მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი ჩეხ ტურისტთან დაკავშირებულ დეტალებს ყვება - "მან ფოტოებით წარმოადგინა მარშრუტი"

5e6f4d8c0d835
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.20 13:55
1705
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუმარტა, რატომ მიიღო საკოორდინაციო საბჭომ სამთო კურორტების დროზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩეხი ტურისტი, რომელსაც კორონავირუსი საქართველოდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა, დასასვენებლად გუდაურში იმყოფებოდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ პრევენციულ ზომებს დიდი და კარგი ეფექტი აქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ყველა ის გამწვავება, რომელიც მოსალოდნელია და დღემდე დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში.

თუ რატომ სამთო კურორტები? - ამის მიზეზი კარგად არის ცნობილი: ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, რომელსაც როგორც თვითონ სატელეფონო საუბრისას ყვება, 8 მარტს გამოუვლინდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოსტირება მოხდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, რის შემდეგაც მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენს საელჩოსთან, ისევე როგორც სასტუმროების წარმომადგენლებთან, სადაც ის იმყოფებოდა და დაადასტურა, რომ აქვს კორონავირუსი. ეს გახდა ბიძგი იმისთვის, რომ სამთო კურორტებზეც, ისევე როგორც ყველა სხვა დახურულ სივრცეში დავაწესებთ და ვაწესებთ შეზღუდვებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მოქალაქეს მისი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის და იმისთვის, რომ მან წარმოადგინა ფოტოებით ის მარშრუტი, რომლითაც იმოგზაურა საქართველოში.

„ეს მნიშვნელოვნად დაეხმარა ჩვენს ოპერატიულ სამსახურს, რომ ოპერატიულად გამოევლინა ის პირები, რომლებიც იყვნენ კონტაქტში ამ პირთან. ამ ეტაპზე იზოლირებულია 30 პიროვნება და მიმდინარეობს კიდევ დამატებითი კონტაქტების შესწავლა, რათა სიმპტომების გამოვლენამდე ამ ადამიანების იზოლაციაში მოთავსება მოხდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეხი ტურისტი კახეთშიც იმყოფებოდა.

„კახეთში ის არ იმყოფებოდა; ის ამას არ ადასტურებს. ის იმყოფებოდა გუდაურში - მოწოდებული აქვს როგორც მანქანების ნომრები, რომლითაც გადაადგილდებოდა, ასევე ყველა იმ ლოკაციის მისამართი, სადაც მან გარკვეული დრო გაატარა. მინდა გავაფრთხილო ჩვენი ყველა მოქალაქე და დავამშვიდო, რომ თუ ისინი იმყოფებოდნენ ამ პერიოდში გუდაურში, ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, ვინაიდან კორონავირუსი გადაეცემა ადამიანს, როდესაც მას აქვს 15 წუთზე მეტი დროის კონტაქტი ინფიცირებულთან და მათი დაშორება პიროვნებასთან არის 1 მეტრზე უფრო ნაკლები“, - განმარტა მინისტრმა.