მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი იმპორტიორებს მოუწოდებს, ნეგატიური მოლოდინების ესკალაციაში წვლილი არ შეიტანონ

5e79dd4913a3b
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.20 14:35
770
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იმპორტიორების მიერ 9 სასურსათო პროდუქტის გარდა სხვა პროდუქტებზე ეროვნული ვალუტის გაუფასურებიდან გამომდინარე ფასების ზრდის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმპორტიორებმა ობიეტურ ფაქტორებს მიღმა, დამატებით ნეგატიური მოლოდინების ესკალაციაში წვლილი არ უნდა შეიტანონ.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ მთავრობამ განსაზღვრა ის 9 სასურსათო პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვანია და მათზე ვალუტის კურსის გავლენა გადააზღვია, თუმცა ხელისუფლება ამ ჩამონათვალს 100 დასახელების პროდუქტამდე ვერ გაზრდის, რადგან ეს საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურს მოითხოვს. გარდა ამისა, მინისტრმა ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ინტერვენციებზეც ისაუბრა, რომელიც ერთგვარად დაამუხრუჭებს ლარის გაუფასურებას. შესაბამისად, თურნავამ იმპორტიორებს სთხოვა მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავონ და დაელოდონ მოვლენების განვითარებას.

„გლობალური ეკონომიკური კრიზისია, კორონავირუსის გლობალურად გავრცელებამ დაარტყა ეკონომიკას. ჩვენს ირგვლივ სამეზობლოში, სხვა ქვეყნებიც რომ ავიღოთ, ეროვნული ვალუტები სწრაფად უფასურდება. აქედან გამომდინარე არასწორი და უპასუხისმგებლო იქნება მტკიცება იმისა, რომ ჩვენ მსოფლიო ტენდენციას შევეწინააღმდეგოთ. მთელ მსოფლიოს ეხება ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ვაჭრობა შეწყდა, ტურიზმი შეწყდა - ეს არანორმალური ვითარებაა, რაც აისახა ლარის კურსზე, მაგრამ რაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია და ვაკეთებთ, ეს არის ლარის კურსის გაუფასურების ზემოქმედების შერბილება მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის.

თქვენ იცით, რომ პირველ რიგში, ჩვენ შევარჩიეთ 9 დასახელების სასურსათო საქონელი, რომლის ფასების ზრდა გვაქვს გადაზღვეული და ამას ჩვენ ვამონიტორინგებთ. ანუ ამ საქონელზე ლარის კურსის გაუფასურება არ აისახება. ჩვენ არ შეგვიძლია ეს ჩამონათვალი გავზარდოთ 100 და 200 დასახელებაზე, იმიტომ რომ ეს საკმაოდ სერიოზულ რესურსებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ სწორი პრიორიტეტები შევარჩიეთ. 9 პირველადი მოხმარების სასურსათო საქონელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სასურსათო კალათაში, მათი ფასები არ გაიზრდება და ეს არის გადაზღვეული მიუხედავად ლარის კურსის ზემოქმედებისა.

ასევე, ჩვენი ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს, მათ შორის სოლიდური ინტერვენციებიც განხორციელდა დოლარის ბაზარზე. რა თქმა უნდა, რთულია რომ ჩვენ უკან წამოვიყვანოთ ამ ეტაპზე ეს დინამიკა და დავუბრუნოთ ერთი თვის ან ორი თვის წინანდელ ნიშნულს, გახსოვთ, რამდენად ჯანსაღად იქცეოდა ლარი მაშინ, მაგრამ გარკვეულ შემაკავებელ ეფექტს ეროვნული ბანკის სტრატეგია, ამ შემთხვევაში იქონიებს და გაუფასურების ტემპი იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე იქნებოდა ამის გარეშე.

ჩვენ მომავალშიც ვიზრუნებთ იმაზე, რომ ზემოქმედება ლარის კურსის ცვლილებებიდან გამომდინარე იყოს შერბილებული და ამიტომ იმპორტიორებს მოვუწოდებ, ნუ ვიჩქარებთ რაღაც განცხადებების გაკეთებისგან, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია არ შევქმნათ ნეგატიური მოლოდინი, რაც არის უკვე შექმნილი ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი არ მუშაობს და ექსპორტი არის გართულებული, მაგრამ ამის ზევით წმინდა წყლის ნეგატიური მოლოდინების ესკალაციაა და ამაში თავის შენატანს ნუ გააკეთებენ, იმიტომ რომ ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თუკი დავინახეთ, რომ რაღაც რისკი ექმნებათ პირველადი აუცილებლობის და მოხმარების სასურსათო საქონელს, ჩვენ ამის შერბილებას და რეაგირებას მოვახდენთ. აქედან გამომდინარე, მინდა, რომ ყველა იყოს მეტნაკლებად მშვიდად“, - განაცხადა თურნავამ.