05.თებერვალი .2020 15:40

მინისტრი: სააგენტო უახლოეს მომავალში 50 ახალ სოციალურ მუშაკზე ვაკანსიის გამოცხადებას გეგმავს

views 189
უკან

"სოციალური მუშაკების შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის სახელმწიფომ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, 1 იანვრიდან გაიზარდა მათი ანაზღაურება, ასევე დაგეგმილია არაერთი რეფორმა ამ მიმართულებით”, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება სოციალური სამსახურის მიმართულებით.

ინფორმაციას სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

„რეფორმის ფარგლებში, სერვისების გაუმჯობესების და გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, 2019 წელს განხორციელდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და 2020 წლის 1 თებერვლიდან, მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებით გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიული პირს - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

შესაბამისად, არარსებული ფუნქციების გამო, თანამშრომლები, რომლებიც ამ მიმართულებით სოციალური მომსახურების სააგენტოს შტატში ირიცხებოდნენ, განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. გათავისუფლებულებს მიეცემათ კანონით განსაზღვრული კომპენსაცია.

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, უწყვეტად აგრძელებს შესაბამისი სერვისების მიწოდებას. ამასთან, სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს გამოაცხადოს ვაკანსია 50 ახალ სოციალურ მუშაკზე. ამჟამად სამინისტროში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა საბოლოო ჯამში, სოციალური მუშაკების საშტატო რაოდენობა 271-დან 350-მდე გაიზარდოს.

რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის 1 იანვრიდან, სოციალური მუშაკების ანაზღაურება გაიზარდა და საწყისი ხელფასი 1200 ლარს შეადგენს. უფროსი სოციალური მუშაკის ხელფასი კი 1400 ლარი გახდა”, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა