07.ნოემბერი .2019 20:00

მინისტრობის 1 წელი და 4 თვე ანუ „ბატიაშვილმა რა ჰქმნა“

views 797
უკან

ზუსტად წელიწადი და 4 თვის თავზე ოცნების კიდევ ერთმა, რიგით მეხუთე, ოღონდ ამჯერად არა მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების, არამედ "განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის" მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მინისტრის პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს. ამასთან გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ „განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მოითხოვს.“ თავად ბატიაშვილმა კი განაცხადა, რომ მისი ძალისხმევა მომავალშიც განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

ბატიაშვილი ოცნების რიგით მეხუთე განათლების მინისტრი იყო, რომელიც მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 12 ივლისს წარადგინა. არაოფიციალურ საუბრებში სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სწორედ მიხეილ ბატიაშვილი იყო ის კადრი, ვისაც მასშტაბური რეფორმები უნდა განეხორციელებინა და ის მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, პოსტს რამდენიმე თვეში არ დატოვებდა. შესაბამისად, მისი მმართველობის პირობებში სისტემაში არსებული არათანმიმდევრული და არასტაბილური პროცესები დასრულდებოდა.

„ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყოველ წელს ახალი განათლების მინისტრის ტრადიცია, როგორც ჩანს, ისევ გრძელდება. რაც შეეხება უშუალოდ რეფორმებს, მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობისას უწყებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მართლაც მიიღეს.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მაინც მამუკა ბახტაძის პრემიერმინისტრობის დროს მიღებული გადაწყვეტილებაა, როცა გაცხადდა, რომ განათლების დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება, 2022 წელს კი მშპ-ს 6% იქნება. ამავე პრეზენტაციაზე შევიტყვეთ, რომ ყველა მომდევნო მთავრობას ექნება ვალდებულება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, „მიმართოს ახალგაზრდობაზე, მიმართოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე“.

ზოგადი განათლება

ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილება სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას უკავშირდებოდა. მის ავკარგიანობაზე ბევრი მოსაზრება არსებობდა, თავად სამინიტროში კი მიაჩნდათ, რომ არ შეიძლებოდა უწყებას მოსწავლეები მხოლოდ დამათავრებელ კლასებში გამოცდით შეეფასებინა. მათივე გეგმის მიხედვით, ზოგადი განათლების სისტემაში სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მოდელები უნდა დანერგილიყო, ამ პროცესში კი ლომის წვლილი გადამზადებულ პედაგოგებს ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უნდა ეთამაშათ.

ამ პოზიციით გამსჭვალულმა მინისტრმა 1 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს 700-მდე სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, 400-ზე მეტი სკოლა კი ინტერნეტით აღიჭურვა. ასევე აღნიშნა, რომ პროცესი მომდევნო წლებში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდებოდა, რაც ტექნოლოგიებისა და სწავლების ახლებური მიდგომების დანერგვას შეუწყობდა ხელს. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ბატიაშვილმა სექტემბერში დააანონსა, რომ ის უცხოელი პარტნიორების დახმარებით მომზადდებოდა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის დროს მიიღეს, ალბათ მაინც პედაგოგების შრომის ანაზღაურებაზე ზრუნვის დაწყებასა და სისტემიდან პენსიონერი პედაგოგების გაყვანას უკავშირდება.

ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ „ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი სისტემიდან“ 6 000-მდე საპენსიო ასაკის პედაგოგი გავიდა, რის ხარჯზე გამოთავისუფლებული ადგილები ერთი მხრივ, არსებული რესურსით და მეორე მხრივ, სკოლებში ახალი კადრების შესვლით ამოივსო. უფრო ზუსტად ამ გადაწყვეტილების შემდეგ სისტემაში მუშაობის დაწყების უფლება 1890-მა პედაგოგმა მოიპოვა. აქედან საჯარო სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე 1400 დასაქმდა, 490 კი არსებული რესურსის გადანაწილებით შეივსო.

მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით,ასევე, შემოდგომიდან პედაგოგების ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა, იგივე მოცულობის ზრდა კი 130 მლნით გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში 2020 წელსაც იგეგმება.

ასევე აღსანიშნავია, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანამანთლებლო კომპლექსი „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობაც, რომელსაც სწორედ ბატიაშვილის მინისტრობისას ჩაეყარა საფუძველი. სახელმწიფო შესყიდვაში კომპანია „დაგიმ“ გაიმარჯვა, რომელმაც პროექტის ღირებულებად ნაცვლად 23 მლნ-სა, 19 812 734 ლარი დაასახელა. პროექტის მიხედვით, ერთ სივრცეში თავმოყრილი იქნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ტექნოპარკი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, ხელოვნების სკოლა, სპორტული დარბაზები, საცხოვრებელი კამპუსი და ა.შ.

უმაღლესი განათლება

საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან ერთად შეიცვალა სავალდებულო მისაღები გამოცდების ჩამონათვალიც. ბატიაშვილის მმართველობის პირობებში მიღებული გადაწყვეტილების წყალობით, 2020 წლიდან აბიტურიენტებს უცო ენის, ქართული ენისა და ლიტერატურის ჩაბარება მოუწევთ, რაც შეეხება მესამე საგანს, ზოგადი უნარების ნაცვლად აბიტურიენტები მესამე საგნის გამოცდას პროფესიის მიხედვით აირჩევენ.

რეფორმის ფარგლებში უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი მომზადდა, რომლის დეტალური პრეზენტაცია ოქტომბრის ბოლოს უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც ჩანს, პრეზენტაცია დაგეგმილი საკადრო ცვლილებების გამო გადავადდა.

უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე წლის მიღწევებში ENQA-ს წევრობაც უნდა აღინიშნოს. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველო ევროკავშირის უმაღლესი განათლების წევრი გახდა.

პროფესიული განათლება

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ევროკავშირთან ერთობლივი მუშაობის შედეგად სულ ცოტა ხნის წინ პროექტი „დასაქმება, პროფესიული განათლება და გადამზადების“ მეორე ფაზის 5-წლიანი პროგრამა დაიწყო, რომლის ბიუჯეტი 48.85 მილიონი ევროა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით შესაბამისი უნარებისა და პროფესიული განათლების, სწავლების, მეწარმეობის დარგში არსებული მომსახურებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების თანხვედრას მათ შორის ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის. სამომავლო გეგმებზე საუბრისას ყოფილი მინისტრი აცხადებდა, რომ 2020 წელს 6 ახალი კოლეჯის მშენებლობა იყო დაგეგმილი. რეფორმის ფარგლებში უნდა გაზრდილიყო კოლეჯების პედაგოგების შრომის ანაზღაურებაც.

სკოლამდელი განათლება

ანაზღაურების ზრდას დაჰპირდა მინისტრი ბაღის პედაგოგებსაც. მისი მინისტრობისას გაკეთდა განცხადება იმის შესახებაც, რომ 2020 წლის მაისში საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგების სერთიფიცირება დაიწყებოდა, სისტემაში დარჩენილი კადრები კი გაზრდილი ანაზღაურებით ისარგებლებდნენ.

2020 წელს გაზრდილი ბიუჯეტით და დონორებისგან მოზიდული 600 მლნ ლარის დაფინასებით მინისტრი ბატიაშვილი სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას აანონსებდა მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებითაც.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 2012 წლიდან დღემდე განათლების მინისტრები იყვნენ გიორგი მარგველაშვილი, თამარ სანიკიძე, ალექსანდრე ჯეჯელავა, მიხეილ ჩხენკელი და მიხეილ ბატიაშვილი. ჩამოთვლილთაგან ყველზე დიდხანს 2013-დან 2016 წლამდე მინისტრის პოსტს თამარ სანიკიძე იკავებდა.