მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მირცხულავა: 2023-დან EU-ში იმპორტზე ნახშირბადის გადასახადი ამოქმედდება, ეს საქართველოს დიდ შანსს აძლევს

606ec97aa4d61
BM.GE
08.04.21 13:47
4000
2023 წლიდან ევროკავშირში ნახშირბადის გადასახადი ამოქმედდება, რომელიც ევროპარლამენტის მიერ განსაზღვრული ახალი წესების შესაბამისად სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაზე დამატებით მოსაკრებელს დააწესებს, რაც პროდუქციის წარმოების დროს გაფრქვეული ნახშირბადის მოცულობაზე იქნება დაკავშირებული. ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა წერს, რომ ევროკავშირში ამ პოლიტიკის შემოღების ფონზე საქართველომ აქცენტი სწორედ განახლებად ენერგეტიკაზე უნდა გააკეთოს. ამით ქვეყნის წარმოება რეგიონში დამატებით კონკურენტუნარიანობას შეიძენს და დაბალი კარბოემისიის ფონზე მრეწველობაში ახალ ინვესტიციებსაც მოიზიდავს.

დავით მირცხულავა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ამის მიუხედავად, საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მოწინააღმდეგეები მთავრობას ჰესების ნაცვლად აქცენტის დიდ თბოსადგურებზე გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ეს კი მირცხულავას თქმით, პირიქით საქართველოსთვის საზიანო იქნება, რადგან ამ შემთხვევაში კარბოემისიები გაიზრდება და ევროკავშირის ახალი საგადასახადო პოლიტიკის ფონზე ქართული წარმოება კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო მეტად დაკარგავს.

“ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე მოძრაობა „არა ჰესების“ კიდევ ერთი მხარდამჭერის წერილი, რომელიც ქვეყანას, ქართულ ენერგეტიკას სთავაზობს აზერბაიჯანული “უფასო გაზით, რომელიც გვერგება “(ეს ტრანზიტის გადასახადია და ბუნებრივია უფასო არ არის) გამოყენებით, დამატებითი თბოსადგურების მშენებლობას ჯერ 800 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზით 4 მილიარდი კვტსთ ენერგიის მიღებას, შემდეგ თანდათანობით 1,5 მილიარდი მ3 გაზის დაწვას თბოსადგურებში და ასე ქვეყნის მომავალი ელექტროენერგიის დეფიციტის დაფარვას და შედეგად ქვეყანაში „გიგანტური“ და საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობის თემის „დასრულებას“ და გადასვლას თბოგენერაციაზე.

მართლა საოცარია მთელი მსოფლიო საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს და სხვა გადასვლას აპირებს. მრავალ ქვეყანაში უკვე აქტიურ პროცესშია „მე 4 ენერგეტიკულ გადასვლა“(Energy transition), რომელიც ნიშნავს თანდათანობით უარს წიაღისეულ საწვავზე, ჩვენ კი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას გვთავაზობენ თუ „გვაიძულებენ“. ვთვლიდი, ვიცი (და ვიცნობ), რომ ჩვენ ქვეყანას ჰყავს კვალიფიციური გარემოს დამცველებიც, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ის, რაზეც ეხლა მინდა ვისაუბრო.

„არა ჰესების „ ექსპერტებმა და მხარდამჭერებმა კი ეჭვი მეპარება, რომ ეს იცოდნენ.

ვფიქრობ, მეტნაკლებად განათლებულმა და კვალიფიციურმა გარემოს დამცველმა იცოდეს, რომ ორ წელიწადზე ნაკლებში, 2023 წლიდან ევროკავშირს შემოაქვს იმპორტირებულ ნებისმიერ პროდუქციაზე ნახშირბადური გადასახადი (ნახშირბადური კვალი).

ეს კი ნიშნავს: თუ პროდუქცია დამზადებული იქნება იმ ელექტროენერგის გამოყენებით, რომელიც გენერირებულია ნახშირის ან გაზის თბოსადგურზე, ამ პროდუქციაზე გადასახდელი იქნება ნახშირბადური გადასახადი. აღსანიშნავია, რომ ეს გადასახადი არ შევა კონკრეტული ქვეყნის ბიუჯეტში, არამედ გადაირიცხება სპეციალურ გლობალურ ფონდში და მისი გახარჯვა მოხდება სპეციალურ კლიმატურ პროგრამებზე. ბუნებრივია შემოღებული გადასახადი ძალიან გაზრდის ნებისმიერი პროდუქციის თვთღირებულებას და როგორც უწოდებენ „ჭუჭყიანი“ ელექტროენერგიის საშუალებით დამზადებული პროდუქცია იქნება გაცილებით ძვირი და მას გაუჭირდება და საერთოდ შეუძლებელი გახდება ბაზარზე კონკურენცია.

ეს გადასახადი შეეხება ნებისმიერ პროდუქტს: არის ეს ტანსაცმელი, ქიმიური პროდუქცია, ფეროშენადნობი, აზოტოვანი სასუქი თუ ფოლადი და ასე შემდეგ. ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქტი მაღალი "ნახშირბადის კვალით", მაგალითად, ნავთობის, გაზის, ლითონების, ცემენტის, სასუქის და ასე შემდეგ.

მათთვის განისაზღვრული იქნება სათბური გაზის ემისიების ლიმიტი. თუ ისინი გადააჭარბებენ ამ ლიმიტებს, ექსპორტიორი აუცილებლად გადაიხდის გადასახადს. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს გლობალური ბაზრების გადახედვას, ქვეყნები, ვისაც ამის შესაძლებლობები აქვთ დაიწყეს (დაიწყებენ) სწორედ ”სუფთა მწვანე ენერგიით“ დამზადებული პროდუქციით, ახალი ნიშის ძებნას ამ ბაზრებზე. მსოფლიოში უამრავი ქარხანა და მისი მფლობელი შეეცდება და უკვე ცდილობს შეარჩიოს თავისი წარმოებისათვის ისეთი ადგილმდებარეობა, სადაც ექნება განახლებადი ენერგიით მიღებულ ელექტროენერგიაზე წვდომა და ეს პროცესი უკვე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ კი ჰესების მაგიერ “გარემოს დამცველები” მასშტაბურ თბოსადგურებს გვთავაზობენ!

რეგიონის ქვეყნებთან შედარებით (აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი) საქართველოში დამზადებულ, პროდუქციას ნახშირბადური კვალი ექნება გაცილებით ნაკლები, რადგან ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ენერგეტიკა მეტადაა დამოკიდებული გაზის, ნახშირის გენერაციაზე. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს რეალურად გააჩნია აშკარა, დიდი სასტარტო უპირატესობა და დიდი შანსი ზემოთ ჩამოთვლილ მეზობლებთან შედარებით მაქსიმალურად გამოიყენეოს ეს წინაპირობები, რადგან ჩვენი გენერაციის თითქმის 80% მოდის სწორედ განახლებად ენერგიაზე, ჰიდროსადგურებზე და ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ქარის სადგურზე.

ნახშირბადური გადასახადის შემოღებით გაჩენილი ახალი რეალობის გათვალისწინებით და თავისი ბუნებრივი პოტენციალური ენერგეტიკული რესურსებით, საქართველოს აქვს უდიდესი პერსპექტივა მდგრადი განვითრების პრინციპების გათვალისწინებით განახლებადი ენერგიის რესურსის ათვისების შემთხვევაში მიაღწიოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, სიღარიბის დაძლევას, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას. ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ხაზი გაუსვა: ენერგეტიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა დღეს არის, არა ენერგიის წყაროების ეკონომიკური მიმზიდველობა, არამედ “ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან“.

აქ მინდა მაგალითიც მოვიყვანო და რამდენიმე სიტყვა ვთქვა ნორვეგიაზე, ქვეყანაზე, რომელსაც უდიდესი მარაგები აქვს ნავთობის, ბუნებრივი გაზის და მაქსიმალურად ცდილობს ეს რესურსი ქვეყნის შიგნით მინიმალურად გამოიყენს და მისი მთელი ენერგიის გენერაცია განახლებადი ენერგიის წყაროებს უკავშირდება და პირველ რიგში რა თქმა უნდა ჰიდროენერგეტიკას. ნორვეგიაში გენერირებული 149 მილიარდი კვტსთ დან 143 მილიარდი კვტსთ მოდის ჰიდროენერგეტიკაზე. შედარებისთვის ჩვენი ჰიდროგენერაცია 9 მილიარდი კილოვატ საათი ძალიან მორიდებულად გამოიყურება.

ამ ბოლო დროს სწორედ ნახშირბადური გადასახადი შემოღებასთან დაკავშირებით, ნორვეგიაში ხაზს უსვავენ ჰიდროენერგეტიკის კიდევ ერთ უპირატესობას - მის კლიმატურ ნეიტრალურობას. ნორვეგიის სამეფოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი ჰიდროელექტროსადგურების როლი 21 ე საუკუნეში გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გეგმები ეტაპობრივად უარი თქვან წიაღისეული ენერგიის გამოყენებაზე ელექტროენერგიის მისაღებად, გაცილებით უზრდის პერსპექტივებს ნორვეგიულ ჰიდროენერგეტიკას რეგიონში. მაგალითად, შვედეთსა და ფინეთში, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება ნორვეგიის ჰიდროელექტროსადგურის პოტენციალის გამოყენების წილი. ჰიდროგენერაციის ზრდა კი ხელს უწყობს ეკონომიკის მასთან დაკავშირებულ სექტორებს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას,”- წერს ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა.