მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მტკიცებით, სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა საჯარო სექტორში შტატებს არ გაზრდის

620a26adae89c
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.22 14:40
695
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობაზე პრემიერის მიერ დღეს წარდგენილი სოცდაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამა საჯარო სექტორში დასაქმების ზრდას არ გამოიწვევს.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, ეს არის "საზოგადოებრივი სამუშაოები", რომელსაც პროფილური სამინისტროები სოციალურად დაუცველებისთვის შექმნიან.

„ეს არ გამოიწვევს საჯარო სექტორში დასაქმების ზრდას – ეს არ გულისხმობს საჯარო სექტორში დასაქმებას. საზოგადოებრივი სამუშაოები ცალკე კატეგორიაა, რომელიც ყველა იმ ქვეყანაშია გამოყოფილი, სადაც ასეთი პროექტები ხორციელდება. ეს ცენტრალური თუ აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაა, ამას საზოგადოებრივი სამუშაოები ჰქვია. დაფინანსების წყარო იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და ეს არ არის მიბმული საჯარო სექტორში დასაქმებულების ზრდასთან, გაბერილ შტატებთან თუ კადრებთან. ამ ადამიანების ინტეგრირება ისეთ უწყებებში მოხდება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამა თუ იმ საჯარო ფუნქციის შესრულებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ აქ გაუმჯობესებას და ბევრი პრობლემის მოგვარებას ველოდებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა 200 000 სოცდაუცველის “ამუშავების” პროგრამის დაწყება 1 მარტიდან დააანონსა. ახალი პროგრამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში წარადგინა. მაშინ ღარიბაშვილმა იმდროინდელ გარემოს დაცვისა და დღეს უკვე ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს კომისიის შექმნა დაავალა, რომელიც ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნების გამოცდილებას შეისწავლიდა და პროგრამა საქართველოშიც ამოქმედდებოდა.