მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: ტყიბულში ჩამოვედი იმის მოსასმენად, როდის გაისტუმრებენ სახელფასო დავალიანებას?

5d8cbb0f39184
ლიკა გურაბანიძე
26.09.19 17:16
911

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებთან ჩავიდა. როგორც მინისტრი განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ ბიზნესი თავის ვალდებულებას ვერ ასრულებს, მთავრობა მზად არის, მისაღები გამოსავალი ორ მხარეს შორის ერთობლივად მოინახოს.

„მე აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩამოვედი. ჩვენ არ შეიძლება არ გვაღელვებდეს ტყიბულელი მეშახტეების ბედი და ზოგადად ტყიბულის ნახშირის მომავალი. ეს არის მნიშვნელოვანი დარგი, მასზე მთელი რაიონი არის მიბმული და დამოკიდებული, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ სიტუაციიდან გამოსავალს ერთობლივად მოვნახავთ. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ბიზნესის ვალდებულებაა, მაგრამ თუ ბიზნესი რაღაც მიზეზის გამო თავის ვალდებულებას ვერ ასრულებს, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავერთოთ და ერთად მოვნახოთ მისაღები გამოსავალი", - განაცხადა თურნავამ.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ის „საქნახშირისგან“ დღეს პასუხებს სახელფასო დავალიანების გასტუმრებაზე და მოპოვების რეჟიმის აღდგენაზე ელოდება.  

„ადამიანები შახტაში პროტესტის ნიშნად არ უნდა ჩადიოდნენ, იქ ნახშირის მოპოვებისთვის უნდა ჩავიდნენ. მეშახტეები უნდა მუშაობდნენ იღებდნენ შრომის ანაზღაურებას და ჰქონდეთ შრომის უსაფრთხო პირობები. ამ კითხვებზე პასუხი მინდა, რომ მოვიფიქრო, როდის იქნება სახელფასო დავალიანება გასტუმრებული და ჩვენთვის მისაღები იქნება მხოლოდ უმოკლესი ვადები და როდის აღდგება მოპოვების ნორმალური რეჟიმი და აქ გვინდა, რომ გეგმა მოვისმინოთ, მოდერნიზაციის და უსაფრთხოების მიღწევის“ - განაცხადა თურნავამ.

გუშინ ტყიბულში 40-მდე მუშა შახტაში ჩავიდა, გამოაცხადა შიმშილობა და “საქნახშირისგან” ხელფასების გაცემას ითხოვდა, რაზეც დამსაქმებელი “ფინანსური კრიზისის” გამო უარს აცხადებს.