03.მაისი .2020 18:00

მიმდინარე კვირის (27.04-02.05.2020) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

views 498
უკან

გთავაზობთ მიმდინარე კვირის (27.04-02.05.2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. მარტის თვის ეკონომიკურმა ზრდამ -2.7% შეადგინა
2. Covid-19-ის გავლენა ეკონომიკაზე
3. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებები
4. როგორ გადანაწილდება დახმარებები და უმუშევართა კომპენსაციები
5. ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი
6. პანდემიის გამო დროებით დახურულ კომპანიებს საქმიანობის განახლება ეტაპობრივად იწყება
7. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9.0%-დან 8.5%-მდე შეამცირა
8. რამდენად გავრცელებულია ყალბი ფული საქართველოში
9. ფრინველის იმპორტზე კონტროლი შეჩერდა
10. ტურიზმის დარგის პერსპეტივები



1. მარტის თვის ეკონომიკურმა ზრდამ -2.7% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ -2.7% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 1.5 პროცენტით განისაზღვრა.

2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. ხოლო კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.ამავე პერიოდში საქართველოში ახალდარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 47.5%-ით შემცირდა და 2 426 კომპანია შეადგინა.
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2z4Yc3Q; https://bit.ly/2KRTxF4



2. Covid-19-ის გავლენა ეკონომიკაზე

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch მიმდინარე წელს საქართველოს მშპ-ის 4.8%-ით შემცირებას ვარაუდობს, ასევე პროგოზირებული აქვს საბიუჯეტო დეფიციტის 8.6%-მდე გაზრდა. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, ის მნიშვნელოვნად, 39.8%-დან 59.4%-მდე გაიზრდება, 2021 წელს კი ის 56.3%-მდე შემცირდება (https://bit.ly/3c2gDoK

PMCG-მ საქართველოში მშპ-ს ზრდის სამი სავარაუდო სცენარი შეადგინა. ოპტიმისტური სცანარი - მოსალოდნელია ეკონომიკის 4,3%-ით შემცირება, ნაკლებად პესიმისტური - ეკონომიკა მცირდება 8,0%-ით, ხოლო ძალიან პესიმისტური - ეკონომიკა მცირდება 12.9%-ით. ანგარიშში ასევე განხილულია ხუთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორი: ხელოვნება, გართობა და დასვენება; განთავსება და საკვების მიწოდება; ტრანსპორტი და დასაწყობება; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; სხვა სახის მომსახურება. (ვრლად კვლევის შედეგების შესახებ https://bit.ly/35rkitv)

კვლევითი ინსტიტუტი ISET მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს და იმ რისკებს მიმოიხილავს, რაც აღნიშნულ გეგმას შეიძლება ახლდეს. განსაკუთრებით აქცენტი გაკეთებულია უმუშევრად დარჩენილი ადამიანების სოციალურ დახმარებაზე, ასევე საჭიროდ მიიჩნევენ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებისათვის (https://bit.ly/2yZVo8h ; https://bit.ly/3fax6sO)

IMF-ის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან, გიორგი ისაკაძესთან საუბრობს საქართველოში გასატარებელ რეფორმებზე: საბანკო სისტემის რეზოლუციის ჩარჩო სისტემის მიღება, გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების სისტემის განვითარება, ბიუჯეტის ხარჯვის პრიორიტეტების განსაზღვრა და დაზარალებულ მოქალაქეებზე კომპენსაციების უზრუნველყოფა. ასევე აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო ფონდის პრიორიტეტები შეცვლილია და მთავარი ჯანდაცვის გაზრდილი ხარჯებია, შემდეგ კი მოსახლოებისა და ბიზნესების მხარდაჭერა (https://bit.ly/2WoanRg).


3. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებები

საქართველოს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19 -ით გამოწვეული შედეგების შერბილებაზე მსოფლიო ბანკი 80 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. მსოფლიო ბანკი, ასევე, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების ხელშეკრულებით დამატებით 100 მლნ. აშშ დოლარის მოსაზიდად. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ფისკალური პრობლემების გადასაჭრელად საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს 200 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, რომელიც მომავალ კვირას გადმოირიცხება. როგორც IMF-ის წარმომადგენლები აცხადებენ, პანდემია საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს, რაც წინა წლებში ეკონომიკის ზრდის პოზიტიურ ტენდენციას შეაფერხებს. შეგახსენებთ რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4.0%-ით შემცირდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (GHG) 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყოფს.

პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, საქართველოს 3 რეგიონში სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში 1,16 მლნ ევროს მოცულობის გრანტებზე კონკურსს აცხადებს. აღნიშნულ პროექტსი ჩართვა შეუძლიათ ფერმერებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს და ორგანული სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებს.(სრულად პროექტის შესახებ და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად იხილეთ (https://bit.ly/35pM2il) თბილისის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 80 მილიონი ევროს მოცულობის ახალ სასესხო ვალდებულებას აიღებს, საიდანაც 65 მილიონი ევრო ბუნებრივ აირზე (CNG) სისტემაზე მომუშავე 200 ავტობუსის შეძენაზე დაიხარჯება, ხოლო 15 მილიონი ევრო ავტობუსების დეპოს მშენებლობაზე.
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2z9sDpB ; https://bit.ly/2WmHyVC; https://bit.ly/2SyyhZw; https://bit.ly/2YzyNu9


4. როგორ გადანაწილდება დახმარებები და უმუშევართა კომპენსაციები

პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დაქირავებით დასაქმებულები 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო თვითდასაქმებულები ერთჯერადად 300 ლარს. ამისთვის კი მათ სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. აღნიშნული პორტალი21 მაისიდან ჩაერთვება (https://bit.ly/3aTz79q), რომელზეც მოხდება ბენეფიციარების აღრიცხვა. მიკრობიზნესისთვის კომპენსაციის ჩარიცხვა განაცხადის შევსებიდან 10 დღის განმავლობაში მოხდება, თვითდასაქმებულების შემთხვევაში კი დაახლოებით 24 დღის განმავლობაში.

200 ლარიან დახმარებას მიიღებენ ის პირები, რომელთაც 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც უფიქსირდებათ ხელფასის აღება, ასევე კომპენსაციას მიიღებენ როგორც განთავისუფლებულები, ასევე უხელფასო შვებულებებში გასულები. https://bit.ly/35sXCcv

რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს: კერძო სექტორის დამსაქმებლები 750 ლარამდე ხელფასი და 1500 ლარამდე ხელფასზე პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია. აღნიშნული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი საჯარო სექტორს არ ეხება.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3bUeF9L; https://bit.ly/2xxxReA

ვინ მიიღებს დახმარებას და კომპენსაციას? - ფინანსთა სამინისტრო აქტუალურ კითხვებზე პასუხები იხილეთ სტატიაში: https://bit.ly/2SxwXpD



5. ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი 27 აპრილიდან დაიწყო. დაშვებულია: მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა სრულად, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. 27 აპრილიდან ეტაპობრივად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აგრარული ბაზრების ნაწილი გაიხსნა. 2 მაისის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული 80 აგრარული ბაზრიდან 28 ფუნქციონირებს.ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და მის მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ახორციელებენ

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3b1mdpU.https://bit.ly/2VWz9



6. პანდემიის გამო დროებით დახურულ კომპანიებს საქმიანობის განახლება ეტაპობრივად იწყება

პანდემიის გამო დროებით დახურულმა კომპანიებმა საქმიანობის განახლებისთვის, 29 აპრილის 18:00 საათიდან ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე სავალდებულო რეგისტრაცია უნდა გაიარონ. https://bit.ly/3feOAUZ

მთავრობამ გამოაქვეყნა იმ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ (https://bit.ly/3b2sPV0). საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელთან დისტანციური შეხვედრა გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა მიზნად ისახავდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კომპანიების საქმიანობის პროცესში არსებულ შეზღუდვებს და შრომით ურთიერთობებს, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს - ,,უკანასკნელი კვირების განმავლობაში თავი მოიყარა უამრავმა პრობლემურმა, ბუნდოვანმა და გადაუწყვეტელმა საკითხმა ბიზნეს სექტორის მხრიდან, რომლის საპასუხოდაც დავგეგმეთ დისტანციური შეხვედრების, სემინარების, ტრენინგების ციკლი.’’ https://bit.ly/3dbLD5Q



7. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9.0%-დან 8.5%-მდე შეამცირა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9,0%-დან 8.5%-მდე შეამცირა, შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები მოსახლეობისთვის შედარებით გაიაფდება. ,,ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეიქმნება რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც, შესაძლოა შემცირდეს ის საპროცენტო განაკვეთები, რაც დღეს ბაზარზეა.’’ რაც შეეხება ლარში გაცემულ სესხებზე 200 000 ლარიანი ზღვარის შემცირებას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ეს რაიმე დადებითს ვერ მოუტანს ეკონომიკას. აღნიშნული ზღვარის დაწევის საჭირობას ვერ ხედავს ვერც ფინანსთა მინისტრი. კობა გვენეტაძის თქმით, იმისათვის რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს, ამისთვის საჭირო იქნება, მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ზრდა, რაც ეკონომიკას დააზიანებს.

Kpmg Georgia-ს მმართველი პარტნიორის კახა რუხაძის შეფასებით - ,,ეს გადაწყვეტილება წაადგება ბიზნესს, გამოთავისუფლდება ფულადი სახსრები, რომელიც მიემართება იმ ბიზნეს სუბიექტებისკენ, ვინც წაახალისებენ ხარჯვას.’’

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3aZ3POg; https://bit.ly/35o67Wi


8. რამდენად გავრცელებულია ყალბი ფული საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით ყალბი ფულის გავრცელება დაბალ ნიშნულზეა. გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 26.4%-ით შემცირდა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ყველაზე ხშირად 100 ლარის (გამოვლენილი ნიმუშების 44%) და 50 ლარის (გამოვლენილი ნიმუშების 22.%) ბანკნოტებს აყალბებენ. ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა შემცირებულია 20.2%-ით, ხოლო აშშ დოლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 14.3%-ით.
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2z8wljh; https://bit.ly/2z19iae


9. ფრინველის იმპორტზე კონტროლი შეჩერდა

საქართველოს მთავრობის მიერ 8 აპრილს მიღებული დადგენილებით, 2020 წლის 20 ოქტომბრამდე იმპორტირებული ფრინველის ხორცზე კონტროლი შეჩერებულია. მიზეზად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სახელდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, იმისათვის რომ ბაზარზე დეფიციტი არ წარმოქმნილიყო კონტროლი დროებით შეჩერდა, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტო პირობას დებს, რომ სურსათის შემოწმების ხარისხი ისევ ისეთი მაღალი იქნება, როგორიც აქამდე იყო.

საქართველოში ფრინველის ხორცის TOP-10 იმპორტიორი ქვეყანაა: ბრაზილია, თურქეთი, გერმანია, ჩინეთი, უკრაინა, ნიდერლანდები, აშშ, საფრანგეთი, დანია, მექსიკა. ხოლო საქართველოდან ფრინველის ხორცის ექსპორტი ხორციელდება: სომხეთი, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში

ვრცლად მიღებული დადგენილებისა და ტოპ იმპორტიორების შესახებ: https://bit.ly/3f9CFYF; https://bit.ly/3fawXpb

10. ტურიზმის დარგის პერსპეტივები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებით დაზარალდა და ამდენად, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრაზე ისაუბრეს დარგის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებზე. ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ტურიზმის სექტორის 70-ზე მეტი წარმომადგენელი: გიდები, სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების, ასევე სარესტორნო ბიზნესისა და ღვინის ტურიზმის წარმომადგენლები. არსებული სესხების სუბსიდირება 3000-მდე სასტუმრომ ითხოვა.

შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი პროექტი - “ბუტიკ არდადეგები საქართველოში” (Boutique Holidays in Georgia ), პროექტს 24-კაციანი საინიციატივო ჯგუფი იწყებს, რომლის მიზანი იქნება შექმნას პროდუქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით ტურიზმის განვითარებას, გაზრდის შიდა გადაადგილებას დასვენების მიზნით და მოახდენს პროდუქტის და სერვისების მაღალ დონეზე მიწოდების უზრუნველყოფას რეგიონებში.

PEGAS Touristik Georgia-ის კომერციული დირექტორის სალომე ბერაიას განცხადებით, "პანდემიის დასრულების პირველ ეტაპზე ბიუჯეტური მოგზაურობა ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნება, რადგან ავიაკომპანიებს, სასტუმროებს და სატრანსპორტო კომპანიებს მოუწევთ ოპერირების სრულიად ახალ მოდელზე გადასვლა, შეზღუდვების გამო კი ავიაკომპანიებს გაუჭირდება იმავე ტარიფებით ფუნქციონირება.’’

თვითდასაქმებულებისთვის სახელმწოფოს მიერ დაწესებული 300 ლარიანი კომპენსაციის მიღება შეუძლიათ იმ პირებსაც, ვინც Booking.com-სა და Airbnb-ის სისტემების მეშვეობით დღიურად აქირავებდა ბინებს და COVID-19-ის გამო, ამ მხრივ მომხმარებლები აღარ ჰყავთ.

ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატიები: https://bit.ly/2VXr5rX; https://bit.ly/2KTe3W1; https://bit.ly/2zT5RCY; https://bit.ly/2zW68VT

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა