მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს

5e5762a831f4b
თელარა გელანტია
27.02.20 10:31
578
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

მინისტრის შეფასებით, უწყებათაშორისი კომისია მუშაობს ხარისხიანად და ამის შედეგია ის, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დღემდე არ დაფიქსირებულა.

„გუშინ ღამე განხორციელდა ინფექციური საავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ იყვნენ ინფიცირებულები. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან 5 იტალიიდანაა, 1 იტალიის მოქალაქეა და 4 - ქართველი; 5 მოქალაქე არის ირანიდან, მათგან 1 არის ქართველი და დანარჩენი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და ამ დროისთვის გვაქვს საკმარისი ადგილები იმისთვის, რომ მოვახდინოთ მოქალაქეების, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან, მათი კარანტინში მოთავსება. ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი პირობები. ასევე, ჩვენ გვაქვს მობილიზებული საავადმყოფოები, რომლებიც არის როგორც ქუთაისში, ისე - ბათუმში და არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში. მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი რისკი საქართველოში, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება. შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ 24-საათიან რეჟიმში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.