მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მირანდა მანჯგალაძე: ქსელური მაღაზიების სექტორის განვითარებას კრიზისი არ დატყობია

5fad652f4b138
თათია კაკიაშვილი
12.11.20 22:00
1454
„კოვიდის მიუხედავად, ნეგატიური ცვლილებები არ შეიმჩნევა ქსელური მაღაზიების დასაქმების სექტორში“, - ამის შესახებ BMG-ს საქართველოს რითეილ ასოციაციის თავმჯდომარემ, მირანდა მანჯგალაძემ განუცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ე.წ. რითეილ სექტორში ხშირად ვაკანტურია მაღაზიის მოლარე-კონსულტანტებისა და დიასახლისების პოზიციაც და სექტორს ჩვენს ქვეყანაში, მთლიანობაში 30 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. რითეილ ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, პანდემიის მიუხედავად, ქსელური მაღაზიების სექტორის განვითარებას კრიზისი არ დატყობია.

„კოვიდის მიუხედავად, განვითარების ტემპს კრიზისი დიდად არ შეეტყო და, შესაბამისად, ნეგატიური ცვლილებები არ შეიმჩნევა ჩვენთან დასაქმების სექტორში. ჩვენ მუდმივად ვეძებთ კვალიფიციურ თანამშრომლებს. ასევე, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ვითარდება ორგანიზებული ბაზარიც, ანუ ქსელური სასურსათო მაღაზიები, შესაბამისად, ოპერირებისთვის ჩვენ მუდმივად ვეძებთ კადრებს და ვასაქმებთ ადამიანებს. ეს პოზიციებია: მაღაზიის კონსულტანტი, ადმინისტრატორი, მენეჯერი, თუმცა, განვითარების ჩქარი ტემპიდან გამომდინარე, ძალიან სწრაფია კადრების დაწინაურების ეტაპებიც“, - განაცხადა BMG-ისთან მირანდა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე სასურსათო მაღაზიებში და, ზოგადად, რითეილ სექტორში დასაქმებულებს კარიერულ განვითარებას ჰპირდება - საწყისი პოზიციებია: მაღაზიის კონსულტანტი, ადმინისტრატორი, მენეჯერი; ხოლო მომდევნო საფეხურზე კვალიფიციურ კადრებს კატეგორიის სფეროში, კომერციასა და სხვა მომიჯნავე სპეციალობებზე შეეძლებათ დაწინაურება.

ამას გარდა, ჩამოთვლილ პოზიციებზე ნახევარი განაკვეთით მუშაობა სტუდენტებისთვის და სხვა სპეციალობის პირებისთვისაც შესაძლებელია. თუმცა, როგორც ე.წ. მოთხოვნადი პროფესიების სექტორში ამბობენ, ხშირად ხდება ისეც, რომ კადრები საკუთარ პროფესიას თმობენ და ამ სექტორებში სრული განაკვეთით რჩებიან.