მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარეობს მოლაპარაკება არაერთ ავიაკომპანიასთან, აქცენტი ევროკავშირზეა - ქვრივიშვილი

633d4b2f3fba0
ვიქტორია მღებრიშვილი
05.10.22 13:30
551
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში ავიაციის ინდუსტრია სრულად აღდგა. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმისა და ავიაციის დარგების მიმოხილვის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ავიაციის ინდუსტრიას ტურიზმის სექტორში დიდი როლი აქვს. ავიაციის კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ თუ 2019 წელს შევადარებთ, ავიაციის ინდუსტრია საქართველოში თითქმის სრულად აღდგა. მზარდია ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით მზარდია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ევროპის და სპარსეთის ყურის მიმართულებით, რასაც თავისი პირდაპირი დადებითი გავლენა აქვს ტურიზმის შემოსავალებსა და აღდგენის დინამიკაზე“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილეს კონკრეტული მიმართულებები და ავიაკომპანიები არ დაუსახელებია, ვისთან თანამშრომლობაზე დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ აქცენტი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე კეთდება.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება არაერთ ავიაკომპანიასთან და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქცენტს კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე ვაკეთებთ, იმისთვის, რომ მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა გვქონდეს. რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ქვეყანში არაერთმა საერთაშორისო მაღალი რანგის ავიაკომპანიამ იფრინოს, მაგრამ ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ე.წ. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირებენ, იმისთვის, რომ საქართველოზე წვდომა გაიზარდოს“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ქვეყანაში ავიაციის აღდგენის დინამიკა კი ასეთია: 2022 წლის 9 თვეში საქართველოში ავიამიმართულებების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 96%-ით აღდგა და დღეისთვის მიმართულებების რიცხვი 81-ს შეადგენს.

ავიაკომპანიების რაოდენობა კი 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდა და დღეისთვის ქვეყანის მიმართულებით და ქვეყნიდან 40 ავიაკომპანია დაფრინავს.
ფრენების სიხშირეების რაოდენობა 90%-ით აღდგა და დღეისთვის 355-365 ფრენას შეადგენს.

მხოლოდ სექტემბერში მგზავრთნაკადები 96%-ით აღდგა, ხოლო მიმდინარე წლის 9 თვის აღდგენა 79%-ია.

მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი საერთაშორისო საერთაშორისო აეროპორტებში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში აღდგენის დინამიკა ასეთია:

თბილისი - 73%;
ბათუმი - 95%;
ქუთაისი - 97%, 28 მიმართულება და 21 პირდაპირი ფრენა ევროპის მიმართულებით.