24.თებერვალი .2022 20:15

მინუს 45% - რუსეთის საფონდო ბირჟამ დღეს რეკორდული ვარდნა განიცადა

მინუს 45% - რუსეთის საფონდო ბირჟამ დღეს რეკორდული ვარდნა განიცადა
views 1591
უკან

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყებას მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობა და აქციების ფასის რეკორდული ვარდნა მოჰყვა. ქვეყნის მთავარი - Moex-ის ინდექსი დღეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში 45.5%-ითაც იყო დაცემული, რაც ბირჟის ისტორიაში მაქსიმალური ვარდნაა.

ბოლო რამდენიმე საათია ბირჟაზე შედარებითი გაუმჯობესებაა, თუმცა მაინც ამჟამად Moex-ის ინდექსი გახსნის პერიოდში არსებულ ფასთან შედარებით 34%-ით არის შემცირებული. შედეგად, რუსეთის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია 200 მილიარდ დოლარზე მეტად შემცირდა.

Gazprom-ის აქციები დღეს 38%-ით; Lukoil-ის 34%-ით; Yandex-ის 44%-ით; Magnit-ის 35%-ით; Sberbank-ის 48%-ით დაეცა.

აქამდე, რუსული ბირჟის ერთდღიანი პიკური ვარდნა მინუს 20% იყო, რაც 1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის დროს მოხდა.

გაუფასურდა რუსული რუბლი, დოლარის საფასური, რაც გუშინ 80-მდე იყო, დილით 87 რუბლამდე გაიზარდა.

მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, რომელიც აცხადებს, რომ საბანკო სექტორს დამატებით ლიკვიდურ აქტივებს მიაწვდის, სავალუტო ბირჟაზე კი მსხვილ ინტერვენციებს განახორციელებს.

“ფინანსურ ბაზარზე ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დაეწყო ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე, ასევე განახორციელა ოპერაციები საბანკო სექტორისთვის დამატებითი ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად,”- აცხადებს რუსეთის ცენტრალური ბანკი.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მილიარდი დოლარის ინტერვენციები დახარჯა რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დღეს.

დღეს დილით რუსეთმა უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო. რუსულმა ჯარებმა უკრაინის საზღვარი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გადაკვეთეს, პარალელურად, რუსული ავიაცია ახორციელებდა საჰაერო დარტყმებს მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართულებით. საჯარისო მოქმედებების დაწყებას უკრაინის პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება და საჰაერო სივრცის დახურვა მოყვა. შემდგომ, ბრიფინგზე ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ კავშირს გაწყვეტს.

აშშ, ევროკავშირი და დიდი შვიდეული რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.