მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრების ცვლილება საქმეს არ უნდა აფუჭებდეს, კურსი უნდა იყოს ერთი - თამარ სანიკიძე

641afc602f64e
თელარა გელანტია
22.03.23 16:49
765
საქართველოს განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრის თამარ სანიკიძის აზრით, მინისტრების ცვლილება საქმეს არ უნდა აფუჭებდეს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში ბოლო საკადრო ცვლილების კომენტირებისას განაცხადა.

- არ ფიქრობთ, რომ იმ სფეროსთვის, როგორიც განათლებაა, სადაც რეფორმების შედეგი 1-2 წელიწადში არ დგება, ბევრია განათლების მეშვიდე მინისტრის გამოცვლა 2012 წლიდან დღემდე?

- ბევრია, მაგრამ საკადრო ცვლილება საქმეს არ უნდა აფუჭებდეს; ყველა მინისტრი თავის რაღაცა ხედვას არ უნდა აყალიბებდეს, მაშინ როდესაც არსებობს მთავრობის მიერ დამტკიცებული განათლების სტრატეგიული განვითარების გეგმა. კურსი უნდა იყოს ერთი.

- ჩვენ განათლების სისტემას ერთი ანუ თანმიმდევრული კურსი ეტყობა?

- თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით ხარვეზები არის... ზოგადად, მე ვუსმინე ახალ მინისტრს <გიორგი ამილახვარს> და მის განცხადებაში ბევრი საინტერესო თემა დავიჭირე.

- რას გამოყოფდით?

- მაგალითად, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია, რომელზედაც წლებია მიდის მუშაობა და თუ კიდევ დაჩქარდება ეს თემები, კარგი იქნება. რას ვგულისხმობ - მეტი უცხოენოვანი დისციპლინების შემოღებას უნივერსიტეტებში, მეტ ერთობლივ პროგრამებს, რაც ნიშნავს თანამშრომლობას სხვა უცხოელ პარტნიორებთან. ერთობლივად განხორციელებულ პროგრამას თავისი სტანდარტი აქვს, იმიტომ რომ განსხვავდება სააკრედიტაციო სისტემები, აქაც უნდა იყოს ბალანსი დაცული. აღსანიშნია, რომ იქ, სადაც გაჩნდა, ორმაგი დიპლომის თუ პარტნიორობით განხორციელებული პროგრამები ძალიან კარგი შედეგები დაიდო. ეს ძალიან მომეწონა, კარგი იყო.

- კიდევ რა მოგეწონათ?

- მნიშვნელოვნად მიმაჩნია აქცენტი სასკოლო რესურსებზე; ძირითადი ლიტერატურიდან დაწყებული დამხმარე ლიტერატურით დამთავრებული - სკოლა ამის სიმწირეს განიცდის და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ეს რესურსები, რათა შინაარსიანი და კარგი გაკვეთილები ჩატარდეს. ბუნებრივია, ეს ხარჯიანია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს თავისთავად უკავშირდება იმ მიმდინარე რეფორმას, რომელიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას უკავშირდება.

ზოგადად, დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. ვიცით, რომ განათლებაში რეფორმებს და მნიშვნელოვან ცვლილებებს, გარკვეულ პერიოდი სჭირდება - რეფორმის განგრძობითობა, დანერგვა, მონიტორინგი და ა.შ.; ჯერ კიდევ არ დასრულებულა საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე შეთანხმება და ამ პროცესის კარგად ამოქმედება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან უნდა ვისაუბროთ უკვე გარკვეულწილად საუნივერსიტეტო მზაობაზე ანუ როგორ მოსწავლეს უშვებს სკოლა, ვინაიდან უნივერსიტეტი ჩივის, რომ სტუდენტი არ არის სათანადოდ მომზადებული.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, აქ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. მესმის, რომ ჯერ კიდევ საბოლოო მიზანს ვერ მივაღწიეთ, რომ არ არის ისეთი მოთხოვნადი და პოპულარული, მაგრამ თუ წინა წლებს შეადარებთ, ალბათ ასჯერ მეტად მოთხოვნადი გახდა პროფესიული გადამზადების პროგრამები, ვიდრე იყო.

- თუმცა დღესაც ხშირად ვერ პოულობენ სამსახურის მაძიებლები და დამსაქმებლები ერთმანეთს...

- ბაზარზე ჩნდება ხოლმე მოთხოვნა ახალ უნარებზე, ახალ პროფესიებზე. ამას სწრაფად სჭირდება გადამუშავება, ფეხის აბმა, მაგრამ მე პროფესიული განათლების განვითარებას და მეტ პოპულარიზაციას უფრო ვხედავ იმ რეფორმაში, რომელიც დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა, გაშლა სჭირდება, - ეს არის ზოგადი განათლების ინტეგრაცია პროფესიულ სწავლებაში.

გაკეთდა პილოტი. ნელ-ნელა ამ სივრცეში შემოდიან პროფესიული სასწავლებლები, მაგრამ აქაც არის გამოწვევა კადრების - პედაგოგების... ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ კერძო სექტორი ჩვენთან იმ დონეზე არ არის განვითარებული რომ სრულად ითანამშრომლოს, მაგალითად, პროფესიულ სასწავლებლებთან.

- რას გულისხმობთ?

- დამსაქმებლის ჩართულობის გარეშე პროფესიული განათლება წარმოუდგენელია. ეს არ არის არც აკადემიური განათლება და არაფერი მსგავსი. ეს არის პირდაპირ მიბმული დასაქმებასთან. დაკვეთა უნდა მოდიოდეს დამსაქმებლიდან.

- თითქოს აქტიურობენ... პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით გამოჩნდა საჭიროება...

- აქტიურობა თანამშრომლობის დონეზე არის, თუმცა ფინანსურ რესურსებს ისინი განათლებაში, ჯერჯერობით, არ დებენ.