18.აგვისტო .2022 15:55

მიმდინარე წლის 6 თვეში ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 58%-ია - "თიბისი კაპიტალი"

მიმდინარე წლის 6 თვეში ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 58%-ია - "თიბისი კაპიტალი"
views 595
უკან

2022 წლის ექვს თვეში საქართველოდან ჯამში 98 მლნ დოლარის მოცულობის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც 58% ისევ რუსეთზე მოდის.

თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, თვიურ ჭრილში რუსეთზე დამოკიდებულება განსაკუთრებით მაისში გაიზარდა, როცა ღვინის ექსპორტის 65% რუსეთზე მოდიოდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ივნისში 59%-მდე შემცირდა. ჯამში მიმდინარე წელს თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი მოცულობის 20 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი ივნისში განხორციელდა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი წლიურად გაიზარდა, თუმცა ომის დაწყებამ ორ ძირითად საექსპორტო ქვეყანას შორის ნეგატიური გავლენა იქონია, რის გამოც მარტში ექსპორტი 5 მლნ დოლარით შემცირდა, თუმცა კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკრაინის გარეშე ღვინის ექსპორტი წლიურად 3%-ით არის გაზრდილი.

“აშშ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება წინა წელთან შედარებით. ეს შესაძლოა ქართველი ღვინის მწარმოებლების ძალისხმევის შედეგია, რომლებიც ბაზრის დივერსიფიცირებას ცდილობენ, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს. ამის მიუხედავად რუსეთზე კვლავ დიდი წილი მოდის ექსპორტის და მას პოლონეთი და ჩინეთი მოჰყვებიან”,-წერია კვლევაში.

გასულ წელს საქართველოდან 234 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა და ქვეყნის მთლიან  ექსპორტში მისმა წილმა 6% შეადგინა. აღსანიშნავია ის, რომ გასულ წელს ღვინის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზე გავიდა, თუმცა რუსეთს ქართული ღვინის ექსპორტში კვლავ დომინანტური პოზიცია ეკავა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, განხორციელებული ექსპორტის საერთო რაოდენობაში რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით.

რაც შეეხება უკრაინას, მისი წილი გასული წლის მონაცემებით 10%-ს შეადგენდა, გასულ წელს უკრაინაში საქართველოდან 12 921 321 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, დასავლეთ ევროპაში ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ქვეყანა გერმანიაა, სადაც ექსპორტი 59% მოდის, მეორე ადგილზე კი შვედეთია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა