მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში მსხვილი ინვესტიციების პოტენციალი არაა

5eba924a0b55a
ინგა მურუსიძე
12.05.20 16:13
1184
"არც ინტერესია და არც პოტენციალი, რომ პირველად წარმოებაში მსხვილი ინვესტიციები ჩაიდოს" - ასე უპასუხა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა BM.ge-ის კითხვას, რომელიც covid-19-ის გამო შექმნილი გამოწვევებიდან გამომდინარე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის პოლიტიკის შესაძლო გადახედვას შეეხებოდა.

„ჩვენი მიდგომა ამ ნაწილში არ შეცვლილა და ვერ შეიცვლება, რადგან ეს იყო ხალხის ნება, რომელიც ჩვენ პოლიტიკაში ავსახეთ და საქართველოს კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ. ასე რომ, სასოფლო-სამეურნეო მიწა ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და აქ შერბილება არანაირადაც არ არის გათვალისწინებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამის არც ინტერესია და არც პოტენციალი, რომ პირველად წარმოებაში მსხვილი ინვესტიციები იყოს მაშინ, როდესაც ძალიან დიდ ინტერესს და პოტენციალს ვხედავთ უცხოური საწარმოების საქართველოში გადმოსვლის კუთხით, მაშინ, რიდესაც ის შეიძლება მოიცავდეს გადამამუშავებელ მრეწველობას, სასურსათო მრეწველობას და ა.შ...  ჩვენი სასოფლო-სამეურნეო სტრუქტურა ასეთია - დაახლოებით, 90%-ია 1 ჰა-მდე და როგორ წარმოგიდგენიათ 1 ჰა მიწაზე ინვესტიცია?! რეგისტრაცია აძლევს საშუალებას ფერმერებს, რომ დაარეგისტრირონ მიწები და იყვნენ ჩვენი ლეგალური და რეალური პარტნიორები; ვხედავთ, რომ ამხელა მუხტი არსებობს, მათ შორის შიდა ინვესტიციის და არსებობს სახელმწიფოს შიდა ბერკეტები შიდა ინვესტიციების მეტად მოზიდვის კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მთავრობა არასოდეს გამორიცხავს, რომ სოფლის მეურნეობაში არ იქნება ინვესტიციები, მათ შორის პირდაპირი ინვესტიციები, თან პირველად წარმოებაში.

„სოფლის მეურნეობა არის ფერმერის ურთიერთობა მიწასთან. ფერმერი არ არის საერთაშორისო კორპორაცია, რომელიც ზღვის გადაღმა აკეთებს ინვესტიციებს და კორპორატიული მართვით არის წარმოდგენილი. ფერმერი არის დიდწილად კონკრეტული წარმოების მქონე სუბიექტი, მეურნეობა, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. ის უნდა გაძლიერდეს, მაგრამ არსებობს აგროსასურსათო კომპონენტი, სადაც არის ძალიან ბევრი ინოვაციური, კორპორატიული მართვის სივრცეებიც. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ამ სივრცეებს და უცხოური კომპანიებიც გვყავს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რძის ყველაზე მსხვილი გადამამუშავებლები, რომლებიც არიან წარმოდეგნილი მათ შორის ქართულ ბაზარზე“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.