მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირის (23-28.03.2020) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

5e809191edc92
ირაკლი მაკალათია
29.03.20 16:25
1588


1. ოპოზიციისა და კვლევითი ორგანიზაციების ეკონომიკური პროგნოზები და ანტიკრიზისული რჩევები მთავრობას
2. რა შეზღუდვები დაწესდა მარნეულსა და ბოლნისში
3. რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო ადგილობრივ წარმოებას, ბიზნესსა და მოსახლეობას
4. ლარის კურსი და ეროვნული ბანკის ინტერვენციები
5. Stopcov - სპეციალური ფონდი
6. რა ვალდებულებები აქვთ სურსათის მწარმოებელ ობიექტებს და მიტანის სერვისის კომპანიებს
7. შესაძენი სწრაფი ტესტები და პირბადეების წარმოება
8. საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთების ფასზე ჭერი წესდება
9. 9 ძირითად სასურსათო პროდუქტის ფასის შესანარჩუნებლად, მთავრობა 10 მილიონს დახარჯავს
10. ჰაკათონი - კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში ონლაინ ჰაკათონი იწყება


1. ოპოზიციისა და კვლევითი ორგანიზაციების ეკონომიკური პროგნოზები და ანტიკრიზისული რჩევები მთავრობას
Galt & Taggart-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძის მიერ "საქმიანი დილისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანა პანდემიას შეძლებისდაგვარად მომზადებული შეხვდა. მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის მობილიზება ძალიან სწრაფად მოხდა. კლებას ვარაუდობს ფულადი გადმორიცხვებსა და ექსპორტში. თუ მიმდინარე პროცესების კონტროლი მოხდა შემოდგომამდე ეკონომიკის მცირედ ზრდასაც უნდა ველოდოთ. Galt & Taggart-ი კორონავირუსის მიერ საქართველოს ეკონომიკაზე ზემოქმედების მასშტაბის სამ სხვადასხვა სცენარს - ოპტიმისტურს; შუალედურსა და პესიმისტურ სცენარებს განიხილავს https://bit.ly/2wLLBBR.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოთვლებით, 2020 წელს საქართველოს საბაზისო მშპ-ის ზრდა ვირუსის შედეგად შეიძლება 4.2 პროცენტული პუნქტით შემცირდეს. კვლევაში განხილულია ტურიზმის სფეროს პერსპექტივები და სახელმწიფოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა. https://bit.ly/3auXXwQ

საინვესტიციო ბანკმა Renaissance Capital-ის მიმოხილვა ძირითადად ეხება ტურიზმის სექტორს, სადაც არსებული ჩავარდნის ივნისამდე გაგრძელებდა და 2020 წლის მესამე კვარტლიდან ამ მიმართულებით შედარებით გაუმჯობესებას ითვალისწინებს. დადებითად აფასებს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას და ყოველთვიურად, დაახლოებით, $80 მილიონის მოცულობის სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას მოელის. https://bit.ly/2Jp21CU

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" 6 მილიარდ ლარიანი ანტიკრიზისული მოდელი წარადგინა, რომელიც გულისხმობს შემდეგს: 3 მილიარდი ლარის ოდენობის საგარანტიო ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად; 1 მილიარდ ლარიანი სოციალური დახმარების ფონდი; 1 მილიარდი ლარი ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის; 1 მილიარდ ლარიანი ფონდი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. https://bit.ly/3arQheX

პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველო”-ს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით მომდევნო 4 თვის განმავლობაში უნდა შემცირდეს საშემოსავალო გადასახადი, ასევე 25%-ით შემცირდეს აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე. საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის გადაცემა დასაქმებულებისთვის და მეწარმეებისთვის. სახელმწიფოს ერთჯერადი 200 ლარიანი მიზნობრივი დახმარებების გაცემა; ფინანსური და სავალუტო სტაბილურობისთვის სამიზნედ 2 მლრდ დოლარის მოზიდვა. https://bit.ly/344rUlj

ნიკა გილაურმა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად, მის მიერ დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის მიერ მომზადებული ანალიზი გამოაქვეყნა და მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინა. რომელიც შოკის გავლენის მინიმიზაციას და საშუალოვადიან პერიოდში რეგიონულ ეკონომიკაში საქართველოს როლის ზრდას წარმაოდგენს. https://bit.ly/2w07YmU

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 5 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის, ვიდრე ეს ჩანს. https://bit.ly/2UqCGPp

ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ (EBA) ქართულ ბიზნეს გარემოზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად წევრ კომპანიებში კვლევა აწარმოა. გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ მათ ბიზნესზე COVID 19-ისა და შესაბამისი საკონტროლო და პრევენციული ზომების გავლენა არის მაღალი, ხოლო გამოკითხულთა 33%-ის ვარაუდით, აღნიშნულის გამო მათი კომპანიის შემოსავლები (2020 წლის პირველ ნახევარში) 20%-ზე მეტით შემცირდება. სრულად კვლევის შესახებ იხილეთ https://bit.ly/2wzgBFn

საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოს 45 მილიონ ევროს გამოუყოფს. ხოლო აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა.


2. რა შეზღუდვები დაწესდა მარნეულსა და ბოლნისში

მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინე ზონად გამოცხადების შემდეგ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია, მხოლოდ სატრანზიტო მოძრაობაა დაშვებული. ასევე შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. კარანტინის ზონაში, მარნეულში 150-ადგილიანი საველე ჰოსპიტალი მოეწყობა. ის ადამიანები, ვინც მარნეულსა და ბოლნისში არ ცხოვრობენ, მაგრამ კარანტინში მოხვდნენ, ორი კვირა ადგილზე დარჩებიან. შექმნილია 10 ჯგუფი, რომელშიც შედიან მოხალისეები და თითო ექიმი ყველა ჯგუფში. რომლებიც შედიან ოჯახებში და ამოწმებენ თითოეულ ადამიანს. თავდაპირველად კი შემოწმება იწყება იმ უბნებიდან სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი საშიშროება დგას. ასევე შექმნილია 40-მდე მოხალისეთა რომლებიც სოციალურად დაუცველებს მიაწვდიან სურსათსა და დაეხმარებიან აუცილებელი საჭიროებებით.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის პერიოდში ჩერდება ყველანაირი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო უსაფრთხოებასთან და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან. მუშაობას აგრძელებენ საწარმოები, რომლებიც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან, ასევე წიაღის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი საწარმოები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ვასილ ბასილაძის თქმით მარნეულსა და ბოლნისში სურსათის შეტანა და გამოტანა ყველა წესის დაცვის შესაბამისად ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ დადასტურებულა სურსათით ვირუსის გადაცემის ფაქტი ან შესაძლებლობა, სურსათი წესების შესაბამისად მუშავდება.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/33Q9i8r ; https://bit.ly/2JoKTgN  ; https://bit.ly/2UqIicD  

3. რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო ადგილობრივ წარმოებას, ბიზნესსა და მოსახლეობას
საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და გააზრებული. მისი განცხადებით მთავრობას მუდმივი დიალოგი აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან და მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებთან.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით სახელმწიფომ უკვე აამოქმედა კრიზისული წარმოება: პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანების წარმოება. მომდევნო ნაბიჯი კი იქნება იმპორტის ჩამნაცვლებელი კვების ინდუსტრიის განვითარება. ასევე აქცენტი გაკეთდება საექსპორტო წარმოებაზე. მინისტრის განცხადებით, მთავრობა მუშაობს კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შერბილების ღონისძიებებზე, მუშაობენ ბიზნესისთვის გადასახადების სხვადასხვა წნეხის შერბილებაზე. სახელმწიფოს დახმარების პროგრმა ორი მიმართულებით იმუშავებს: პირველი ეს არის ბიზნესის დახმარება, რომ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და მეორე, დაეხმარონ უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს.

საქმიანი დილის ეთერში სააგენტო “აწარმოე საქართველოს” ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელის განცხადებით ამოქმედდა საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროების დახმარების პროგრამა. 6 თვის განმავლობაში სააგენტო მოახდენს მათი საბანკო პროცენტის თანადაფინანსებას, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება ლარში იქნება 80%, ხოლო დოლარში 70%. ნათია თურნავას განცხადებით კარანტინის დასრულების შემდეგ საკარანტინე სასტუმროების დეზინფექცია მოხდება, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ქვეყანაში კორონავირუსის მონიტორინგისთვის საკარანტინედ სასტუმროების დაქირავება 10.5 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. (საკარანტინე სასტუმროების სია იხილეთ სტატიაში https://bit.ly/33RIXqq)

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PWC-ის ქართულმა ოფისმა საქართველოს შრომის კოდექსისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტის ანალიზის საფუძველზე მოამზადა ის ძირითადი ვალდებულებები, რაც დამსაქმებლებს წარმოეშობათ COVID-19-ის დროს, აღნიშნული პასუხები შეეხება კარანტინში/თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში ანაზღაურების საკითხებს, დასაქმებულების უფლებებს აღნიშნულ პერიოდში და შრომითი ხელშეკრულების პირობებს (დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში https://bit.ly/2WN2p6l).

იურისტ თამთა ივანიშვილის განცხდადებით ფორს-მაჟორული სიტუაციაში კომპანიები გარკვეულწილად თავისუფლდებიან ვალდებულებებისგან. WHO-ს მიერ კორონავირუსის ეპიდემიად გამოაცხადებამ კომპანიებს იმის მტკიცების საშუალება მისცა, რომ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში იმყოფებიან. რაც ცალსახად არ გულისხმობს კომპანიების ავტომატურად განთავისუფლებას ვალდებულებებისგან და თითოეული შემთხვევის განხილვა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.

ვრცლად ამ თემებზე სტატიები: https://bit.ly/3aDp8Wg ; https://bit.ly/3bCkbNR ; https://bit.ly/39rBn78 


4. ლარის კურსი და ეროვნული ბანკის ინტერვენციები

ლარმა პირველადი სწრაფი გაუფასურების შემდეგ დოლართან და ევროსთან მიამრთებით გამყარება დაიწყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის შეფასებით, ლარის კურსზე ნეგატიურად აისახა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული ფაქტორები, ხოლო მოკლევადიანი გავლენა და შოკი იყო ძლიერი. 2020 წლის 25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა 3 ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად საკუთარი რეზერვებიდან 100 მლნ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით ეროვნული ბანკი გააგრძელებს საჭიროებიდან გამომდინარე ინტერვენციებს.

როგორ გაუფასურდნენ მსოფლიოს ქვეყნების ვალუტები პირველი იანვრიდან დღემდე იხილეთ სტატიაში: https://bit.ly/3atjJkF  

5. StopCov - სპეციალური ფონდი

StopCoV ფონდში, რომელიც COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა, 28 მარტის მდგომარეობით 16 მილიონ ლარამდეა აკუმულირებული. (იხ. რომელმა კომპანიებმა გადარიცხეს თანხები https://bit.ly/2UqYF91 ) როგორც ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა განცხადა, StopCov ფონდში ჩარიცხული თითოეული თეთრი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიხარჯება.

კომპანიები: „აი ჯგუფი“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „JTI კავკასია“, „IDS ბორჯომი საქართველო“ და სუპერმაკეტების ქსელი „მაგნიტი“ მზადყოფნას გამოთქვამენ ჩაერთონ აქციაში და სოციალურად დაუცველი და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები საჭირო პროდუქტებით მოამარაგონ. თბილისის მასშტაბით კომპანიები „არქი“ და „ვისოლ ჯგუფი“ მარტოხელა ხანდაზმულებს საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფენ. ( https://bit.ly/3dHhoov  ) StopCoV ფონდში მნიშვნელოვანი შენატანები განახორციელა "სოკარმა" 200 000 ლარი; „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა 500 000 ლარი ჩარიცხა, ხოლო საქართველოს ჯანდაცვის სისტემას 1 მლნ ლარის სამედიცინო ინვენტარი და მედიკამენტები საჩუქრად გადასცა.

საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებით, აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს.

სინერჯი კაპიტალი ინიციატივით გამოდის, კომპანიებისათვის კრიზის დასაძლევად, სახლში დარჩენის პირობებში მათ ვისაც შესაბამისი დანაზოგები აქვთ შეიძინონ ქართული კომპანიების წილები, რითაც აღნიშნულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მოიზიდონ ფინანსები, შეინარჩუნონ თანამშრომლები და გააგრძელონ ფუნქციონირება. ( https://bit.ly/3bqaQsi  )

6. რა ვალდებულებები აქვთ სურსათის მწარმოებელ ობიექტებს და მიტანის სერვისის კომპანიებს

სურსათის მწარმოებელი და გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან დაიცვან გამკაცრებული ჰიგიენური ნორმები, რაც გულისხმობს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკაცრ კონტროლს, ასევე პირბადის, თავსაბურავისა და ხელთათმანის სავალდებულო გამოყენებას, სადეზინფექციოს სამუშაოებს, სურსათის შენახვის პირობებს და სხვ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცნობით აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს დაევალათ ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა, რაც დაკავშირებულია პერსონალის ეკიპერებითა და მომხმრაბლებთან დისტანცირებით. სურსათის დამუშავების, ტრანსპორტირებისა და შენახვისას ევალებათ ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.
სურსათის მიტანის სერვისის მიმწოდებელი კომპანიები ასევე ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ხელთათმანით, რეცხვა-დეზინფექცია უნდა მოხდეს ხშირად და უზრუნველყონ მომხმარებლებთან დისტანცია.
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/3bzNv7E  

7. შესაძენი სწრაფი ტესტები და პირბადეების წარმოება

Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისთან გაფორმებული კონტრაქტი, რომლითაც საქართველო 215 000 სწრაფ ტესტს ყიდულობდა ანულირებულია, სამინისტროს თავად ამ კომპანიამ შეატყობინა, რომ ტესტი იყო წუნდებული. ხელშეკრულების ღირებულება 1,2 მლნ აშშ დოლარი იყო.

“საპარტნიორო ფონდი” $6.6 მილიონად ქვეყანაში სამედიცინო პირბადეების დეფიციტის აღმოსაფხვრელად პირბადეების წარმოების ხაზის შექმნას იწყებს. აღნიშნული თანხა მოხმარდება: საწარმოო დანადგარების შეძენას, ნედლეულის ყიდვას, საწარმოო ფართის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.

თბილისში მდებარე საწარმო „მოვი“, რომელიც 2015 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით შეიქმნა პირბადეების წარმოება დაიწყო. ნათია თურნავას თქმით, საქართველოში წარმოებული პირბადეები პირველ რიგში მეტროს მემანქანეებსა და სასურსათო მაღაზიების მომსახურე პერსონალსაც დაურიგდება.

იმისთვის, რომ არ შეიქმნას მედიკამენტების და აღჭურვილობის დეფიციტი, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოდან გარკვეულ ფარმაცევტულ პროდუქტზე და სამედიცინო დანიშნულების საგნებზე ექსპორტი შეიზღუდა.
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2JpGp9H ; https://bit.ly/2Urz8fW  

8. საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთების ფასზე ჭერი წესდება

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერის დავალებით, საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთების ფასზე ავიაკომპანიებს ზედა ჭერი დაუწესდებათ. ბილეთის თანხა კი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით ავიაკომპანია „აირზენასგან“ დასტური აქვთ მიღებული, რომ აღნიშნულ წესებს დაემორჩილებიან და ამავე დროს მთავრობის მხრიდან მგზავრობის სუბსიდირებაც არ მოხდება.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2xrrUQ3 ; https://bit.ly/2UpXsyL  

9. 9 ძირითად სასურსათო პროდუქტის ფასის შესანარჩუნებლად, მთავრობა 10 მილიონს დახარჯავს

მთავრობამ დაამტკიცა დებულება, რომლის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების მიზნით მოახდენს სუბსიდირებას. კონკრეტულად კი - მთავობამ წარმოადგინა 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტი: ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ეს პროდუქტები ძირითადად იმპორტირებულია, მთავრობა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის მსხვილ იმპორტიორებს კურსთა შორის სხვაობას დაუფარავს. პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია. პირველადი გათვლებით ცხრა პროდუქტის სუბსიდირება მთავრობას თვიურად, დაახლოებით 2 მილიონი ლარი უჯდებოდა (https://bit.ly/3a9YXXj), თუმცა საბოლოოდ სუბსიდირების ბიუჯეტმა 10 მილიონი ლარი შეადგინა.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/3bxkMA8


10. ჰაკათონი - კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში ონლაინ ჰაკათონი იწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში ჰაკათონს აანონსებს. ნათია თურნავას განცხადებით - ჰაკათონის მიზანია ვირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა. ინოვაციური იდეა უნდა წარმოადგენდეს, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულ პრობლემას გაუმკლავდეს ქვეყანა, როგორ მოხდეს ადამიანებზე დახმარება, რომ დარჩნენ სახლში და კარანტინის პერიოდი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე გაიარონ. ონლაინ ჰაკათონი ,,Covid 19-ის წინააღმდეგ’’ 2020 წლის 3 აპრილიდან დაიწყება, მისი საპრიზო ფონდი 20 000 ლარია, გამარჯვებული 5 აპრილს ონლაინ პრეზენტაციების შემდგომ გამოვლინდება.

ონლაინ ჰაკათონის შესახებ და რეგისტრაციისათვის გაეცანით სტატიას: https://bit.ly/2ULTJuj