მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: ჩვენ ვვითარდებით, შეიძლება - არა იმ ტემპით, რაც ენერგეტიკოსებს ესიამოვნებოდათ

5de8c6d42cfcf
დავით ჯალაღონია
05.12.19 12:57
933
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ჰესების მშენებლობა იმაზე მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ეს საქართველოში 2017 წლამდე იყო საჭირო.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ენერგეტიკის სექტორის იმ წარმომადგენლების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც ამბობენ, რომ ჰესების მშენებლობის ტემპები შეჩერებულია.

„ჩვენ ვახორციელებთ ენერგეტიკის სექტორის რეფორმას, რომლის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა განახლებადი ენერგიების წყაროების აშენების, შექმნის ხელშეწყობა. ჰესების მშენებლობა, რა თქმა უნდა, უფრო მეტ დროს მოითხოვს და ეს არ არის დღევანდელი პრობლემა, ეს პრაქტიკულად 2017 წლიდან მოყოლებულია, რომ ჰესების აშენებისთვის, თუკი ადრე ეს შედარებით მარტივი იყო, ახლა გაცილებით მეტი მუშაობა მართებს მთავრობასაც და პირველ რიგში, ინვესტორს, რადგან გამკაცრდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, სოციალური პასუხისმგებლობა უფრო ამაღლდა, მოსახლეობამ გაათვითცნობიერა, რომ გაცილებით მეტის მოთხოვნის შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ საკუთარი სოციალური, თუ გარემოსდაცვითი უფლებები დაიცვას ინვესტორთან და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ სამუშაოს საჭიროებს და რიგ შემთხვევაში, ზოგიერთი ობიექტის მშენებლობა შეფერხებულია და დღესაც ფერხდება, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბოლო თვეების განმავლობაში იმას მივაღწიეთ, რომ ზედმეტი ხმაურის გარეშე და როდესაც აჟიოტაჟი არ არის, თქვენც, მედია ამით არ ინტერესდებით, ამიტომ თქვენი ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე, მცირე და საშუალო ჰესები შენდება.

სტატისტიკა გამოვაქვეყნეთ - ბოლო თვეებში 11 ახალი მცირე და საშუალო ჰიდროსადგური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იმ 20-30 ადამიანის დასაქმებისთვის თითოეულ რეგიონში, სადაც ეს გაკეთდა, მწყობრში შევიდა. ეს არის 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია, დაახლოებით 100 მეგავატი“, - განაცხადა თურნავამ.

მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელების მაგალითად კი მინისტრმა „ნამახვანი ჰესი“ დაასახელა.

„ისტორიული კონტრაქტი დამტკიცდა მთავრობის მხრიდან და ეს არის „ნამახვანის“ პროექტი, რომელიც წლებია, მზადდებოდა. ჩვენ ვეხმარებით ინვესტორს, ვვარაუდობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისში მშენებლობის ნებართვა იქნება აღებული, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით და მშენებლობა დაიწყება. ასევე, ქარის რამდენიმე ახალი სადგურის პროექტის განხორციელება დავიწყეთ.

ჩვენ ვვითარდებით, შეიძლება - არა იმ ტემპით, რაც ესიამოვნებოდათ ენერგეტიკოსებს და სჭირდება ჩვენს ეკონომიკას ჯერჯერობით, მაგრამ ტემპი იზრდება. იმ სწორ ბალანსს მივაგენით, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ნაპოვნი მოსახლეობისა და ინვესტორების ინტერესებს შორის, რომ ჰესი აშენდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.