05.თებერვალი .2020 16:00

მინისტრის თქმით, საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმებაზე ევროკავშირის ქვეყნებთან დიალოგი აქვთ

views 3504
უკან

„მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დასაქმებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო აგრძელებს სისტემური და სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას, რომელთა საბოლოო მიზანია, ქვეყანაში დასაქმების და შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.

მოსახლეობის დასაქმების უკეთესი ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ განახორციელა სისტემური ცვლილება და შექმნა დამოუკიდებელი, მხოლოდ დასაქმების ხელშეწყობაზე ორიენტირებული უწყება - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც მოქალაქეებს შესთავაზებს სრულ სერვისს სამუშაო ადგილების მოძიების, პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციის, პროფესიული უნარების შეფასების, განვითარებისა და სტაბილური დასაქმებისთვის.

სახელმწიფო ამავდროულად მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხზე. ამ შესაძლებლობის განვითარების მიზნით, ადამიანისა და შრომის უფლებების დაცვის უზრუნველყოფით, ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში მიმდინარეობს ინტენსიური დიალოგი ევროკავშირის წევრ და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან.

„კარგად მართული ცირკულარული შრომითი მიგრაცია ხელს შეუწყობს მიგრაციული ნაკადების რეგულირებას, არალეგალური დასაქმების შემცირებას და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. თუმცა, ჩვენს უპირველეს მიზნად რჩება ადგილობრივი შრომის ბაზრის განვითარება, ამიტომ მთავარი ამოცანაა საზღვარგარეთ დასაქმებულთა ცოდნა და უნარები კვლავ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდეს გამოცდილი კადრების სახით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა შრომის უსაფრთხოებაზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის სავალდებულო წესის ამოქმედება შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების მიზნით მკვეთრად წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ინციატივის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების შესახებ სასწავლო კურსი უკვე გაიარა 5000-მდე პირმა. ჩვენ ამით ხელი შევუწყვეთ არამხოლოდ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნას, არამედ გავაძლიერეთ დამსაქმებელთა სოციალური პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, შრომის ინსპექტორთა ფუნქცია არ არის მხოლოდ დამდგარი შემთხვევების შესწავლა, არამედ მათი უმთავრესი ამოცანაა უბედური შემთხვევების პრევენცია. აქედან გამომდინარე შრომის ინსპექტირების სტრატეგია მიმართულია არა მხოლოდ სანქციების დაწესებაზე, არამედ დამსაქმებლებთან პარტნიორულ ურთიერთობაზე.





მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა