მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინერალური წყალი „ვეძა“ - ყვარელში 150 ათასი დოლარის ინვესტიციით ახალი საწარმო ამოქმედდა

607049eb227d3
ვიქტორია მღებრიშვილი
09.04.21 19:17
3066
ყვარელში 150 000 დოლარის ინვესტიციით კომპანია „მინერალ ჯარვისმა“ მინერალური წყლის „ვეძას“ საწარმო ამოქმედდა.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი მირზიკაშვილი ამბობს, რომ წარმოება 2020 წელს ამოქმედდა, ხოლო „ვეძას“ წყალი "კარფურის" და "ნიკორას" ქსელში 1 აპრილიდან გამოჩნდა. მისივე თქმით, 350 კვ.მ.-ზე განთასებულ საწარმოს, სადაც დღეისთვის 10 ადამიანია დასაქმებული, წყლის წარმოება ლიმიტირებული რაოდენობით შეუძლია. 

"მაღაზიებსა თუ სუპერმარკეტებში მინერალური წყლების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანის მიუხედავად, ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2022 წლისთვის ბოთლის წყლის მოთხოვნა დაგეგმილი წარმოების მიწოდებას გადააჭარბებს, რაც საკმაოდ საინტერესო შესაძლებლობას იძლევა, რომ ბაზარს ახალი პროდუქტი შევთავაზოთ. 

უნდა აღინიშნოს, რომ „ვეძა“ იოდის მაღალი შემცველობის სასარგებლო მინერალური წყალია, რომელიც ყვარელში, მდინარე დურუჯის წყალშემკრები აუზის სათავეში მოიპოვება. მისი რესურსი შეზღუდულია, ამიტომ ამჟამად წლიური წარმადობა ერთ მლნ ბოთლამდეა. იმისათვის, რომ ეს სასარგებლო ნივთიერება ყველა ბოთლში მოხვდეს, შეიძლება ითქვას, იძულებული ვართ „ვეძა“ მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობით ვაწარმოოთ“, - განმარტა „მინერალ ჯარვისის“ ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია წყალს 0.75 მლ. მოცულობის ბოთლებით აწარმოებს, რომლის ღირებულება ბაზარზე 1.99 ლარია.

„2021-2022 წელს გვსურს „ვეძას“ მიწოდება მაქსიმალურად გავშალოთ საქართველოს მასშტაბით. ვფიქრობთ, ბაზრის სრული ათვისების შემთხვევაში, არსებული წყლის რესურსი მთლიანად მას მოხმარდება“, - უთხრა BM.GE-ის ირაკლი მირზიკაშვილი.