტო კონკურსს აცხადებს. https://bit.ly/2xiCqIZ

4. გაუფასურებული ლარი - ლარის კურსის ახალი ანტირეკორდები

ლარი გაუფასურებას განაგრძობს და ახალ ანტირეკორდებს ამყარებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს, მისი თქმით ის გლობალური მოვლენა, რაც მიმდინარეობს, არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ სხვა ქვეყნებზეც აისახა, ჩვენს მეზობელ პარტნიორებში ასევე უფასურდება ვალუტები", დადებითაც აფასებს დედოლარიზაციის შემცირების ღონისძიებებს და აღნიშნავს, რომ 15–16%–ით ნაკლებ მსესხებელს აქვს აღებული სესხი უცხოურ ვალუტაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის გაცილებით ადვილია ამ სირთულესთან გამკლავება. https://bit.ly/2QyF18r

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით ლარის ქცევა არის კრიტიკულ სიტუაციაში და გამომდინარე, რომ მცოცავი კურსია ქვეყანაში პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

ლარის გამყარების მიზნით ეროვნულმა ბანკმა წელს რიგით მეორე ინტერვენცია განახორციელა, 19 მარტს 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, პირველი ინტერვენცია კი 13 მარტს განახორციელა და მაშინ 20 მლნ აშშ დოლარი გაიტანა სავალუტო აუქციონზე. https://bit.ly/2UmGGPK

5. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა - საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით 117,300 სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 9,0%-ზე დატოვა.

"იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს, ხოლო თუ საგარეო და შიდა მოთხოვნის შემცირება იმდენად ძლიერი და გრძელვადიანი იქნება, რომ, კურსის გაუფასურების მიუხედავად, ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის, ეროვნული ბანკი მზად იქნება დაიწყოს მონეტარული პოლიტიკის შერბილება".  https://bit.ly/3acwyzB

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები"-ს მიმოხილვით, რეფინანსირების განაკვეთის უცლელად დატოვების პირობებში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 117 300 სესხზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდება. 1 იანვრიდან 1 თებერვლამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 1200-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6147.77 მილიონიდან 6195.48 მილიონ ლარამდე. „საზოგადოება და ბანკების“ ანალიზით, ინფლაციური რისკების, გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურებისა და ბაზარზე გაზრდილი გაურკვევლობის პირობებში მოსალოდნელი იყო, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ შეარბილებდა. https://bit.ly/2xcEtP5

"ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელის განცხადებით, 70 და მეტი ასაკის ადამიანებს 23 მარტიდან აპრილის თვის პენსიებს წინასწარ ჩაერიცხებათ. https://bit.ly/2WyvrGA

"ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში შესული ცვლილებებს შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიაში https://bit.ly/2QBMp3f

6. ამოქმედებული საშეღავათო პაკეტი და ავტომატურად დადებული ინკასო ტელევიზიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს

16 მარტიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებული გადამხდელებისათვის გადასახადის გადავადების საშეღავათო პირობები ამოქმედდა. შემსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ "საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება 4 თვით მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. კერძოდ, განთავსების ობიექტებზე (სასტუმრო, ჰოსტელი, გესტჰაუსი და სხვა განთავსების ადგილები) ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვა". შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს.
თუმცა Facebook-ში ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები წერდნენ, რომ შემოსავლების სამსახურმა მათ ანგარიშებს ინკასო დაადო. ინკასო დაედოთ "TV პირველს" და "მთავარ არხს".

მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საშეღავათო პაკეტი ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორზე ამოქმედდა და შესაბამისად ტელევიზიებსა და სხვა ნებისმიერ კომპანიებზე ინკასოს დადება მოხდა ავტომატურად. ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ ისარგებლონ შეღავათით შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენით და დასტურის მიღების შემდეგ. 16 მარტიდან შესაბამისი განცხადებით შემოსავლების სამსახურს უკვე მომართა 400-ზე მეტმა გადამხდელმა, რომელთა მიმართ დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3bhApLW https://bit.ly/2QxAy64 https://bit.ly/2WFHmTf

7. საქართველოს წარმატებები საერთაშორისო ინდექსებში: "Index of Economic Freedom" და "SME Policy Index - 2020"

Heritage Foundation "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი"-ს 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ 77.1 ქულა აიღო, რაც ისტორიულად მაქსიმალური მაჩვენებელია და "უმეტესად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფში იმყოფება. საქართველომ ამ შედეგით მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა, წინა წელთან შედარებით მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით, ხოლო ევროპის რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა. https://bit.ly/3bfvTO1

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის მიხედვით "SME Policy Index - 2020"-ში საქართველომ რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკა საუკეთესოდ დასახელდა. "რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის". https://bit.ly/3bdI5Pp

8. საქართველოში პირბადეების ადგილობრივი წარმოება იწყება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და კერძო ბიზნესის ჩართულობით, საქართველოში პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა შევიმუშავდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში პირბადეების დამზადება იწყება. პროგრამაში ჩართულია 10-მდე სამკერვალო საწარმო, ხოლო "აჭარა ტექსტილი" არის პირველი საწარმო, რომელმაც დაიწყო პირბადეების წარმოება და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გამოთქვა სურვილი წარმოებული პირბადებიის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. "აჭარა ტექსტილის" ფინანსურმა დირექტორის გია ლომინაძის განცხადებით, საწარმო ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობს, პირველ ეტაპზე გეგმაშია 500 000 ცალი პირბადის წარმოება, რომელი შესაძლოა მომდევნო ეტაპზე გაიზარდოს.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/33GCHld; https://bit.ly/2U7WHKw

9. ორშაბათიდან მთავრობა 9 პროდუქტზე სუბსიდიის სქემას აამოქმედებს

მთავრობა ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას სუბსიდირების პროგრამით აპირებს. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი, რძის ფხვნილი. რაც შეეხება სუბსიდირების პროგრამას, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ეს პროდუქტები ძირითადად იმპორტირებულია, მთავრობა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის მსხვილ იმპორტიორებს კურსთა შორის სხვაობას დაუფარავს. იმ კონკრეტულ დღეს, როცა იმპორტიორი შეიძენს პროდუქტს, კურსი დაფიქსირდება 3 ლარზე. ხოლო 3 ლარზე ზემოთ ნამატს იმპორტიორს სახელმწიფო გადაუხდის. მაგ; თუ კურსი იქნა 3.15 ლარი, 15-თეთრიან ფასნამატს ჩვენ მთავრობა გადაუხდის. ანგარიშსწორება მოხდება მას შემდეგ, რაც პროდუქტს შემოიტანენ, განაბაჟებენ და ყველა საბუთი იქნება მიკვლევადი. ამ ცხრა პროდუქტის სუბსიდირება მთავრობას თვიურად, დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაუჯდება. https://bit.ly/3a9YXXj

რაც შეეხება პროდუქტების მარაგს ქვეყანაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ყველანაირი აჟიოტაჟი პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო და მას საფუძველი არ გააჩნია, რადგან მარაგები ადგილზე არის საკმარისი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გემები, რომლებიც სურსათით არის დატვირთული და ქვეყანაში შემოსულია, მალე ჩამოიცლება და ბაზარს მიეწოდება, ამიტომ ფასის ზრდის და დეფიციტის არანაირი საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს. პროდუქტით დატვირთული 1000 მანქანა ლარსზე დგას, რომელთა შემოსვლა კლიმატური პირობების გამო ჯერ-ჯერობით ვერ ხდება, თუმცა ამინდის გამოსწორებისა და გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მალე შემოვლენ ქვეყანაში.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2xcldBg; https://bit.ly/3a8CyJW

10. წინასწარი მონაცემებით 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.1% შეადგინა

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2019 წელს 5.1% შეადგინა, 2018 წელს კი ეკონომიკური ზრდა 4.8%-ს შეადგენდა.

მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 50.0 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მშპ მუდმივ 2015 წლის ფასებში 40.4 მილიარდი ლარი. მშპ ერთ მოსახლეზე 4 763.5 აშშ დოლარი იყო.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია (15.2%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (9.6%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.9%), განათლება (8.8%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8%), ტრანსპორტი და დასაწყობება (7.4%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (6.1%).

კლება აღინიშნა სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების სექტორში (-2.7%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში (-2.1%).

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/3djK5r4