მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინიმუმ $144 მილიარდის წიაღისეულს ვფლობთ, ეს შეიძლება იყოს მოქალაქეების საკუთრებაში - მეგრელიშვილი

60d9bdab4006a
ინგა მურუსიძე
28.06.21 16:25
5740
პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის სხდომაზე საქართველოში არსებული ბუნებრივი წიაღისეული რესურსებისა და მათი ღირებულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დღეს აკრძალულია წიაღისეულის გასხვისება, თუმცა, ამ რესურსს საკმაოდ დიდი ღირებულება აქვს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაზე იაფი ფასით დავითვლით. ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს წიაღისეულის, ციხე-სიმაგრეების და სხვა ქონების პრივატიზაცია.

ყველაზე იაფი დათვლით, შემიძლია ვთქვა, რომ 144 მლრდ დოლარის ბუნებრივი წიაღისეული შეიძლება იყოს მოქალაქეების საკუთრებაში, - ამბობს მეგრელიშვილი.

მისი განმარტებით, თითოეულ ადამიანზე გადაანგარიშებით 4 მილიონ მოსახლეზე გამოდის, რომ თითოეულს 32 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი რესურსი შესაძლოა ეკუთვნოდეს.

„ბატონო ირაკლი[ღარიბაშვილი] იმ დღეს მითხარით, რომ 5 მილიარდი ლარის ქონება გვაქვს გასაყიდიო... იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი გამოვიარეთ, არაფრის მესაკუთრეები არ ვიყავით, ჩვენ უბრალოდ არ ვფიქრობთ ისეთ რამეებზე, რომელსაც უზარმაზარი ფასი აქვს. მიხარია, რომ ამ ტრიბუნიდან შემიძლია მოქალაქეებს ვუთხრა, თუ რისი მეპატრონეები არიან სინამდვილეში. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ სინამდვილეში ისინი არიან ძალიან მდიდრები, ნებისმიერი დაბადებული ბავშვი მხოლოდ იმ ვალებით კი არ იბადება, რომელიც ავიღეთ, არამედ იმ მემკვიდრეობით, რომელიც მშობლებს არასოდეს მოუთხოვიათ და ვერ გადასცემენ თავიანთ შვილებს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მან დეტალურად განმარტა, თუ რა შეიძლება გაიყიდოს და რა სახის ბუნებრივ რესურსს ფლობს საქართველო:

„ჩვენ აკრძალული გვაქვს წიაღისეულის პრივატიზაცია, ანუ ჩვენი მოქალაქეები ვერასოდეს ვერ იქნებიან საქართველოში არსებული სიმდიდრის: ტყის, წყლის, გზის, პროკურატურის და შს სამინისტროს ქონებების და ა.შ. მესაკუთრეები.

2016 წელს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 12% ტერიტორია არის კერძო მესაკუთრეების ხელში. შეიძლება მას შემდეგ კიდევ მოხდა პრივატიზაცია და ეს რიცხვი შეიცვალა, მაგრამ ძალიან ცოტათი შეიცვლებოდა.

ჩვენ ავიღეთ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება და ამ მოხსენებაში ვნახეთ რამდენი არის საბჭოთა კავშირის დროს დაზვერილი ჩვენი წიაღისეული:

მეტალები საქართველოში გვაქვს 419 მლნ კუბური მეტრი, ეს მე გადავიყვანე ყველაზე ყველაზე იაფ მეტალში, რკინაში და ყველაზე იაფ ფასად, 88 დოლარად კუბური მეტრის დაანგარიშებით გამომივიდა, რომ 37 მლრდ დოლარის მხოლოდ მეტალები გვაქვს; ყველაზე იაფიანი ტყე რომ ავიღოთ, 40 მლრდ-ის ტყე გვაქვს; ნახშირის დაზვერილი მარაგი არის 17 მლრდ-ის“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.