მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტს აჯამებს – რა ინფორმაცია მიაწოდა ზალკალიანმა კონგრესმენებს?

5e3fddde59047
BM.GE
09.02.20 16:15
1046
"ვიზიტი იყო კარგი შესაძლებლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს პირველწყაროდან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ყველა საკითხზე და ვფიქრობ, მე ეს შევძელი, რადგან შეხვედრის შემდგომ, მათ ჰქონდათ პოზიტიური გამოხმაურებები", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვაშინგტონში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

დავით ზალკალიანმა ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შესახებ, მათ შორის, საუბარი შეეხო კონგრესმენების გამოგზავნილ წერილების, რომლებშიც გამოთქმულია შეშფოთება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არასწორია საზოგადოებისთვის ამ წერილების იმგვარი მიწოდება, თითქოს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას რაიმე საფრთხე ემუქრება.

"ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორის აზრი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც საგარეო პოლიტიკის, ისე შიდა პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ის სენატორები, კონგრესმენები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, როგორც საქართველოს მეგობრებს, მათი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ დიდ წილად იყო განპირობებული იმ მაღალი სტანდარტებით, რაც საქართველომ დააწესა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონს განუსაზღვრა დემოკრატიის უაღრესად მაღალი სტანდარტი.

ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასებები. ეს არის ის უამრავი შეფასება, რომელსაც ჩვენ ხშირად ვისმენთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის იმ ანალიტიკური ცენტრების მხრიდან, ვისთანაც შეხვედრები მქონდა. თუნდაც ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ანგარიშიდან, სადაც ძალიან მაღალი შეფასებები გვაქვს იგივე რეიტინგების კუთხით ქვეყნის წინსვლასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი განცხადებით, საქართველოს დემოკრატიულობას სტრატეგიული პარტნიორები კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ.

"ამას ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ და ამაშია მთელი პრობლემა, რომ სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების მხრიდან მათი გამოყენება ხდება შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ის წერილები, რომლებიც იყო გამოგზავნილი, მათი წარმოჩენა ჩვენი საზოგადოებისთვის ხდება იმდაგვარად, რომ თითქოს ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დასრულებულია, რომ მათთვის საქართველოს ხელისუფლება სანდო პარტნიორი აღარ არის და თითქოს უკვე გადაწყვეტილი არის არჩევნების ბედი, რაც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კლასიკური მაგალითი", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრაზე მან ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

"რა თქმა უნდა, მათი მხრიდან არ იყო ნათქვამი, რომ თქვენ გინდა თუ არა, აუცილებლად პროპორციული სისტემა უნდა შემოიღოთ, რადგანაც ასევე არის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, მათ შორის ეუთოს ოდირის რეკომენდაცია, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი და ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც გვეუბნებიან, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა ქვეყნის სუვერენული უფლებაა.

მოლაპარაკების პროცესი ორმხრივი პროცესია. ყველა მხარე თუ რაღაც დათმობაზე არ წავიდა, რა თქმა უნდა კონსენსუსი ვერ იქნება მიღწეული, ამიტომ აუცილებელია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მე კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - იმ საგარეო გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით, იგივე ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე. როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაზე, ასევე ეკონომიკურ განვითარებაზე, ამიტომ ყველაფერი ამის გათვალისწინებით აუცილებელია, რომ ძალებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და მოხდეს შეთანხმება და რა თქმა უნდა ეს იქნება ყველასთვის მომგებიანი და მთლიანად ქვეყანა მოიგებს ამით და არა რომელიმე ცალკეული პოლიტიკური ძალა.

მათ მივაწოდე ინფორმაცია ჩატარებული რამდენიმე რაუნდის შესახებ, ასევე იციან, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართება კიდევ ერთი რაუნდი, რომელმაც მე მიმაჩნია და ყველა ვთანხმდებით, რომ უკვე დროა რომ საბოლოო შედეგზე შევჯერდეთ ოპოზიციასთან, რადგანაც თუ კი რამე შეთანხმება იქნება მიღებული, დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილება, ეს მოითხოვს გარკვეულ დროს.

ამიტომ ჩვენს პარტნიორებს ეს ძალიან კარგად ესმით. მე მათ ძალიან დეტალურად ვესაუბრე ამ სისტემაზე და ასევე დავარწმუნე იმაში, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, ვისთან ერთადაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ, როგორც საპარლამენტო ასევე აღმასრულებელ დონეზე, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც მათგან მოდის იქნება ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან გაზიარებული და მათი სურვილიც ეს არის, რომ ჩვენ ჩავატაროთ ისეთივე არჩევნები, როგორც 2012 წლის შემდგომ ვატარებდით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კიდევ ერთმა წევრმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ბაბინმა, იანვარში საქართველოს მთავრობის მეთაურს გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა. აღნიშნული დოკუმენტი 2020 წლის 23 იანვრით თარიღდება და მისი ასლი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსაც გაეგზავნა.