02.აგვისტო .2020 13:00

მიმდინარე კვირის (27.07-01.08.2020) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

views 455
უკან

1. ივნისში საქართველოს მშპ 7.7%-ით შემცირდა

2. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და ბობ მეიერი საქართველოსგან $1 მილიარდს ითხოვენ

3. ფრონტერასა და საქართველოს მთავრობას შორის საჯარო დიალოგი შედგება

4. საქართველოს საერთაშორისო დახმარებები

5. უმუშევართა 200 ლარიან კომპენსაციაზე მთავრობის მიერ გამოყოფილ 460 მლნ ლარიდან 3 თვეში მხოლოდ 69 მლნ გაიცა

6. 3 თვეში თანამდებობის პირების სახელფასო დანამატის სახით ბიუჯეტიდან 58,9 მლნ ლარი გაიცა

7. Galt&Taggart - განათლების სექტორის კვლევის შედეგები

8. მთავრობა გამარტივებული წესით 50 მლნ ლარის ყურძნის შესყიდვას გეგმავს

9. საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შედეგები

10. იპოთეკური სესხების სუბსიდირების პირველად შედეგები





1. ივნისში საქართველოს მშპ 7.7%-ით შემცირდა

2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7.7%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8%, ხოლო მეორე კვარტლის მაჩვენებელი -12,6%-ია.

2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 95%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, 35%-ით შემცირდა ქსპლოატაციაში მიღებული შენობების რაოდენობა, 80%-ით შემცირდა ფეროსილოკონ მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი. ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის საქმიანობებში. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ივნისში 6,2%-ით შემცირდა, თუმცა აპრილისა (-32,8%) და მაისის (-22,2%) მაჩვენებლებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელია.

საქართველოს მთავრობამ კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო. კვლევის შედეგად შეფასდება, რა გავლენა მოახდინა კრიზისმა სოციალური, ადამიანის უფლებების და სამართლებრივი მიმართულებით, ასევე, როგორია სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა.

ვრცლად აღნიშნული თემის შესახებ: https://bit.ly/2DtLJJy; https://bit.ly/2XifDqV




2. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და ბობ მეიერი საქართველოსგან $1 მილიარდს ითხოვენ

,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“-ს მიერ გავრცელებულ განცხადების თანახმად ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ბობ მეიერს, ADC-ის ერთ-ერთ მთავარ ინვესტორს საარბიტრაჟო სარჩელები შეაქვთ საქართველოს წინააღმდეგ. პროექტში მათი დარღვეული უფლებებისა და მიყენებული ზიანის აღდგენის მოთხოვნით საქართველოსგან 1.0 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვენ. (ვრცლად განცხადება: https://bit.ly/2XAiBrh). როგორც კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თედ ჯონასი აცხადებს, სამწუხაროდ, მთავრობამ უბიძგა კონსორციუმს დაიწყოს საარბიტრაჟო დავა, შესაბამის წერილზე, რომელიც მათ მთავრობას გაუგზავნეს, სრულიად მოულოდნელი, აგრესიული პასუხი დაუბრუნდათ.

BLC-ის იურისტი ქეთევან ქვარცხავა აცხადებს, რომ ,,კონსორციუმი და ინვესტორი საარბიტრაჟო სარჩელში არა პროექტში აღდგენას, არამედ თანხას ითხოვს, თუმცა არ გამოირიცხება, რომ პროცესი მორიგებით დასრულდეს.’’ დავის სირთულიდან იურისტი ვარაუდობს, რომ დავას შესაძლოა ორი წელი და ცოტა მეტიც დასჭირდეს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით კი „კონსორციუმმა ვერ შეაგროვა დაფინანსება და ვერ შეძლო პროექტის განხორციელება, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობს საინვესტიციო-სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის მოძიებაზე.’’

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2DtnjQ4; https://bit.ly/33jPoVc; https://bit.ly/2Pe87sZ; https://bit.ly/30ijQNs




3. ფრონტერასა და საქართველოს მთავრობას შორის საჯარო დიალოგი შედგება



ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელობამ საჯაროდ, ერთ-ერთი ტელეეთერის საშუალებით გამოთქვა მზადყოფნა, გასაჯაროვდეს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება. სააგენტო მიესალმება იმ ფაქტს, რომ არაერთი შეთავაზების შემდეგ, კომპანიამ საბოლოოდ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება და მის ხელმძღვანელობას ოფიციალურად იწვევს შეხვედრაზე, სადაც ერთობლივად გასაჯაროებენ პირობებს. ამასთან აღნიშნავენ, რომ ,,კომპანია „ფრონტერას“ შესაძლებლობა აქვს, მოქმედი ხელშეკრულების ვადებში და არსებული ლიცენზიის პირობებით, შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა ათვისების ფართობზე, რომელიც მოიცავს მირზაანის (17,2კმ2) ტარიბანის (17,66კმ2) პატარა შირაქის (1,96კმ2) ბაიდას (3,71კმ2), ნაზარლების (0,49კმ2) და მწარე ხევის (1,59კმ2) საბადოებს.’’

ენერგოკომპანია Frontera-ს პრეზიდენტმა ზაზა მამულაიშვილმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რომ მათთან ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონო ქმედება იქნება, რადგანაც ხელშეკრულების მოშლა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ნახსენები და მზად არიან გასაჯაროვდეს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე ინტერვიუ და სტატიები: https://bit.ly/3gl1elz; https://bit.ly/33moMTh; https://bit.ly/3hXWPFp; https://bit.ly/3gyUOzr



4. საქართველოს საერთაშორისო დახმარებები

საქართველოსა და და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად, გერმანია საქართველოს დაახლოებით 170 მლნ ევროს მოცულობის შეღავათიან სესხსა და 28.5 მლნ ევროს მოცულობის გრანტს გამოუყოფს. რაც ისეთი პროექტების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს, როგორიცაა: „მდგრადი ურბანული მობილურობა საქართველოში“; ,,ღია პროგრამა ენერგოეფექტიანობა საქართველოში“; „ენეროგოეფექტიანობის ღონისძიებები და შენობებში ევროკავშირის ენერგოეფექტიანობის სტანდარტებთან დაახლოება - ფაზა II“; ,,კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის“; „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება - საქართველო“

ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებასა და გაუმჯობესების მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს 90 მლნ ევროს გამოუყოფს. პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

ვრცლად აღნიშნული თემების შესახებ: https://bit.ly/3hYtpa7; https://bit.ly/2Pg2lqF



5. უმუშევართა 200 ლარიან კომპენსაციაზე მთავრობის მიერ გამოყოფილ 460 მლნ ლარიდან 3 თვეში მხოლოდ 69 მლნ გაიცა

მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული ბიუჯეტი ითვალისწინებს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის კომპენსაციის სახით 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიანი დახმარების გაცემას, რომელიც დაახლოებით 350 000 მოქალაქეზე იყო გათვლილი და ბიუჯეტი ჯამურად 460 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა 3 თვეში კომპენსაციების სახით მხოლოდ 69 მილიონი ლარი არის გადახდილი. ყველაზე მეტი დახმარება მაისში გაიცა 135 670 ადამიანზე.

თვითდასაქმებულთა კომპენსაციების ათვისებაც თავდაპირველად დაანონსებულზე ნაკლებია, ერთჯერადად გაცემული 300-ლარიანი დახმარება 160 161 ადამიანმა მიიღო, გადარიცხული თანხა კი 48 მილიონ ლარს შეადგენს.



ვრცლად გაცემული კომპენსაციების შესახებ იხილეთ: https://bit.ly/2BTaKNM



6. 3 თვეში თანამდებობის პირების სახელფასო დანამატის სახით ბიუჯეტიდან 58,9 მლნ ლარი გაიცა

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 3 თვეში ბიუჯეტიდან თანამდებობის პირების სახელფასო დანამატის სახით ბიუჯეტიდან 58,9 მლნ ლარი გაიცა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5 მლნ ლარით მეტია. ასევე გაზრდილია პრემიების მოცულობაც, შედეგად პრემიის სახით ბიუჯეტიდან 1.9 მლნ ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, სახელფასო დანამატზე ბიუჯეტიდან 234,5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 32 მილიონი ლარით მეტია. ხოლო პრემიებზე ბიუჯეტიდან 35,9 მილიონი ლარი დახარჯა, რაც 2018 წელთან შედარებით 3,6 მილიონი ლარით მეტია. 2019 წელს ყველაზე მეტი პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო, ხოლო 2020 წლის 3 თვის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.



ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/33u7Pqj; https://bit.ly/39NHNiE



7. Galt&Taggart - განათლების სექტორის კვლევის შედეგები

საგანმანათლებლო სისტემის შესახებ GALT&TAGGART-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს განათლების სექტორის შემოსავლებმა 2019 წელს 2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 4.1%-ია. ამასთან კერძო განათლების სექტორის შემოსავლები და მომგებიანობის მაჩვენებლები მზარდია. კვლევის თანახმად, ,,COVID-19 პანდემიის გრძელვადიანი გავლენა საქართველოს განათლების სექტორზე პოზიტიური იქნება და ხელს შეუწყობს: სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დაჩქარებულ ადაპტაციას, რეგიონებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდას, მთავრობის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შინამეურნეობების მიერ განათლების ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას. ამასთან, პანდემიამ დააჩქარა სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენება.

კვლევის მიხედვით, "15-დან 24 წლამდე ასაკის მოქალაქეებიდან ყოველი მეოთხე არც სწავლობს და არც მუშაობს. შრომის ბაზრის შესწავლისას კი გამოვლინდა შემდეგი მაჩვენებლები: დასაქმებულთა მხოლოდ 13% მუშაობს საკუთარი პროფესიით, ხოლო დამწყებ პოზიციებზე ვაკანსიების, დაახლოებით 60% არ მოითხოვს უმაღლეს განათლებას.



ვრცლად კვლევის შედეგების შესახებ: https://bit.ly/3gmgX3M; https://bit.ly/3hWRvSM; https://bit.ly/3k1WCD1




8. მთავრობა გამარტივებული წესით 50 მლნ ლარის ყურძნის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა წელს ჯამურად 80 ათას ტონამდე ყურძნის შესყიდვას გეგმავს. შესყიდვა გამარტივებული წესით, ანუ ტენდერის გარეშე მოხდება და მას მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სს "აკურა" წარმართავს, ჩაბარებულ ყურძენს კი მთავრობის მიერ დაკონტრაქტებული ღვინის ქარხნები გადააქცევენ ღვინო-მასალად ან სპირტად.

სუბსიდიით ისარგებლებენ ღვინის ის კომპანიები, რომლებიც რთველის განმავლობაში შეისყიდიან და გადაამუშავებენ კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს, ხოლო შესყიდულ 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 80 თეთრი უნდა გადაუხადონ. ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ წარმომადგენლის განცხადებით, მათი ვენახებიდან 6.5 მლნ კილოგრამ ყურძენს ელოდებიან, შემცირებული ექსპორტის ფონზე და ჭარბი მოსავლის პირობებში კი შესაძლოა დამატებითი ყურძენი არც დასჭირდეთ.

ამავე დროს დაიწყო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის ზარალის ანაზღაურება. სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.



ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატიები: https://bit.ly/39KVCyu; https://bit.ly/2EISE23; https://bit.ly/30jNC49; https://bit.ly/2PhMGaw




9. საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შედეგები

მეორე წელია მთავრობა "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. დაგეგმილია ფონდის მართვის სტრუქტურის შეცვლა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საწარმოების მართვის – მთავრობისთვის გადაცემა. 2018 წელს საპარტნიორო ფონდის კონსოლიდირებული ზარალი 585 მილიონი ლარი იყო, 2017 წელს კი ზარალი 481 მლნ ლარი იყო. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძე მხარს უჭერს სარტნიორო ფონდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას. მისი განცხადებით, ცვლილებები დაწყებულია, ენერგეტიკის ობიექტები უკვე გასულია ფონდიდან, ხოლო რკინიგზა და გაზისა და ნავთობის კორპორაცია მომავალში გავა ფონდიდან. ხოლო ფონდის საქმიანობის მიზანი იქნება ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელთაც ბანკები არ აფინანსებენ, რადგან არის ან სტარტაპი, ან არის მაღალი რისკები და ისინი ამავდროულად სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. მიუხედავად ფონდის უზარმაზარი ზარალისა, დავით საგანელიძე კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ფონდში შემავალი თითოეული საწარმოს მდგომარეობა უმჯობესდება.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით მჭიდრო კავშირი აქვთ ევროპის, აშშ-ის, თუ აზიის კომპანიებთან და მათთან ერთად საქართველოში სხვადასხვა ტექნოლოგიების საწარმოების გადმოტანის შესაძლებლობებს განიხილავენ.

ბოლოს კი, ფონდი მის 100%-იან მფლობელობაში არსებულ სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანს" საპრივატიზაციოდ, აუქციონზე უკვე მეორედ გამოიტანს და მისი საწყისი ფასი 30,4 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატიები: https://bit.ly/3jYRWxT; https://bit.ly/39Lc4ie; https://bit.ly/39MttqG; https://bit.ly/3hXcG7e



10. იპოთეკური სესხების სუბსიდირების პირველად შედეგები

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში შეინიშნება ფასების კლება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება, ასევე შესამჩნევია უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლებაც, რეალიზაციის ტემპი გაზრდილია, თუმცა მოლოდინს არ გადაუჭარბებია.

TBC Research-ის ანგარიშის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან პირველად, თბილისში რეალიზებული უძრავი ქონების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს უახლოვდება. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. უშუალოდ თიბისი ბანკში კი გასული კვირის განმავლობაში დამტკიცებული იპოთეკური სესხების რაოდენობის წლიური მაჩვენებელი 7%-ით გაზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.5%-ით ნაკლები მშენებლობა დასრულდა. 16.5%-ით შემცირდა გაცემული ნებართვების რაოდენობა



ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3glYlkp; https://bit.ly/33cTGNY; https://bit.ly/39PGLCF