მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე "ხადორი 3"-ის პროექტზე: მოსახლეობის მხარდაჭერა თუ არ იქნება, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ

5de7d06427e22
დავით ჯალაღონია
05.12.19 10:15
1185
პანკისის ხეობაში, "ხადორი 3" ელექტროსადგურის მშენებლობის შეჩერებიდან შვიდ თვეზე მეტი გავიდა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, ამ პროექტზე ინვესტორი ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობს და თუ მათ შორის კონსესუსი იქნება მიღწეული, პროექტი განხორციელდება.

"რაც შეეხება "ხადორი 3"-ის ჰიდროელექტროსადგურს, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ როგორც ეს პროექტი, ასევე ნებისმიერი სხვა ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მაშინ განხორციელდება, თუკი იქნება ფართო კონსესუსი პირველ რიგში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ეს მხარდაჭერა თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერანაირად ვერ დავუჭერთ რომელიმე პროექტის განხორციელებას მხარს.

ჩვენი ინფორმაციით, ინვესტორი ამ და სხვა პროექტთან დაკავშირებით მუშაობს, გარკვეულ ნაბიჯებს დგამს მოსახლეობასთან მიმართებით, შედეგი თუ დავინახეთ, ამ პროექტის განხორციელებას მხარს დავუჭერთ. ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ურთიერთობას და კომუნიკაციას ინვესტორებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, არა მარტო "ხადორი-3"-ის, არამედ ყველა პროექტთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

ცნობისთვის: თავად პროექტის განმახორციელებელი კომპანია "ფერის" ხელმძღვანელმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ "ხადორი 3"-ის პროექტი 5.4 მეგავატ სიმძლავრეზეა გათვლილი და მისი მიმდინარე წლის 21 აპრილს, პანკისის ხეობაში, მოსახლეობის მიერ გამოთქმული პროტესტის შემდეგ შეჩერდა.