27.ნოემბერი .2019 17:21

მინისტრის მოადგილე: კლინიკებისთვის ტარიფის ცალმხრივად, დისკუსიის გარეშე დადგენა უპირატესია

views 1073
უკან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებისთვის ახალი ტარიფების განსაზღვრასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რომელსაც წინ დღეს დილით, კლინიკების მენეჯერების, ექიმების და დარგობრივი ასოციაციების პრესკონფერენცია უძღოდა, რომელზეც სამედიცინო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მთავრობის 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 

თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ტარიფების დადგენამდე კლინიკებისგან გამოითხოვა სრული ხარჯთაღრიცხვა იმ პროცედურების თვითღირებულებათა შესახებ, რომელთაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამინისტრო აფინანსებს. გაბუნიას თქმით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით სამინისტრომ შეიმუშავა შეწონილი საშუალოს ფუნქცია. ამასთანავე, მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან ტარიფის უნილატერალურად, დამატებითი დისკუსიებისა და მოლაპარაკებების გარეშე დადგენა ბევრად ხელსაყრელია.

“ამ შემთხვევაში მარეგულირებლის მიერ უნილატერალური მიდგომით ანუ ცალმხრივი მიდგომით მის მიერ ფასების დადგენის მეთოდი არის უპირატესი მეთოდი, იმასთან შედარებით, როდესაც ხდება ინდივიდუალური დისკუსიები და მოლაპარაკებები, სადაც ძალიან მაღალია ბიზნეს ინტერესების ჩარევის და ინტერესთა კონფლიქტების ალბათობა,”- ამბობს მინისტრის მოადგილე.

თამარ გაბუნია აცხადებს, კლინიკების მიერ დასახელებული დეფიბრილატორის მაგალითიც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგანაც ახალ ტარიფებში სამართლიანად არის გათვალისწინებული იმ აპარატურის ღირებულება, რომლითაც შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციები ტარდება.

“ჯანდაცვის სამინისტრომ იმუშავა თავის დროზე კონკრეტული ტარიფების დადგენაზე საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად. სამინისტროს ფინანსების ჯგუფი აღნიშნულზე მუშაობდა. საფუძველი ამ ცვლილების იყო კლიენტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ფაქტობრივი ხარჯების შესახებ. ამ შემთხვევაში ივნისის თვიდან დაიწყო კომუნიკაცია მიმწოდებელ კლინიკებთან, იმისთვის რომ ჩვენ მიგვეღო ობიექტური და ზუსტი სურათი ფინანსური დანახარჯების, რომელიც კლინიკებს აქვთ ამ კონკრეტული მიმართულებით. ეს მონაცემები შეიკრიბა, დამუშავდა, გაანალიზდა და გამოყვანილ იქნა ახალი მაჩვენებლები, რომლებიც სრულად ეფუძნება ამ მაჩვენებლებს. ის სახარჯი მასალები, სამედიცინო პერსონალი თუ დანარჩენი მოწყობილობა, რომელიც სჭირდება ამა თუ იმ ინტერვენციის განხორციელებას, იქ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ჩამონათვალში.

ახალი ტარიფის ფასი არ იყო მარტივი საშუალო და გასაშუალოებული სხვადასხვა ფასების, გამომდინარე იმ არაერთგვაროვანი პირობებისა, რომელიც არის სხვადასხვა კლინიკებში. ერთ ინტერვენციაზე ერთ კლინიკაში ფასი - 17,000-19,000 ლარის ფარგლებში, მეორეში კი - 34,000 ლარის ფარგლებში. ეს უთანაბრობა, რომელიც საკმაოდ ძნელი ასახსნელია ტექნიკური განმარტებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გაანალიზდა და გამოყვანილი იქნა შეწონილი საშუალო, რომელიც ასახავს ყველაზე ხშირად განმეორებად ფასს. სწორედ ეს აისახა ტარიფში. ყველაფერი ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას სათანადო და ობიექტური მონაცემები და დოკუმენტირებულია ეს ყველაფერი.

იყო დიდი მღელვარება და ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული დეფიბრილატორი ღირდა ძალიან მაღალი ფასი და ეს ფასი არ არის გათვალისწინებული იმ ტარიფში, რომელიც ამ კონკრეტული ინტერვენციისთვის 13,500 ლარად განისაზღვრა, მათ შორის დეფიბრილატორის ფასისთვის იყო გათვალისწინებული 9,000 ლარი, რომელიც ასევე ჩვენ მიერ ჩაიდო ტარიფში.

თუ არსებობს სხვა საფუძველი, რის გამოც ეს მათთვის მიუღებელია, გარდა იმისა, რაც გაჟღერდა ტელევიზიით და რაც გაშუქდა, მაშინ თქვან", - ამბობს თამარ გაბუნია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა