მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წელს თხილზე მოთხოვნა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაიზარდა - თხილის ექსპორტიორთა ასოციაცია

6054b9364f0ab
ვიქტორია მღებრიშვილი
19.03.21 21:20
1282
იანვარ-თებერვალში საქართველოდან თხილის ექსპორტი 125%-ით გაიზარდა და საქართველოს საექსპორტო საქონლის TOP-10-ეულში მე-8 ადგილი დაიკავა. საქსტატის მონაცემებით, თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტით, ქვეყანამ 16.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

რა ფაქტორებმა იმოქმედა თხილის ექსპორტის ზრდაზე და როგორია მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე - ამ კითხვებით BM.GE-მ თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მიმართა. ლევან ქარდავას განმარტებით, ექსპორტი თხილის მოსავლიანობისა და ხარისხის ზრდის ხარჯზე გაიზარდა. მისი თქმით, სახელმწიფოს როლი ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანია და თხილის ხარისხი და მოცულობა სწორედ ამ ღონისძიებების შედეგად გაიზარდა. 

„ამ ორმა ფაქტორმა საბოლოო ჯამში თხილის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. თუმცა ყველაფერი შედარებითია, რამდენადაც გასულ წლებში კრიზისის გამო თხილის უცხოურ ბაზრებზე რეალიზაციის ნაწილში ღრმა კრიზისში ვიმყოფებოდით. ვიმედოვნებთ, რომ ბუნებრივი პირობებიდან და ფაროსანას წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებებიდან გამომდინარე, მომავალში ზრდის დინამიკა შენარჩუნდება და მოსავლიანობა გაიზრდება. გვაქვს გეგმა, რომ სამ წელიწადში თხილის მოსავალმა 100 000 ტონას უნდა მიაღწიოს, რაც თავისთავად ექსპორტის დინამიკაში აისახება“, - განაცხადა ლევან ქარდავამ.

თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, საქართველოში არსებული თხილის რაოდენობა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეა.  

„გლობალურად თხილზე მოთხოვნა შემცირებულია, თუმცა ჩვენი მოსავლიანობის მოცულობებიდან გამომდინარე, საქართველო მაინც ვერ პასუხობს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზრები გერმანია, იტალია, საფრანგეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია, თუმცა ახალი წლის შემდეგ ქართულ თხილზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და რუსეთში გაიზარდა, რაც იმით არის გამოწვეული რომ რუსეთის ბაზარზე თხილის ღირებულება ამ ეტაპზე მცირედით უფრო მეტია, ვიდრე ევროპულზე. მიუხედავად ამისა, ჩვენი ძირითადი ბაზარი ევროპის ქვეყნები იქნება“, - აღნიშნა ქარდავამ.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის 1 კგ გარჩეული თხილის ფასი 6.70 დოლარია, ხოლო ნაჭუჭიანი თხილის ფასი 3 დოლარის ფარგლებშია.