05.დეკემბერი .2019 15:37

მინისტრი პოლიტიკურ დაპირისპირებებზე: ინვესტორების ყურადღება შენებაზე გადავრთეთ

views 281
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რადიკალიზაცია და პოლიტიკური ტურბულენტობა ქვეყანას და ეკონომიკას აზარალებს. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჯდება კანონმდებლობის მოთხოვნებში. ზოგადად, რადიკალიზაცია, პოლიტიკური ტურბულენტობა, დესტრუქცია, რა თქმა უნდა ქვეყანას და ეკონომიკას აზარალებს, მაგრამ თქვენ კარგად ხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესმა, ქართულმა ეკონომიკამ ნაკლებად იგრძნოს ეს ნეგატიური შედეგი, არ დაფრთხნენ ინვესტორები, კომპანიები და პროცესი გაგრძელდეს წარმატებით და ეკონომიკა განვითარდეს და ამას მე მგონი, წარმატებულად ვახერხებთ, რადგან თქვენ ხედავთ, რამხელა ინტერესია პრივატიზაციის მიმართ. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ინვესტორების ყურადღება პოზიტივზე, შენებაზე და სამომავლო დასაქმებაზე გადავრთეთ.

იგივე, ბოლო ციფრები გამოქვეყნდა ტურიზმის მიმართულებით. მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც ტურიზმს გადახდა, მათ შორის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო, ჩვენ მაინც ვახერხებთ, რომ პოზიტიური ტენდენციაა - საშუალოდ, 11 თვეში, 7%-ია ზრდა. ეს არ არის ის, რასაც ველოდით, მაგრამ საკმაოდ პოზიტიურია. ასევეა, სხვა სფეროებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დესტრუქცია, რაც გვაზარალებს და რასაც საერთაშორისო ინვესტორები ყურადღებას აქცევენ, ქვეყანამ და ეკონომიკამ არ იგრძნოს და გპირდებით, რომ ჩვენი ეკონომიკა კვლავ მაღალი ტემპებით განვითარდება, მიუხედავად დესტრუქციისა და რადიკალიზაციისა“, - განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა