06.მაისი .2021 19:32

მინისტრი "სინოფარმით" აცრაზე: WHO-სგან გვაქვს უსაფრთხოების გარანტიები

მინისტრი "სინოფარმით" აცრაზე: WHO-სგან გვაქვს უსაფრთხოების გარანტიები
views 1241
უკან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან აქვს უსაფრთხოების გარანტიები და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Covid-19-ის საწინააღმდეგო ჩინური “სინოფარმით” აცრის პროცესი იქამდე დაეწყო, სანამ ვაქცინა ოფიციალურ ავტორიზაციას მიიღებდა. ამის შესახებ მინისტრმა “მაესტროს” ეთერში ისაუბრა.

“ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ ქვეყანაში იქნება ავტორიზებული ვაქცინა. ამ კვირაში კი დავიწყეთ “სინოფარმით” აცრა, ეს ემყარება იმ საფუძვლებს, რომ ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ...გვაქვს ის მოლოდინი, რომ “სინოფარმი” მიიღებს ავტორიზაციას და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ავტორიზაციის გამოცხადებამდე დავიწყეთ ამ ვაქცინით მოსახლეობის აცრა, რადგან გვაქვს გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან”,- განაცხადა მინისტრმა.

ჩინურ “სინოფარმს” ჯერჯერობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს, თუმცა საქართველოში ამ ვაქცინით აცრა 4 მაისს დაიწყო. WHO სწორედ ახლა განიხილავს, მიანიჭოს თუ არა ავტორიზაცია ჩინურ ვაქცინას.