მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: ჩვენთვის მთავარია, მევენახე ფერმერებს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ

5f2116e1059cc
თელარა გელანტია
29.07.20 10:27
1065
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ღვინის ეროვნულ სააგენტოში ღვინის მწარმოებელ 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა 2020 წლის რთველთან დაკავშირებულ ფინანსურ და ორგანიზაციულ საკითხებზე ისაუბრა და მეღვინეებს ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილი რთული პერიოდის ფონზე სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენთვის მთავარია, მევენახე ფერმერებს წარმოებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ და, ამავდროულად, შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. ვმუშაობთ, რომ 2020 წელს ღირსეული რთველი ჩატარდეს, ისევე, როგორც ყველა წინა წელს.

ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა რგოლის კონსოლიდირება, მათ შორის, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია. მიუხედავად კახეთში არსებული სტიქიისა, წელს ველოდებით საკმაოდ დიდ მოსავალს. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც პანდემიამ შექმნა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს. სახელმწიფომ შექმნა ყველა მექანიზმი, რომ რთველმა წელსაც წარმატებით ჩაიაროს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, მეღვინეები ყურძნის ჩასაბარებლად მზად არიან და სახელმწიფოს მხრიდან დარგის მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებენ.

როგორც კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიერ შემუშავებული დარგისთვის ხელშემწყობი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რაც ღვინის მწარმოებლებში მეტი ყურძნის ჩაბარების მოტივაციას აჩენს.

ბოლო წლების განმავლობაში, რთველი სუბსიდიის გარეშე წარმატებით ტარდებოდა. კორონავირუსის პანდემიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და ღვინის ინდუსტრია დააზარალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, დაახლოებით 20 ათასამდე მევენახეს ყურძნის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ ათეულობით კომპანიას ყურძნის შესყიდვის შესაძლებლობას მისცემს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ღვინის მწარმოებლებისათვის სხვადასხვა ტიპის საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობის დამატებითი სტიმული გაჩნდა. შეღავათიანი აგროკრედიტით ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების წლიური 8%-ის ოდენობის თანადაფინანსება მოხდება.