მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე: გაზსაცავის პროექტზე სამშენებლო ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმდება

5db706a3c45c2
დავით ჯალაღონია
29.10.19 10:15
1451
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი 2023 წელს ექნება. ამის შესახებ თვალაბეიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჯერჯერობით, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს და ობიექტის მშენებელი კომპანია გამოვლენილი არ არის, 250 მლნ ევროს მოცულობის სესხი კი KFW–სა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან პროექტს უკვე დამტკიცებული აქვს. სესხს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საკუთარი სახსრებით მოემსახურება.

"რაც შეეხება ტენდერს, როგორც ვიცი, სამი დიდი კომპანიაა მშენებლობით დაინტერესებული. მათ სატენდერო პროცედურების 45 დღით გაგრძელება ითხოვეს, რომ დამატებითი ინფორმაცია წარმოადგინონ.

ვფიქრობ, წლის ბოლომდე სამშენებლო ხელშეკრულება გაფორმდება და პირველი, რასაც სამშენებლო კომპანია გააკეთებს, ორ ჭაბურღილს გაბურღავს, რომლითაც უფრო კარგად დაადგენს ტექნიკურ მახასიათებლებს. საუბარია, რა წნევას შეიძლება გაუძლოს არსებულმა საბადომ. საბოლოოდ, დეტალური პროექტი მომზადდება და 2023 წლისთვის ეს გაზსაცავი გვექნება", – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა და აქვე დეპუტატებთან ამ გაზსაცავის მნიშვნელობა განმარტა.

"რაში გვჭირდება ეს გაზსაცავი? – იმისთვის, რომ "შაჰდენიზიდან" ჩვენს მიერ მისაღები გაზის მოცულობა (გატარებული გაზის 5%), არ მოგვეწოდება თანაბრად, ამიტომ 2023 წელს, როცა მოცულობები გაიზრდება, არ გვეცოდინება ზაფხულში გაზი სად წავიღოთ, ზამთარში კი ნაკლები გაზი გვექნება. ამიტომ 300 მლნ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზს ამ გაზსაცავში შევინახავთ", – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ გაზსაცავის სამშენებლო ვადებმა არაერთხელ გადაიწია. ბოლო ინფორმაციით, მისი დასრულება, როგორც მინისტრის მოადგილემაც აღნიშნა, 2023 წელს იგეგმება. პროექტის ბიუჯეტი 250-300 მილიონი დოლარია.