13.სექტემბერი .2019 18:17

მინისტრის მოადგილე: აზიური ფაროსანასგან თხილზე ზარალი 2-3%-ის ფარგლებში იქნება

views 305
უკან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ დონორებისა და მეთხილე ფერმერების დახმარებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში გარდატეხის შეტანა შეძლო.

ამის შესახებ ხანიშვილმა ჟურნალისტებს თხილის მწარმოებელთა ფედერაციის მიერ დარგში, ამ დროისთვის არსებული ვითარების შესახებ გამართული კონფერენციის ფარგლებში განუცხადა.

"სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული იყო, რომ პროგრამა წარმატებული იქნებოდა, თუ ზარალი არ გადააჭარბებდა 15%-ს, რომელიც მონიჭებული იქნება აზიური ფაროსანასგან. ზარალი ფაროსანასაგან 2-3%-ის ფარგლებში შეიძლება გვქონდეს, მეტი არ არის.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ჩვენ შევძელთ და ის ღონისძიებები, რაც აზიური ფაროსანას ფარგლებში იყო, გარდავსახეთ მოსავლის მიღების ღონისძიებებში - ანუ ერთის მხრივ, გავანეიტრალეთ აზიური ფაროსანას ზემოქმედება, მეორეს მხრივ კი თხილის სექტორში წარმოება 45 ათას ტონიან ნიშნულს მივუახლოვეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპორტმა, რაც გასულ წელს განხორციელდა, დაახლოებით 25-30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წელს ალბათ 100-110 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება, ანუ თითქმის გაოთხმაგდება", - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა და სხვადასხვა სოკოვანი დაავადებები თხილის პლანტაციებში 2016 წელს გაჩნდა, რის შედეგადაც ქართულმა თხილმა საექსპორტო პოზიციები დათმო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა