17.მაისი .2022 11:37

მინისტრებმა, პრემიერის დავალებით, ნავთობკომპანიებთან შეხვედრა დაიწყეს

მინისტრებმა, პრემიერის დავალებით, ნავთობკომპანიებთან შეხვედრა დაიწყეს
views 828
უკან

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო და შესაძლებელი იყოს გაძვირებული საწვავის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად იაფ და ხელსაყრელ პირობებში მიწოდება. შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონშია, სამწუხაროდ, მსოფლიოში ფასები საწვავზე არის ძალიან მაღალი და გვესმის, რომ გლობალურ ტენდენციას საქართველო ვერ აცდება, მაგრამ ჩვენი მიზანია, მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგება, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანა, რათა ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი", - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით გაიმართა და მასში, ვიცე-პრემიერთან ერთად, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდნენ.

ლევან დავითაშვილის თქმით, მცირე ქსელების წარმომადგენლებთან განიხილეს საწვავის ბაზარზე არსებული სიტუაცია და პროგნოზები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასის დაწევა და მოსახლეობის გაძვირებული საწვავის მაქსიმალურად ხელსაყრელ, იაფ და ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდება, ამაზე ვისაუბრეთ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან. ასევე განვიხილეთ მათი მხრიდან დაყენებული პრობლემები, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ვისაუბრეთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რომლებიც შეიძლება შედარებით უფრო იაფი იყოს, ასევე ხარისხის საკითხებზე და სანდოობაზე“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში კომუნიკაცია გაგრძელდება საწვავის უფრო მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან.

„ასევე ვგეგმავთ მონიტორინგის მასალების გაანალიზებას, რომელიც კონკურენციის სააგენტომ განახორციელა და საბოლოოდ, იმედი გაქვს, რომ მაქსიმალური კოორდინაციით ბაზარზე გვექნება ტრანსფარენტული და კონკურენტული გარემო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა და კონკურენციის სააგენტოს მიერ ბაზრის მოკვლევის ანგარიშის განხილვა დაავალა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა