მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინიმალური ხელფასი საქართველოში 320 ლარი გახდეს – პროფკავშირების კანონპროექტი

5dbaed088db66
დავით ჯალაღონია
31.10.19 18:16
5452
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საქართველოში მინიმალური ხელფასის 320 ლარით განსაზღვრას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ "მინიმალური ხელფასის შესახებ" კანონპროექტი მოამზადა.

მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი სრულ განაკვეთზე დასაქმებულთათვის თვეში 320 ლარი უნდა გახდეს, არასრულ განაკვეთზე დასაქმებულთათვის კი – საათში 2 ლარი.

პროფკავშირები აღნიშნული კანონის მიღების მიზეზად ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს ასახელებს.

"ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა სიღარიბეა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის დონე 22,3%-ია, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და საარსებო შემწეობას იღებს მოსახლეობის 11,6%.

2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა - 23 526 ადამიანს, 200-ზე ნაკლები- 63 356, 300-ზე ნაკლები კი 114 000-ს, 320 ლარზე ნაკლები კი - 126 665 ადამიანს.

126 665 დასაქმებული დაქირავებით დასაქმებულთა 14.7%-ს შეადგენს. მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია რაც ამ ადამიანებს სიღარიბის ზღვარს მიღმა და შესაბამისად საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრის შანსს ზრდის. მინიმალური ხელფასის არ არსებობის პირობებში ქვეყანას ჰყავს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დაქირავებით დასაქმებულები.

სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, დროა სახელმწიფოსთან ერთად ბიზნესმაც გაინაწილოს სოციალური პასუხისმგებლობა და საკუთარ დასაქმებულებს შეუქმნას არსებობისთვის საჭირო ელემენტარული პირობები", – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხს კანონის მიღებიდან ყოველი მომდევნო 1 წლის განმავლობაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით განიხილავს.

პარლამენტის მიერ დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, კანონის ამოქმედების ვადად 2020 წლის პირველი იანვარია განსაზღვრული.