მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის პროგნოზით, სტაციონარებში 3500-მდე კოვიდინფიცირებულის მართვა შეუძლიათ

5e88f45c1d044
BM.GE
05.04.20 00:53
1644
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის კონტროლი დაიწყო ორი თვის წინ და რეგულირების სააგენტოს მიერ დეტალურად შემოწმდა ყველა ინფრასტრუქტურა, რომელიც უკვე ეტაპობრივად ჩაერთო კოვიდინფექციის მართვაში.

ამის შესახებ მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე განაცხადა.

„იმ ხარისხობრივი გადანაწილების შემდეგ, დღესდღეობით ჩვენ განმეორებითად ვსწავლობთ იმ შედეგებს, იმ გაიდლაინების მიწოდების შედეგად, რომელიც უნდა მოეწოდებინათ ჩვენთვის კლინიკებს, რომელიც შემუშავდა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან ერთობლივად. დღესდღეობით, ჩვენ გვყავს რამდენიმე სამონიტორინგო ჯგუფი როგორც რეგულირების სააგენტოს მხრიდან, ასევე დამატებით ექსპერტების მხრიდან, რომლებიც ყოველდღიურ რეჯიმში, ყველა რეგიონში შეამოწმებენ როგორც ცხელების მართვის კლინიკებს, ასევე კოვიდ სტაციონარებს. ამის შემდეგ, ჩვენ უკვე გვექნება სრული მზაობა, როდესაც ეს მონიტორინგის ჯგუფები დაასრულებენ ზედამხედველობას საავადმყოფოებზე.

ჩვენ ამ ეტაპისთვის კოვიდის მართვაში ჩართული გვყავს უკვე 20 საავადმყოფო. ცხელების კლინიკებში ჩვენ ვთვლით, რომ ჩაერთვება დამატებით 40 ჰოსპიტალი რეგიონების მხრიდან და დაავადების მატებასთან ერთად, კიდევ გვაქვს რესურსი, რომ ჩავრთოთ 15 დამატებითი ჰოსპიტალი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, საქართველოს სტაციონარებში არის 15 ათასამდე საწოლი და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტი საწოლის დატვირთვა კოვიდინფიცირებული პაციენტებით.

„საერთო ჯამში, გვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია, ვმართოთ 3500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით და ასევე გვაქვს იმის საშუალება, რომ 5000-ზე მეტი პაციენტი ვმართოთ უკვე საკარანტინო ზონებში, რომელთა მეთვალყურეობასაც დატრენინგებული ოჯახის ექიმები და ეპიდემიოლოგები განახორციელებენ. აქედან გამომდინარე, ის საშუალო რიცხვი, რომელიც დღეს საქართველოს შეუძლია მართოს, არის დაახლოებით 10 ათასამდე, თუმცა ჩვენი ჰოსპიტალური სერვისების რესურსიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ იცით, რომ საქართველოში არის 15 ათასამდე საწოლი, ჩვენ შეგვიძლია, საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი საწოლის დატვირთვა კოვიდინფიცირებული პაციენტებით. თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩვენ გვყავს გარკვეული რესურსი ექიმებისა და თანაფარდობა საწოლფონდისა და ექიმების არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ ეტაპისთვის სამინისტრო მუშაობს ყველა იმ ექიმის მობილიზაციასა და დატრენინგებაზე, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება გახდეს საჭირო, რომ ჩაერთოს კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი, რომ ექიმებმა დაიცვან ყველა ის მითითება, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან არის გაცემული და პაციენტთან მივიდნენ სრულად აღჭურვილები განსაზღვრული ნორმების დაცვით.

„მნიშვნელოვანია იმ არსებული მარაგების რაციონალური გამოყენება და რაციონალურ გამოყენებასთან ერთად, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ექიმებმა დაიცვან ყველა ის მითითება, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ეპიდემიოლოგების მხრიდან არის გაცემული და მნიშვნელოვანია, რომ ისინი პაციენტთან მივიდნენ სრულად აღჭურვილები იმ ნორმების დაცვით, რომელიც ნორმებიც არის განსაზღვრული.

რაც შეეხება ერთ-ერთ სამედიცინო პერსონალს, რომელიც არის დაინფიცირებული, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი დაინფიცირება არ მომხდარა მისი საექიმო საქმიანობის შესრულების დროს, არამედ ის დაინფიცირდა სხვა კლასტერიდან გამომდინარე. უბრალოდ დამთხვევა არის ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი არის ექიმი. ის ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა. ამიტომ, ეს ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იცოდეს ასევე ჩვენმა მაყურებელმა და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა ექიმებმა სამომავლოდ გაითვალისწინონ ყველა სარისკო პაციენტი, რომელიც მივა ცხელების კლინიკაში, მივა სტაციონარში და აღენიშნება გარკვეული სიმპტომი. ამ პაციენტებთან ისინი არიან ვალდებულები როგორც საკუთარი თავის წინაშე, ასევე პაციენტებთან მიმართებაში, რომ დაიცვან პირველ რიგში საკუთარი თავი.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექიმების რესურსი, ვინაიდან ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გვყავდეს პროფილის მიხედვით ბევრი ექიმი და რა თქმა უნდა, ბევრი პროფესიონალი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობის დაცვა, ისევე როგორც პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა შემდგომში“, – განაცხადა ტიკარაძემ.