მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე: შენდება ჰესები, პროექტებია, უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

5d7f9f7904ad9
დავით ჯალაღონია
16.09.19 20:00
1776
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი არ იზიარებს კერძო სექტორის იმ წარმომადგენლების პოზიციას, რომლებიც ამბობენ, რომ მიმდინარე წელს, პანკისში "ხადორი 3"-ის ელექტროსადგურის პროექტის შეჩერებამ სხვა რეგიონებში დაგეგმილ პროექტებზე "დომინოს ეფექტი" იქონია.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ ამან დომინოს ეფექტი გამოიწვია, შენდება ჰესები, მნიშვნელოვანი პროექტებია, უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჰესების უმრავლესობა, რომელიც დაგეგმილია, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

წელს ჩვენ დაახლოებით, მილიარდი დოლარის ინვესტიციების პაკეტი შევკარით სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის არის "ნამახვანის პროექტი", ქარის 350 მგვტ სიმძლავრის პროექტები", - განაცხადა თვალაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კითხვაზე, როგორ მიმდინარეობს "ხუდონჰესის" პროექტი, რომლის განხორციელების ფინანსური მოდელის წარმოდგენას ხელისუფლება დაახლოებით, ორი წლის წინ გეგმავდა, მინისტრის მოადგილე პასუხად ამბობს, რომ ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას ვერ გააჟღერებს.

"ხუდონჰესის" პროექტს რაც შეეხება, მე არ მაქვს ამ ეტაპზე არანაირი დამატებითი ინფორმაცია, რომლის გაზიარებაც, ამ ეტაპზე ვთვლით, რომ საჭირო იყოს", - აღნიშნა მან.

2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში თითქმის 57%-ით შემცირდა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კი - 37%-ით.

შეგახსენებთ, რომ სწორედ „ხადორი 3“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სხვა რეგიონების მაცხოვრებლებისთვის გადამდები აღმოჩნდა.

"სამწუხაროდ, პანკისმა დომინოს ეფექტი გამოიწვია და ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მოსახლეობა ერთ ადგილას გამოვიდა, გააპროტესტა და შეაჩერა მშენებლობა და ეს ერთ ადგილას მოხდა, რატომ არ შეიძლება რომ სხვაგან მოხდეს და შესაბამისად, დომინოს ეფექტი არის ის, რომ ყველა სხვა რეგიონში კიდევ უფრო გამწვავდა პრობლემები.

თუკი ხელისუფლების წარმომადგენელმა (შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისში განაცხადა) საჯარო სივრცეში თქვა, რომ მოსახლეობის 90% თუ თანახმა არ იქნება, არ აშენდება, ამ 90%–ს ახლა ყველა ხეობაში, სოფელში ითხოვენ სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ მშენებლობა. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ თავის დროზე ვაშენებდით დიდ ხუდონს, რომელზეც ვთქვით, რომ ეს არ გვინდა და დავიწყოთ მცირე და საშუალო ზომის ჰესები. გადავედით ამ ჰესებზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერ ვაკეთებთ, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგია. ახლა მთავარია გავარკვიოთ, სად მივდივართ – ან ერთი, ან მეორე გზით უნდა წავიდეთ", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ BM.GE-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცნობისთვის: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მომზადებულ ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში მოცემულია ყველა იმ პერსპექტიული ელექტროსადგურის ნუსხა, რომელიც სხვადასხვა პერიოდში შესაძლოა, ქსელს მიუერთდეს ანუ ექსპლოატაციაში შევიდეს.

მათგან BM.GE-მ ის ობიექტები გამოყო, რომელიც ან გასულ წელს უნდა ამუშავებულიყო ან - მიმდინარე წელს. ამ პერიოდში გადავადებული ობიექტების ჩამონათვალშია: ხელრა, იფარი, მტკვარი, ნაკრა, ქვედი, ზეკარი, ანდეზიტი, ასევე საშუალა ჰესი ერთი და ორი.

ამ პროექტების ნაწილი რამდენიმე თვით, ნაწილი კი, რამდენიმე წლით გადავადდა. მათგან საერთო ჯამში, წლიურად, საქართველო 392 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მიღებას ელოდა.