მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრს 5 წელიწადში ლარში ობლიგაციების გამოშვება სურს - "ამ კუთხით უკვე ძალიან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა"

6079492de55e9
ინგა მურუსიძე
16.04.21 12:20
594
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფიქრობს, რომ მომდევნო 5 წელი საკმარისი დროა, კარგად მოვემზადოთ და არა მხოლოდ დოლარში და ლონდონის საფონდო ბირჟაზე, არამედ საქართველოშიც, ლარში გამოვუშვათ ობლიგაციები. ამის შესახებ მან ფინანსთა სამინისტროს მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც ის ამბობს, საქართველომ $500 მლნ-ის სესხი აიღო, საპროცენტო განაკვეთი კი წინა შემთხვევასთან შედარებით, ბევრად დაბალია და 2.75%-ს შეადგენს. რაც შეეხება ევრობონდების ვადიანობას, ეს 5 წელია.

როგორც ლაშა ხუციშვილი განმარტავს, ობლიგაციების ვადასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კონსულტაცია გაიმართა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან, გუნდის წევრებთან და ბაზრის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა 5-წლიანი ევროობლიგაციების გამოშვება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეს სრულად თახვდენაშია ვალის მართვის სტრატეგიასთანაც, რომელიც ქვეყანას დამტკიცებული აქვს.

„ინვესტორებთან გამართული ათობით შეხვედრის დროს დადასტურდა, რომ ჩვენი სტრატეგია სწორია. ინვესტორების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა და კონკრეტული წინადადებებიც, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ არა მხოლოდ დოლარში გამოშვებული ევროობლიგაციები, არამედ ქართულ ბაზარზე გამოშვებული ლარის ობლიგაციები, რაც ქვეყნისთვის კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ, ამით პროცესი საერთოდ სხვა საფეხურზე ადის.

მომდევნო 5 წელიწადი საკმარისი დროა იმისთვის, რომ კარგად მოვემზადოთ და არა მხოლოდ დოლარში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, არამედ საქართველოშიც, ლარში გამოვუშვათ ობლიგაციები, რომელთაც უკვე წინასწარი მონაცემებით ნამდვილად ეყოლება უცხოელი ინვესტორების მხრიდან შემსყიდველები. ამ მიმართულებით ძალიან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა უკვე, წინადადებებიც გაჟღერდა და ამ სტრატეგიისთვისაც ეს 5-წლიანი ობლიგაციების გამოშვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.