მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირის TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

5dff375eca5cb
ირაკლი მაკალათია
22.12.19 13:25
2992
1. 2019 წლის III კვარტალში საშუალო ხელფასი გაიზარდა

2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა - 2 008.4 ლარი; ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 958.7 ლარი; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 936.2 ლარი; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1 898.6 ლარი. 2019 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 475.7 ლარით განისაზღვრა.

საშუალო ხელფასი კვარტლების მიხედვით, ხასიათდება სეზონური ცვალებადობით, თუ დინამიკას თვალს მივადევნებთ, IV კვარტალში საშუალო ხელფასი კიდევ უფრო გაიზრდება. მიუხედავად იმისა რომ ნომინალური ხელფასები იზრდება, ამის პარალელურად, იზრდება ფასების დონე და შესაბამისად მცირდება ვალუტის მყიდველუნარიანობა, ხოლო წლების განმავლობაში ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად (მაგ; ადრე მობილური ტელეფონი ფუფუნების საგნად ითვლებოდა, დღეს ის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს) იზრდება მოსახლეობის მოთხოვნილებები და შესაბამისად მათი დანახარჯებიც. აქედან გამომდინარე ხელფასის ზრდის დინამიკა ადეკვატურად უნდა მიჰყვებოდეს აღნიშნულ 2 კომპონენტს.

წლების ტენდენციაა, რომ კაცების საშუალო ხელფასი უფრო მაღალია ვიდრე ქალბატონების საშუალო ხელფასი. ამ შედეგის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ქალბატონები დასაქმებულები არიან ძირითადად დაბალ ანაზღაურებად დარგებში (მაგ; განათლების დარგში), ხოლო მაღალ ანაზღაურებად დარგებში ხელმძღვანელ პოზიციებზე ხშირ შემთხვევაში მამაკაცები გვხვდება, რაც განსაზღვრავს კიდეც მამაკაცებში ხელფასების შედარებით მაღალ დონეს ქალბატონებთან შედარებით. დადებით ტენდენციად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში მცირე ტემპით, მაგრამ მაინც ხდება მამაკაცებისა და ქალბატონების საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება. მაგ; 2014 წლის III კვარტალში მამაკაცების საშუალო ხელფასი 1,63-ჯერ აღემატებოდა ქალბატონების საშუალო ხელფასს, ხოლო 2019 წლის III კვარტალში 1,6-ჯერ.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/saqstati-saqartveloshi-kacis-sashualo-xelfasi-tveshi-1475-laria-qalis---924-lari/45381/

2. ა/ო ,,საზოგადოება და ბანკების’’ კვლევა - დასაკუთრებული უძრავი ქონების სტატისტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციამ "საზოგადოება და ბანკები" აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემების საფუძველზე კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ირკვევა, რომ 2019 წლის 10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 1 039 უძრავი ქონება გაიყიდა. სადაც: დასაკუთრებული ქონების 49% (514 ქონება) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა, კომერციულ ბანკებზე 40% (411 ქონება), ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე 11% (114 ქონება).
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის შემდეგ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობა შემცირების ტენდენციით გამოირჩევა (შემცირდა 38,7%-ით), ის მაინც მგრძნობიარე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემად რჩება ქვეყანაში. საბანკო რეგულაციების შედეგად, რაც უფრო მეტად შეეზღუდებათ მოქალაქეებს საფინანსო ორგანიზაციებისგან ფინანსებზე ხელმისწვდომობა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ფინანსური პრობლემები მოუგვარდებათ, ან ფინანსებზე მოთხოვნა შეუმცირდებათ, პირიქით, ისინი მით უფრო გადაინაცვლებენ ჩრდილოვან ბაზარზე და მით უფრო მეტად გახდებიან კერძო მევახშეების კლიენტები. კერძო მევახშეებისგან და ჩრდილოვან ბაზარზე მოძიებული ფინანსები კი უფრო ძვირი მომსახურება უჯდება მომხმარებელს. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს არა რეგულაციებისა და მოსახლეობისათვის ფინანსების შეზღუდვისკენ, არამედ სწრაფი ეკონომიკური განვითარების, მოსახლეობის გამდიდრებისა და საბანკო სფეროში კონკურენტული გარემოს გაჩენისკენ.


ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/2019-wels-dasakutrebuli-qonebis-yvelaze-didi-nawili-mevaxsheta-sasargeblod-gaiyida/45352/

3. სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში’’ სამოქმედო გეგმა

საქართველოს მთავრობამ 19 დეკემბრის სხდომაზე პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ განახლებული სახით დაამტკიცა, სააგენტომ ,,აწარმოე საქართველოში’’ ინვესტიციების დეპარტამენტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა, რომელზეც გასული 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ,,აწარმოე საქართველოში’’ ინვესტორების მოსაზიდად შემდეგ სექტორებზე იმუშავებს: სტუმარ-მასპინძლობა და უძრავი ქონების ინდუსტრია, ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ინდუსტრია, ელექტრონული მოწყობილობების წარმოება და ავტონაწილების და საჰაერო ნაწილების წარმოება, ლოჯისტიკა და ენერგეტიკა. პროგრამას "აწარმოე საქართველოში“ დაემატა ტურისტული სერვისები - თემატური პარკები, ეთნოსოფლები, სათავგადასავლო ტურიზმი.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/romel-seqtorebshi-gegmavs-qveyana-investiciebis-mozidvas-2020-2021-wlebshi---mtavrobis-gegma/45359/


4. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მთავრობის პასუხის მოლოდინში

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს რომელსაც შეუძლია დიდი ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს საქართველოს ეკონომიკას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და პოლიტიკური დაცულობის საქმეში, მთავრობა ყველაფერს აკეთებს თუ არ აკეთებს იმისათვის, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებით, მათ მოიძიეს ინვესტორი, რაზეც საქმის კურსში ჩააყენეს საქართველოს მთავრობა, თუმცა მათგან ჯერ რეაგირება არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრები ამტკიცებენ, თითქოს ისინი დაინტერესებულნი არიან ანაკლიის პროექტის განხორციელებით, როცა პროექტი მთავრობის მხარდაჭერას მოითხოვს, მაშინვე პასიურ რეჟიმში გადადიან და პროცესის გაგრძელებას აფერხებენ. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა: მას შემდეგ, რაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კაპიტალის შეგროვების ვადა ამოეწურება, მინისტრთა კაბინეტი იმსჯელებს რა გადაწყვეტილება მიიღოს მისთვის კონტრაქტის შემდგომი გაგრძელების შესახებ.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/-quotmovidziet-investoriquot---anakliis-konsorciumi-mtavrobis-pasuxis-molodinshia/45406/

5. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

,,IMF 2020 წელს საქართველოსთვის 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს. ეს 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ზრდის მაჩვენებელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.’’ სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი ყურადღებას ამახვილებს: საერთაშორისო მიმართულებიდან გაზრდილ გაურკვევლობაზე, რაც ხელს უშლის ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობას, ასევე საუბრობს, ქვეყანაში დაფიქსირებულ ინფლაციის მაღალ დონეზე და ლარის კურსის გაუფასურებაზე. ტაო ჟანგი იწონებს ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას და ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკამ ნეგატიური შოკების ფონზე მაღალი სტაბილურობა შეინარჩუნა. თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პოლიტიკის შეფასებისას, არასდროს არ აღნიშნავენ, ინფლაციისა და კურსის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებს, რაც უკავშირდება ქვეყნის დაბალ ეკონომიკურ განვითარებას, მცირე წარმოებას და ეროვნული ბანკის მიერ ლარის იმაზე მეტი მოცულობით გამოშვებას ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება, შედეგად ვიღებთ გაუფასურებლ ეროვნულ ვალუტას და ეროვნული ბანკი, მისი და მთავრობის შეცდომის დაკომპენსირებას რეფინანსირების განაკვეთის ზრდითა და მომხმარებლებისათვის სესხების გაძვირების გზით ცდილობენ.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/imf-ma-saqartvelos-ekonomikuri-zrdis-prognozi-oficialurad-sheamcira/45512/

6. ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული შერბილებული რეგულაციები

2019 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საბანკო რეგულაციები და ბანკებს მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა შეეზღუდათ, ასევე განისაზღვრა იპოთეკური სესხის ხანგრძლივობა და მოცულობა.

4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის განსაზღვრული ლიმიტი დღეს ასეთია (ჰეჯირებული მსესხებლისთვის):
თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);

თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);

თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);

თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება.

როგორც ცნობილია 4 კატეგორიის ნაცვლად 2 საშემოსავლო კატეგორია რჩება, ახალი ლიმიტების პირობებში დაკრედიტებას ასეთი სახე ექნება (ჰეჯირებული მსესხებლებისთვის):


თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);

თვეში 1000 ლარზე მეტი შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება ხელფასის 60%-ს (რაც 1001 ლარის ხელფასის შემთხვევაში თვეში 600 ლარია, 2000 ლარის შემთხვევაში თვეში 1200 ლარი, 3000 ლარის შემთხვევაში თვეში 1800 ლარი, 4000 ლარის შემთხვევაში თვეში 2400 ლარი და ასე შემდეგ)

მონაცემები აღებული ლინკზე მითითებული სტატიიდან: https://bm.ge/ka/article/atasobit-moqalaqes-sesxze-xelmisawvdomoba-ezrdeba---xelisufleba-gadawyvetilebas-cvlis-/45645/

მიმდინარეობს საუბარი სავალუტო სესხებზე დაწესებული 200,000 ლარიანი ლიმიტის შემცირებაზე, რომლის მიღებაც რა მეთოდოლოგიით მოხდა არავინ იცის და სავარაუდოდ მისი შემცირება რის საფუძველზე და რა მეთოდოლოგიით მოხდება ესეც უცნობია. ზოგადად ქვეყანაში მიღებული გადაწყვეტილებები და რეგულაციები, ხშირ შემთხვევაში მოკლებულია ყოველგვარ მეთოლოგიურ შინაარს, არ კეთდება განმარტებითი განცხადებები და ის განცხადებები რაც კეთდება, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ემოციურ დონეზე ხდება. საბანკო რეგულაციების შერბილების გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს ნიშნავს ორ რამეს: პირველი, ეროვნული ბანკი აღნიშნული გადაწყვეტილებით ადასტურებს, რომ საბანკო რეგულაციები მართლაც მკაცრი ფორმის იყო და მეორე, ეროვნული ბანკი და მთავრობა ცდილობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალდებულებები და მითითებები მაქსიმალურად შეასრულონ, მათ თავი მოაწონონ, ხოლო თავად ქვეყანაში დამოუკიდებლად არ ატარებენ ეფექტიან ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას.

7. ელექტროენერგიის გაზრდილი იმპორტი

,,ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, საქართველოში იანვარ-ნოემბერში, საერთო ჯამში, 1 მლრდ 416 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1 მლრდ 281.1 მლნ კვტ.სთ) 10.5%-ით აღემატება, გასული 11 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი მოცულობის ელექტროენერგია - 512 მლნ კვტ.სთ. რუსეთიდან შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული ქვეყნიდან განხორციელებულ იმპორტს 151%-ით აღემატება. აზერბაიჯანიდან კი 203.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვა დაფიქსირდა. ნოემბერში, მსგავსად ოქტომბრისა, იმპორტირებული ელექტროენერგის ყველაზე დიდი წილი, თითქმის 60%, რუსეთზე მოდიოდა, დანარჩენი კი აზერბაიჯანიდან შემოვიდა.’’

ელექტრო ენერგიის იმპორტის ზრდის მიზეზად დასახელებულია მდინარეებში წყლის დონის შემცირება და შესაბამისად შემცირებული წარმოება, რის გამოც თბოსადგურები უფრო ინტენსიურად მუშაობენ და მოხდა დამატებით ელექტრო ენერგიის იმპორტი. დროთა განმავლობაში იზრდება ელექტრო ენერგიაზე მოთხოვნა, როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებლების მხრიდან, რის გამოც უფრო და უფრო აქტუალური ხდება ახალი ჰესების მშენებლობისა და ელექტროენერგიის წარმოების ზრდის საკითხები. ამისათვის დროულად არის გადასაწყვეტი თუ რა გეგმა ექნება სახელმწიფოს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, რომ ახალი გამოწვევებს მომზადებულები დახვდნენ.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/eleqtroenergiis-importi-105-it-gaizarda-mat-shoris-rusetidan---151-it-/45631/

8. "100 საინვესტიციო შეთავაზება" - დაჩქარებული ტემპებით განხორციელებული პრივატიზება

პრივატიზების განხორციელება მნიშვნელოვანი პროცესია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის, მაშინ როცა ქვეყნის აქტივების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია, ამ აქტივების ღირებულება 0-ია, თან არ ხდება მათი ჩართვა ეკონომიკაში, რაც განავითარებდა ბიზნესს, შექმნიდა სამუშაო ადგილებს და ქვეყანა მიიღებდა ეკონომიკურ დოვლათს. მიმდინარე პრივატიზების პროცესი კი მხოლოდ და მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ რეალურ ქონებასთან შედარებით რასაც სახელმწიფო რეალურად ფლობს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით: ,,პრივატიზების ტემპი ყოველგვარ მოლოდინებს აჭარბებს - აუქციონის გამოცხადებიდან 14 დღეში 26 ობიექტი უკვე გაიყიდა, 30 მლნ ლარის შეთავაზებული ფასის ნაცვლად კი მობილიზებულია 40 მლნ ლარზე მეტი. მისივე განცხადებით ინფორმაციით, უკვე ჩატარებული აუქციონებიდან ბიუჯეტში კიდევ 11.5 მლნ ლარი შევა, შედეგად კი წლის ბოლომდე შემოსავლები 100 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მნიშვნელოვანია, რომ გასხვისებულ ქონებას 88.4 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ვალდებულებება აქვს.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/turnava---dachqarebuli-tempebit-vaxorcielebt-masshtabur-privatizacias/45722/

9. ეკონომიკური სამართალდარღვევები

მიმდინარე კვირაც დატვირთული იყო ეკონომიკური სამართალდარღვევებით, გთავაზობთ ყველაზე გახმაურებულ ფაქტებს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3 951 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 81 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 18 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 283 ფაქტი", ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში გატარებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 46,600 ღერი) გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდა პირდაპირ პროპორციულია კონტრაბანდისა და ამ სფეროს ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლასთან. აქციზის განაკვეთის პერიოდულ ზრდას, რომელსაც თითქოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ახდენენ, რეალურად ნეგატიურ შედეგებს ვიღებთ: თამბაქოს მომხმარებლები გადადიან შედარებით დაბალ ფასიან და უხარისხო თამბაქოზე; უძვირდებათ თამბაქო, რაც ნიშნავს ყოველდღიური ხარჯების ზრდას; აქციზის განაკვეთის ზრდა ხელს უშლის თამბაქოს წარმოების განვითარებას ქვეყანაში, რაც აისახება წარმოებაზე და დასაქმების დონეზე; გაძვირებული გადასახადის გამო კიდევ უფრო იხსნება ჩრდილოვანი ბაზარი, რითაც მოგებულები რჩებიან კონტრაბანდისტები, რომელთათვისაც ეს ბიზნესი დღითიდღე უფრო სარფიანი ხდება.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ დაახლოებით 700 ათასი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bm.ge/ka/article/samegreloshi-46600-geri-uaqcizo-tambaqo-agmoachines/45587/

https://bm.ge/ka/article/700-000-laris-girebulebis-miwis-nakvetebis-tagliturad-daufleba--prokuraturis-gancxadeba-/45701/


10. ლარის კურსის ცვლილება დოლართან და ევროსთან მიმართებაში

წლის ნებისმიერ სეზონზე ლარის კურსი მუდმივად აქტუალურ თემას წარმოადგენს. ბოლო მონაცემებით (2019 წლის იანვარი-ნოემბერი) მთლიან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის წილი შეადგენს 71%-ს, რაც იმას ნიშნავს რომ ადგილობრივი ბაზარი უმეტესად იმპორტირებულ პროდუქტზეა დამოკიდებული, შესაბამისად ლარის კურსის ყოველი გაუფასურება სავაჭრო ვალუტებთან მიმართებით აძვირებს იმპორტირებულ პროდუქციას, რაც შემდეგ აისახება გაძვირებულ სამომხმარებლო ბაზარზე. 21 დეკემბრის მონაცემებით ლარის კურსი გამყარდა წინა დღესთან შედარებით, თუმცა გაუფასურდა კვირის დასაწყისთან შედარებით.