მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირის (19-24 ოქტომბერი 2020) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

5f958dd194694
ირაკლი მაკალათია
25.10.20 18:33
885
1. საქართველოს ეროვნული ბანკის მორიგი ინტერვენცია - სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
2. პრემიერ მინისტრის შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან
3. ექსპორტის მოცულობა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.1%-ით შემცირდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 2.8%-ით გაიზარდა
4. რა პროგრამებს გეგმავს მთავრობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით
5. რა მიმართულებით განახლდება პირდაპირი ფრენები 2020 წლის 1 ნოემბრიდან
6. 2020 წლის 9 თვეში ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს მოცულობა 294.6 მილიონი ლარით ხოლო საშემოსავლო გადასახადი 133.6 მილიონი ლარით შემცირდა
7. აჭარის მთავრობა covid-სასტუმროების დაქირავებაზე დამატებით600 000 ლარს დახარჯავს
8. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქართული კომერციული ბანკების ზარალმა 252 მილიონი ლარი შეადგინა
9. როგორ იმუშავა სახელმწიფო პროგრამამ - "იმუშავე საქართველოდან"
10. ,,საქართველოს ბანკის’’ დაყაჩაღება და ახალი დაცვის სისტემის დანერგვა


1. საქართველოს ეროვნული ბანკის მორიგი ინტერვენცია - სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, 19 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 2020 წლის განმავლობაში ჯამში ეროვნულმა ბანკმა 18 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და 569.65 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. მიუხედავად ამისა ლარის გაუფასურების ტემპი მაინც გაგრძელდა.

ინტერვენციებისა და ინტერვენციების შედეგების სრული სტატისტიკა იხილეთ სტატიაში: https://bit.ly/3mxyNDJ


2. პრემიერ მინისტრის შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან

20 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა ორი მიმართულებით წარიმართა - სახელმწიფოს მხარდაჭერის და ბიზნესის პასუხისმგებლობის შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა - "პრემიერი გავამხნევეთ, თუმცა გვითხრა, რომ მხნედ არის და ფორმაში, ეს კი ჩვენთვის ძალიან ღირებული იყო", მისი განცხადებით ბიზნესის ზოგადი განწყობა ნორმალური და პოზიტიურია. პრემიერ მინისტრის განცხადებით: სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს ქვეყანაში არ იქნება, მოქმედების სტრატეგია იქნება ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს. პრემიერის განცხადებით თუ ქვეყანაში შემოსულ ინვესტიციას რაიმე სახის ბიუროკრატიული პრობლემა შეექმნა, პირადად ჩაერევა და ბიზნესს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მსხვილი დამსაქმებლების შემდეგ პრემიერი ბიზნესასოციაციებს შეხვდა, სადაც მიწვეულნი იყვნენ: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია, დისტრიბუტორთა ასოციაცია, საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო და ა.შ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) უმსხვილესი ბიზნესების განწყობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მეტად ხელის შემშლელად კერძო სექტორი შემდეგ 4 ფაქტორს ასახელებს: 1) პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე; 2) სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები; 3) სპეციალისტების ნაკლებობა; 4) შეზღუდული ფინანსური რესურსები. (ვრცლად კვლევის შედეგების შესახებ https://bit.ly/31Gy1Mn)
ვრცლად თემის შესახებ: https://bit.ly/2HzJdmK; https://bit.ly/3dTDSCW
;


3. ექსპორტის მოცულობა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.1%-ით შემცირდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 2.8%-ით გაიზარდა

2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა და 1 720.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვყნებია: ჩინეთი (343.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (280.1 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (228.3 მლნ. აშშ დოლარი). სასაქონლო ჯგუფის მიხედვით, პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები (31,5%), მეორე ადგილზე ფეროშენადნობები (10,4%), ხოლო მესამეზე ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომელსაც მთლიან ექსპორტში 8,3% უჭირავს.

ვრცლად ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკის შესახებ: https://bit.ly/2HBKxpy


4. რა პროგრამებს გეგმავს მთავრობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დადებითად შეაფასა სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა, ამასთან დაანონსა, რომ მომდევნო პერიოდში მთავრობა 82,000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო კულტურას დააფინანსებს, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. მინისტრის განცხადებით ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება, შედეგად 4 წელიწადში 1 200 ჰა ფართობზე არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტირება მოხდება. რაც სეეხება ერთწლოვან სასოფლო-სამეურნე კულტურებს, პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200 მილიონი ლარის ოდენობით აგროკრედიტი გაიცემა, სახელმწიფო გაცემული კრედიტების პროცენტს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს. რაც შეეხება რთველს 2020 წლის რთველში ყურძნის ჯამური საპროგნოზო მოსავალი 300,000 ტონამდეა. რთველს მთავრობა 50 მილიონი ლარით აფინანსებდა, სადაც წარმოდგენილი იყო ორი სახელმწიფო კომპანია, რომლებიც შეისყიდიან ჭარბ მოსავალს. თუმცა სახელმწიფო კომპანია ,,აკურას’’ მიერ შესყიდვის განაცხადის საფუძველზე მთავრობა დამატებით 10 მილიონი ლარის ყურძნის შესყიდვასაც გეგმავს

ვრცლად აღნიშნულ თემებზე: https://bit.ly/3dSO8vo; https://bit.ly/31BU2vS; https://bit.ly/34rf562


5. რა მიმართულებით განახლდება პირდაპირი ფრენები 2020 წლის 1 ნოემბრიდან

"სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" ინფორმაციით, 2020 წლის 1 ნოემბრიდან თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან შეზღუდვები იხსნება შემდეგ საერთაშორისო რეისებზე, თბილისიდან: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, მილანი, ხოლო ქუთაისიდან: კატოვიცე, ვილნიუსი და დორტმუნდი. ამირან გამყრელიძის შეფასებით, ,,ახალი ავიამიმართულებების დამატება ეპიდემიოლოგიურ სურათს ვერ შეცვლის”, მისი თქმით შემოდგომაზე ახალი სლოგანი გვაქვს - ისწავლე თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ თანდათან ნორმალური ცხოვრების რიტმს უნდა დავუბრუნდეთ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით უახლოეს მომავალში, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, ქვეყანაში შემოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური „პისიარ ტესტებით“ სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე. მისი განცხადებით ყველა სიფრთხილის ზომის გათვალისწინებით ფრენები ეტაპობრივად გაიხსნება მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.
ვრცლად პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ: https://bit.ly/3opYGGX

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3om0elr; https://bit.ly/3opZgED;

6. 2020 წლის 9 თვეში ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს მოცულობა 294.6 მილიონი ლარით ხოლო საშემოსავლო გადასახადი 133.6 მილიონი ლარით შემცირდა

2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით შემცირდა და 2.79 მილიარდი ლარი შეადგინა. საშემოსავლო გადასახადის მოცულობა კი 133.6 მლნ ლარით შემცირდა და 2.22 მილიარდი ლარი შეადგინა, დღგ-ს შემცირება ეკონომიკური აქტივობის კლების მანიშნებელია, ხოლო საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირება ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილების შემცირებასთან ერთად შემცირდა გაცემული ხელფასების მოცულობაც, საშემოსავლო გადასახადის კლების ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფო შეღავათია, რაც გულისხმობს 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან სრულად, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასების ნაწილობრივ გათავისუფლებას. აღნიშნულ პერიოდში გაზრდილია მოგებისა და აქციზის გადასახადის მოცულობები. მოგების გადასახადის წინა წელთან შედარებით 70.3 მილიონით, ხოლო აქციზის გადასახადიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი 80.3 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/34p6eSC

7. აჭარის მთავრობა covid-სასტუმროების დაქირავებაზე დამატებით600 000 ლარს დახარჯავს

კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო, საკარანტინე სივრცის გაზრდის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სასტუმროების დაქირავებაზე დამატებით 664 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, ხოლო სასტუმრო მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით მოხდება. რაც შეეხება საკარანტინე სასტუმროების მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს, ამ დრომდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს საკარანტინედ სასტუმრო მომსახურების შესყიდვაზე 50 მილიონ ლარზე მეტი აქვთ დახარჯული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/37HVocj


8. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქართული კომერციული ბანკების ზარალმა 252 მილიონი ლარი შეადგინა

ეროვნულ ბანკის მონაცემებით 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 252 მილიონიანი ზარალი განიცადეს, არსებული ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მხრიდან "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარის დარეზერვება გახლდათ. აღნიშნული დარეზერვება სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს. ამასთან, 2020 წლის 9 თვეში საპროცენტო შემოსავლების სახით ბანკებმა 2.9 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია. დარეზერვების გარდა, ბანკებს საპროცენტო ხარჯებიც გაეზარდათ, შედეგად დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯი 184 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/31FLHrf


9. როგორ იმუშავა სახელმწიფო პროგრამამ - "იმუშავე საქართველოდან"

პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ 27 აგვისტოს დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე 1,000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა, ხოლო პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 166 პირი. პროგრამით მოსარგებლე ადამიანებს მინიმუმ 180 დღის განმავლობაში შეუძლიათ საქართველოდან საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება. ქვეყანაში შემოსული პირები შემდეგი ქვეყნებიდან არიან: აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, ახალი ზელანდია, კანადა და ა.შ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3oxqDNt


10. ,,საქართველოს ბანკის’’ დაყაჩაღება და ახალი დაცვის სისტემის დანერგვა

კრიმინალური ფაქტი მოხდა 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში დაუდგენელი პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლად 43 მოქალაქე აიყვანა და სანაცვლოდ, ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. მძარცველმა დღის განმავლობაში მძევლების უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გაათავისუფლა. მძევლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა, შემდეგ ყველა მძევალი გაანთავისუფლა და თავად მიიმალა. შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით თანხა, რომელიც გამტაცებელს გადასცეს „საქართველოს ბანკის“ იყო და ბიუჯეტის თანხის გადაცემა არ მომხდარა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილი და იდენტიფიცირებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება.

თავის მხრივ "საქართველოს ბანკი" მთელ ქსელში დაცვის სისტემას აძლიერებს, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dUXiaE; https://bit.ly/2FYgKa3; https://bit.ly/35pOxRW