მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირის ტოპ 10 ეკონომიკური მოვლენა (27.01.2020 – 01.02.2020)

5e36d4cd1878f
ირაკლი მაკალათია
02.02.20 17:06
5044
გთავაზობთ მიმდინარე კვირის 27.01.2020 – 01.02.2020 მთავარი ეკონომიკური მოვლენების ჩამონათვალს.

1. ეკონომიკური ზრდა


წინასწარი შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 % შეადგინა, ხოლო 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდა 3.8%-ს შეადგენდა. 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, სასტუმროები და რესტორნები. კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.

აღნიშნულ ეკონომიკურ ზრდას პოზიტიურად აფასებს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული ზრდა მაღალი მაჩვენებელია და რაც მთავარია, წინასწარ პროგნოზებზე და მათ შორის IMF-ის პროგნოზზე გაცილებით უფრო მაღალია. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის შეფასებით კი -აღნიშნული ეკონომიკური ზრდა სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

ხშირად ეკონომიკური ზრდის შეფასება არაადეკვატურად ხდება. ეკონომიკური ზრდის მიხედვით ქვეყნების რეიტინგების დალაგება და მათ წარმატებაზე აქცენტის გაკეთება არ არის სწორი ანალიზი. განვითარებულ ქვეყნებს, როგორც წესი ბევრად დაბალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვთ ვიდრე განვითარებად და დაბალ განვითარებულ ქვეყნებს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივები თითქმის სრულად გადასულია კერძო სექტორში, ანუ ეს აქტივები მუშაობს და ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, ხოლო დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში აქტივების უდიდესი ნაწილი კვლავაც სახელმწიფო ბალანსზეა, რაც ნიშნავს, რომ ეს აქტივები არ მუშაობენ, არ არიან ეკონომიკაში ჩართულები, მათი ღირებულება არის 0, შესაბამისად, ასეთ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ მცირე მთლიანი შიდა პროდუქტი და სახელმწიფოს მიერ ,,დაკონსერვებული’’ ეკონომიკური აქტივები, რომელთა ,,გაცოცხლებით’’ შეუძლიათ ჰქონდეთ მაღალი და თუნდაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ხოლო ამჟამად დაბალ განვითარებულ ქვეყნები რატომაც აღწევენ უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვიდრე განვითარებული ქვეყნები, არის ის რომ, ასეთ ქვეყნებს აქვთ მცირე მოცულობის მშპ, ხოლო გარკვეული ეკონომიკური გამოცოცხლებაც კი იწვევს მშპ-ს მაღალ პროცენტულ ზრდას.

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

2. კორონა ვირუსის ეკონომიკური ეფექტი და მისი გავლენა საქართველო-ჩინეთის საგარეო ვაჭრობაზე

ჩინეთი კორონა ვირუს ებრძვის, ,,ცენტრალურ ჩინეთში 11-მილიონიანი ქალაქი უხანი და მის გარშემო არსებული ჰუბეის პროვინცია ფაქტობრივად ჩაკეტილია.’’ პროვინციაში არსებული ქარხნები და საწარმოები შეფერხებით მუშაობენ და მილიონობით ადამიანი ფაქტობრივად იძულებით შვებულებაში არის გასული. წარმოების, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, საბანკო სექტორის და სხვა დარგების შეზღუდული მუშაობის გამო 2020 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის 0.5%-ით შემცირებას პროგნოზირებენ.

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 29 მარტის ჩათვლით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. სპეციალისტები ავიამიმოსვლის შეზღუდვის გამო ტურისტული ნაკადის შემცირებას და ამ დარგში ათობით ათასი დოლარის ზარალს ელოდებიან. 2019 წლის განმავლობაში საქართველოში ჩინეთიდან 48 071 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის პერიოდთან შედარებით 50.9%-ით მეტი იყო. საშუალოდ ჩინეთის მოქალაქე ერთ ვიზიტზე საქართველოში 2.253 ლარს ხარჯავდა, რა მაჩვენებლითაც ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში მეშვიდე ყველაზე მაღალმხარჯველი ვიზიტორები არიან.

კორონავირუსთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, ჩინეთიდან მხოლოდ ცოცხალი ცხოველების იმპორტი შეიზღუდა, სურსათი კი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რისკის ჯგუფს არ წარმოადგენს.

2019 წელსსაქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 14.9%-ითგაიზარდა და 227,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3,0%-ით გაიზარდა და 858,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ძირითად პროდუქცია რასაც ჩინეთში ვყიდით არის: მადნები და კონცენტრატები სპილენძი; ყურძნის ნატურალური ღვინოები; მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი; მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების; კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები; თხილი და სხვა კაკალი. ხოლო ჩინეთიდან შემოგვაქვს: ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან; მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის; მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის; რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები; აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის, ასევე ფეხსაცმელი, მაცივრები, ხორცი, ნათურები და ა.შ.

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

3. ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს ?

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ახვლედიანის განცხადებით კონსორციუმსა და მთავრობას შორის შეხვედრა გაიმართება, ვინაიდან ხელშეკრულების თანახმად განსაზღვრულია 60-დღიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც შიდა მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს, ხოლო თუ 60-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ ვითარება არ შეიცვალა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არბიტრაჟს მიმართავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოზიციის მოსასმენად, თუ რა შეთავაზება აქვს კომპანიას და როგორ შეიძლება აცდნენ საარბიტრაჟო პროცესს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით EBRD დაინტერესებულია, რომ ტენდერის გამართვის პროცესში სახელმწიფოს დაეხმაროს, ტენდერი მათი ეგიდით ჩატარდეს და მომზადებაში თავიდანვე მიიღოს მონაწილეობა.

ანაკლიის პორტის თემის პარალელურად, აქტიურდება ფოთის პორტის საკითხიც, მთავრობის განცხადებით APM-ტერმინალი სურვილს გამოთქვამს ფოთის პორტის გაფართოებაზე და მზად არის პროექტში 250 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადოს, თუმცა მათ მთავრობისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმრთავთ.

მთავრობის კეთილი სურვილებისა და განცხადებების მიუხედავად კი ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერებულია, არ ჩანს არც კონკრეტული ნაბიჯები და დასავლეთიდანაც მწვავე შინაარსის წერილებს იღებენ. კონგრესის წევრების მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრის მისამართით გამოგზავნილი წერილში ერთ-ერთ საკითხად შეშფოთებას გამოთქვამენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტის პოლიტიზებასა და მისი შეჩერებაზე

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

4. „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ - ახალი საპრივატიზაციო ობიექტები

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიას განცხადებით პროგრამის ფარგლებში 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული, საიდანაც დაახლოებით 120 მლნ-ის ინვესტიციას ელოდებიან.

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ახალი ობიექტი ემატება, ე.წ. ,,რიყის დოქები’’ რომლის მშენებლობაზე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 75 მლნ ლარი დაიხარჯა და 7 წლის განმავლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე უფუნქციოდ ირიცხებოდა (და არამხოლოდ რიყის დოქები, უზარმაზარი ეკონომიკური აქტივები ანალოგიურ მდგომარეობაშია), საპრივატიზაციო ნუსხას შეურთდა მისი ღირებულება 95 მლნ ლარს შეადგენს, რაზეც 20 მლნ-ის სამუშაოებია ჩასატარებელი. მისი გაყიდვის პერსპექტივებს ვერ ხედავს თბილისის მერი, კახა კალაძის განცხადებით, ინვესტორები „რიყის დოქებით“ იმ შემთხვევაშიც არ ინტერესდებოდნე, როდესაც მათ ამ ქონებას სიმბოლურ ფასად - 1 ლარად სთავაზობდნენ.

კიდევ ერთი სახელმწიფო ობიექტი რომელსაც ვერ ყიდიან არის წყენთის „სამთავრობო აგარაკები“, ამიტომ შესაძლოა ის აუქციონზე მცირე ლოტებად გამოიტანონ. აღნიშნული ობიექტი, მოიცავს 89,988 კვადრატულ მეტრ ფართობს, რომლის საწყისი ფასი 55,7 მლნ ლარია და რაშიც მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება, უახლოეს მომავალში მომზადდება და გამოცხადდება 100 სერტიფიცირებული აუქციონი სასარგებლო წიაღისეულის მიმართულებით, რაზეც მოთხოვნილი იქნება სულ მცირე 120 მილიონი ლარის ინვესტიცია

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

5. 520-ე დადგენილებამ კლინიკებში დასაქმებულთა ანაზღაურება შეამცირა

21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს მომსახურებებზე დაუდგინა გათანაბრებული ტარიფები. რამაც იმ მომენტიდანვე გამოიწვია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკა. კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დადგენილი ტარიფები რიგ შემთხვევაში ჩამოუვარდებოდა მომსახურების საბაზრო ღირებულებას და ფასების დადგენისას სამინისტროს არ ჰქონია მათთან შესაბამისი კომუნიკაცია, რის გამოც მომსახურებაზე არაადეკვატური ტარიფები დაადგინა. პროგნოზები კი იყო ის, რომ ცვლილებები გამოიწვევდა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუარესებას და მედპერსონალის ხელფასების კლებას, რაც სამწუხაროდ გამართლდა კიდეც. კლინიკების წარმომადგენლების განცხადებით ახალმა ტარიფებმა 35%-ით შეამცირა სამინისტროს მიერ სამედიცინო ჩარევებისთვის გათვალისწინებული სახელფასო კომპონენტი, რასაც კლინიკებში დასაქმებულთა ანაზღაურების შემცირება მოყვა.

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

6. კურორტების მართვის კანონპროექტი - ახალი ინიციატივა

ბაკურიანსა და გუდაურში მდებარე „რედკოს“ დასახლებაში წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ პირველი ნაბიჯი იყო შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის ცვლილება. მომდევნო ნაბიჯი კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კურორტების მართვის კანონპროექტის შეიმუშავება გახდათ, რაც პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიიას მითითებით მოხდა, მისი თქმით ,,საკურორტო ზონას უნდა მართავდეს ერთი გენერალური მენეჯერი“, ვინაიდან, ადგილობრივი ხელისუფლების, ეკონომიკის სამინისტროს, მთის განვითარების სააგენტოსა და ტურიზმის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. ახალი კანონპროექტით მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ დააფუძნონ კურორტების მართვის ორგანიზაციები, რომელსაც ეყოლება თავისი მენეჯმენტი და რომელიც უზრუნველყოფს ამ კურორტებზე მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდებას. ეს კი გულისხმობს ახალი სსიპ-ების შექმნას, რაც დამატებითი სამთავრობო ხარჯების ზრდაა და რამდენად ეფექტიანად და კოორდინირებულად შეძლებენ მუშაობას ეგ ცალკე საკითხია.

მაშინ როცა ბაკურიანსა და გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემა გადაიჭრა, ახლა პრობლემა თეთნულდზეა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით მთის ზედა ნაწილს წყალი ჩვეულებრივად მიეწოდება, ხოლო ქვედა ნაწილს - გრაფიკით.

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

7. ზემო სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა

,,ენერგო-პრო"-ს განცხადებით 2019 წლის დეკემბერში სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ 19 რაიონის ჯამურ მოხმარებას გადააჭარბა. რისი ერთ-ერთი მიზეზიც კრიპტოვალუტების მაინინგია. ენერგო-პროში ამბობენ, რომ მათ 2019 წლის 10 თვეში სვანეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდება 8 მილიონი ლარი დაუჯდათ.
როგორც ცნობილია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მომავალი 10 წლის განმავლობაში, ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის 300 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს. აღსანიშნავია რომ 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, მოხმარება 1,4%-ით გაიზარდა, გაჩენილი დეფიციტის შესავსებად კი 1.6 მილიარდი კილოვატ საათის ყიდვა გახდა საჭირო, რაც დაახლოებით, 80 მილიონი დოლარია.

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

8. ეროვნული ბანკის ახალი ოფისი, რეფინანსირების განაკვეთი და რეგულაციები

• საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ოფისს, რომლის სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 50 მილიონ ლარად არის შეფასებული ამერიკული არქიტექტურული კომპანია GLMV Architecture Inc-ის მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე აშენდება. ახალი ოფისი თბილისის ცენტრში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აშენდება.

• ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 9.0%-ზე დატოვა, რაც ნიშნავს რომ მომხმარებლებს, რომელთა სესხები რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული არ შეუმცირდებათ, ხოლო ახალ მომხმარებლებს შესაძლებლობა არ ექნებათ დაბალი საპროცენტო განაკვეთით ისარგებლონ. ამავე დროს, 2020 წლის 28 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკი უფრო მეტ ფულს ბეჭდავს ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება, ხოლო კომერციული ბანკების გავლით უბრუნდება ფინანსთა სამინისტროს და ხმარდება სახელმწიფო ვალდებულებების გასტუმრებას. როცა ფინანსთა სამინისტროსგან, კომერციული ბანკები ყიდულობენ სახაზინო ობლიგაციებს, მათ ავტომატურად უჩნდებად ლარზე მოთხოვნა და რასაც შემდგომში რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით იღებენ ეროვნული ბანკისგან.

• მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, სესხის გამცემი სუბიექტებისა და კომერციული ბანკებისთვის 2020 წლის თებერვლიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. სესხის გამცემ სუბიექტებს ეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მათ მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. მათი რაოდენობა გასული 1 წლის განმავლობაში 19-ით არის შემცირებული.

• ჩრდილოვანი დაკრედიტების წინააღმდეგ რეგულაციების გამკაცრებას აანონსებს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, თუ კსერძო მევახშეთა მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება, ეროვნული ბანკი მის შესაჩერებლად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

• საშემოსავლო განაკვეთების მიმართულებით რეგულაციის შერბილება 2020 წლის მარტიდან არის მოსალოდნელი. სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ დღეს არსებული 4 საშემოსავლო განაკვეთი, 2 საშემოსავლო განაკვეთამდე შემცირდება. ანუ თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს და თვეში 1000 ლარზე მეტი შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება ხელფასის 60%-ს. 

9. საქართველო ბიზნესის კორუფციისგან თავისუფლების რეიტინგში 27-ე ადგილზეა
Trace International-ის ბიზნესის კორუფციისგან თავისუფლების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე იმყოფება. 2018 წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია უცლელია და რეიტინგით უსწრებს მის მეზობელ ქვეყნებს. სომხეთი - 74-ე ადგილი; აზერბაიჯანი - 79-ე ადგილი; რუსეთის ფედერაცია - 110-ე ადგილი და თურქეთი - 123-ე ადგილი.

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

10. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა. 2019 წლის სამომხმარებლო კალათას გამოაკლდა 2 და დაემატა 1 პროდუქტი. შესაბამისად, 2019 წლის სამომხმარებლო კალათა შედგებოდა 306, ხოლო 2020 წლის სამომხმარელო კალათა 305 დასახელების საქონლისა და მომსახურებისაგან.

სამომხმარებლო კალათას დაემატა შინაური ცხოველების საკვები და ამოიღეს ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი და ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი. ეს პროდუქტები ხასიათდებოდნენ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციის დონით. კონკრეტულად თამბაქოს ნაწარმს მთლიან სამომხმარებლო კალათაში 2,9%-იანი წილი უჭირავს. ცხადია მაღალი ინფლაციის მქონე პროდუქტების ამოღება გარკვეულ გავლენას მოახდენს ინფლაციის საშუალო მაჩვენებელზე და წესით პირველი შედეგი იანვრის ინფლაციის შემცირებულ დონეზეც აისახება. თამბაქოზე ფასების ზრდაზე მთავარ გავლენას აქციზის განაკვეთის ზრდა ახდენს, ასევე ფასების ზრდა გამოწვეულია ვალუტის კურსის გაუფასურებით.